ქვემოთ წაიკითხავთ მის ლექსებს.
მზის ქვეყანავ
ერთგულებას თითქმის ყველა გეფიცება,
ყანწით,
პრესით
და ბიბლიით ხელში,
თუ დასჭირდა რწმენით შვიდჯერ შეიცვლება-
ოღონდ რამეს კბილი გაჰკრას შენში....
არ თაკილობს ღმერთთან თავის შედარებას,
ჩვენც, ბრიყვ თავებს
მის წინ კრძალვით ვიხრით,
დიდ პორტფელს და
თბილ სავარძელს ეტანება -
მგლის მადით და ერისკაცის ნიღბით...
სამაჩაბლოს ხშირად ხმარობს,
როგორც მარილს,
აფხაზეთიც დიდად სტკივა თითქოს,
ღმერთმა ქნას,
რომ ათას კაცში ათი მაინც
ჭეშმარიტი ერისკაცი იყოს.
მზის ქვეყანავ,
დღეს დიდ ღამედ გადამდნარი,
მტრის ჯინაზე მაინც დგახარ მყარად,
...ვეფხვის ტყავად გადაშლილი მთა და ბარი,
მეჩვენება
დღეს შაგრენის
ტყავად....
ვახტანგური
„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა“
ხალხური
ხელის გულის სიფართემდე ხმალი ჰქონდა,
ფუთიან ხმალს წვერი ჰქონდა წამახული,
შვიდმტკავლიანს უწოდებდა თვითონ გორდას,
ჩვენ დავარქვით -ვახტანგური.
მტერზე მისი მგლურად მისვლა ჰგავდა გრიგალს,
მტრისთვის მისი სიახლოვე გახდა კრული,
მტრის გათელვას, მტერზე მოსვლას დაურიდალს
ადრე ერქვა- გადათელვა ვახტანგური.
მგლისთავიან მუზარადით მტერს ზარავდა,
კუშტად ჰქონდა წარბი წარბზე გადაბმული,
მისი ხაფი ბრძოლის გნიასს დაჰფარავდა,
რიხით ბრძოლა, იყო ბრძოლა ვახტანგური.
თავის სპასთან მოილხენდა გოლიათი,
ყანწით, თასით- ინდურით, თუ ხატაურით,
ღვინოს სვამდა მეფე, როგორც ტოლი მათი,
ლხინი იყო ვახტანგური.
ჯიხვიან მკლავს ჩაუწნავდა მკლავში მოძმეს,
იყო ძმურად სიყვარულში გახსნა გულის,
დაასწრებდა ღვინის მოცლას, მერე კოცნას,
ამ სმას ერქვა- ვახტანგური.
მარილს მუშტით წააყრიდა ხარის ბეჭზე,
ქეიფობდა, იცლებოდა ჩაფიც, ქვევრიც,
მერე ბეჭის სუფთა ძვალზე ერის სვე-ბედს
კითხულობდა ჩაფიქრებით.....
თბილის-ქალაქს დღესაც მისი მადლი მოსავს,
როს დალოცა, დაანათლა უკვდავება,
და უფლის წინ, უფლის ნებით თქმული ლოცვა-
მოსეულ მტერს ახლაც მედგრად უმკლავდება....
...დღეს ყველაფრის გახსენება გახდა რთული,
დაბოღმილნი ერთურთს ვზვერავთ ახლა მტრულად,
ყველაფერი დავივიწყეთ ვახტანგური,
და ხანდახან ღვინოსღა ვსვამთ ვახტანგურად....
გევედრები
რუსთაველის მიმსგავსებულს შენ ვერ დასწერ,
თუნდ მომართო დღეში შვიდჯერ ნაზად ქნარი,
ვერ შეიძლებ, გაუტოლდე, გეტყვი ასჯერ,
შენც ხომ იცი, შენი ტვინის გასაქანი....
არსაკიძე თვითონ ღმერთთან საუბრობდა,
და დიდოსტატს თვით უფალი ჰყავდა შემწედ,
სწორუპოვარს დღემდე ვერვინ გაუტოლდა,
სვეტიცხოვლის აშენებას შენც ვერ შესძლებ....
ვერც გელათს და ვერც იყალთოს თუ ვერ აგებ,
და ის ვერ ხარ, ვინც მამული ასახელა,
ვერ აშენებ? გეხვეწები, ნურც დაანგრევ,
შოთას წიგნსაც ხელს ნუ ახლებ დასახევად.
ბედმა ასე დაგანათლა, რომ ვერ აგებ,
თუ არ ანგრევ, - ესეც დიდი საქმე არი,
მე ვიქნები შენი „ღვაწლის მოამაგე“,
მე ვიქნები შენი ნაღდი მაქებარი.
ოღონდ გულში ნუ გაივლებ მძიმე სასჯელს,
ჰეროსტატეს ახალ აჩრდილს ნუ ედრები,
გევედრები ხელს ნუ ახლებ შოთას ნაწერს,
სვეტიცხოველს ნუ დაანგრევ, გევედრები.
