კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი/ლიტერატურული პრემია „ანა“ გამოაცხადა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება, ყოველწლიურია და მისი ძირითადი მიზანი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისებაა. ამასთან, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისათვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.
საგულისხმოა, რომ კულტურის სამინისტროს მიერ კონკურსი ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად 2022 წელს დაარსდა და პირველად ამავე წელს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიის წევრები იყვნენ: ლაშა თაბუკაშვილი, სოსო ჭუმბურიძე, ანდრო ბუაჩიძე, თემურ ჩალაბაშვილი და გია მურღულია. მათ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინეს და ლიტერატურული პრემია „ანა“ გადაეცათ:
• მარიამ ძიძიგურს (წიკლაური) ნომინაციაში „ქალი პოეტი“, კრებულისთვის „რისკჯგუფი“;
• ნორა სიხარულიძეს ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“, წიგნისთვის „სარკმელი“;
• თამარ ლომიძეს ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“, აირის მერდოკის რომანისთვის „ზღვა, ზღვა“ (გამომცემლობა „დიოგენე“).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. საკონკურსოდ განიხილება პრემიის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
● „ქალი პროზაიკოსი“ - საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;
● „ქალი პოეტი“ - საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
● „ქალი მთარგმნელი“ - საუკეთესო თარგმანისთვის;
● „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“.
თითოეულ ნომინაციაში პრემია 5 000 ლარს შეადგენს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის.
პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა, ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, მინისტრის მიერ ყოველწლიურად შეიქმნება ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია, ხუთი წევრის შემადგენლობით.
წელს საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 26 ივლისიდან 10 სექტემბერს 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge -ელექტრონულად.
კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 032 2 022229, მობ.: 599877816 .
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში.
საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://cutt.ly/FwaE55d6
No comments:
Post a Comment