ქალი ქარში
(სალაღობო)
ეჰ, რა ვუთხრა ქარის მომგონს,
ხეებს დაბლა აწვენდა,
დასწეოდა ქარი გოგოს
მუხებთან და ნაძვებთან...
ქარისგან და ხეებისგან
იდგა ერთი ხორხოცი,
ავკაცობა ქარისა და
წიოკობა გოგოსი...
ვჭვრეტდი ბრძოლას ლამაზ ქალთან
ჩემი გულის გასართობს,
გოგო კივილს თან ატანდა
ღიმილს უმისამართოს....
კაბის მეტს და მუხლების მეტს
ვეღარაფერს ხედავდა,
ცალი ხელით უბეს იჭერს,
ცალი ხელით ქვედატანს.
ქარისათვის იყო წამის
მირბენა და მორბენა,
მორცხვი გოგო ლამის, ლამის
გაა-დედი-შობილა....
ქარი ქალთან უხეშობდა,
წინ და უკან ურბენდა,
ღლაბუცობდა მუხლებში და
ფათურობდა უბესთან.
კაბას ხდიდა მუხლებიდან
მუხლებშუა ჩაკეცილს,
ხარხარებდნენ მუხები და
კისკისებდნენ ნაძვები.
თმის სამაგრი, წიგნი, ჩანთა
აქეთ-იქით ეყარა,
რაც ქარმა ქნა -
მე რომ მექნა,
შემიყრიდა ქვეყანას.
წინაპარს
გქონდა მწუხარების დიდი ოკეანე,
რა მცირე-სიხარულის ნაკადული
მამული ჩემამდე მოიტანე-
ხმლებით და შუბებით დახატული.
გიყვარდა ყველა და ყველაფერი
ორგულისა და მტრის გარდა,
მტევანი ლალისფრად ნაფერი
და ვეფხვის ტყავები გიყვარდა.
იცოდი კანონი ცისაც და მიწისაც,
სამშობლოს ტაძარში კელაპტრად იწვოდი,
სიკვდილი რომ სჯობდა სირცხვილსა-
ხუთი თითივით იცოდი.
და მამულს უმდიდრესს
განძით და სინდისით,
უვლიდი გუთნით და სატევრით-
და ერთი ლამაზი დილისთვის
ცხრა ღამეს ხმლით ხელში ათევდი.
ქარს ეფარებოდი,
ის ქროდა საითაც,
კერის ცეცხლს ქარი ვერ აქრობდა,
ოქრო არ გინახავს იქნება თვალითაც-
შენ ოქრო მაგ მკერდით დაგქონდა....
და გქონდა მწუხარების დიდი ოკეანე,
რა მცირე სიხარულის ნაკადული,
მამული ჩემამდე მოიტანე-
ხმლებით და შუბებით დახატული.
ვის ვუტოვებთ
საქართველო ჩვენს სიბრიყვეს ეწირება,
გვეძირება შუა წყალში ტივი,
ვიღაც სულელს გულიანად ეცინება,
მე კი ამ დროს გულამოსკვნით ვტირი....
აფხაზეთი გვეკარგება თითებსშუა
სამაჩაბლოს მავთულხლართი ახრჩობს,
თბილისი კი ამ ტკივილებს ითმენს ჩუმად
და აგროვებს სახვალიო სარჩოს.....
თამარ მეფის აშენებულ თამარაშენს
ჯაყოს ბიჭი ანგრევს, სპობს და გვპარავს,
ჩვენ მამულის სიყვარული გადაგვარჩენს,
ერთმანეთის სიძულვილი- არა!
ვის ვუტოვებთ ლეგენდებით სავსე მთა-ბარს,
მშობლის რწმენა ჩვენს შვილს როგორ ჰქონდეს,
იქ რას ვეტყვით დავითსა და მეფე თამარს,
იქ რას ვეტყვით რისხვადქცეულ ცოტნეს?!....
დავწანწალებ ქუჩა-ქუჩა, უბან- უბან,
და ვედები აღმა-დაღმა ტყე-ღრეს,
იქნებ სადმე შევეფეთო მამა-უფალს,
იქნებ სადმე ქრისტე - ღმერთი შემხვდეს!...
...........................................................................
მამული კი ჩვენს სიბრიყვეს ეწირება,
და გვეშლება სატივეზე ტივი,
ვიღაც სულელს გულიანად ეცინება,
მე კი ამ დროს გულამოსკვნით ვტირი....
მაგრამ მაინც ვეძებთ
დავიწყებულ სიყმაწვილეს ვეძებთ
მინდორ- მინდორ, ეზო- ეზო, გზა- გზა,
ვხეტიალობთ მონატრებულ გზებზე-
ვატყობთ მართლა აგვრევია თავგზა....
ნეტავ, სადმე მაპოვნინა ისევ
კაუჩუკის გაჩორკნილი ბურთი,
სადღა არის ძველი სიხალისე-
და ტუჩები მოთხუპნული თუთით....
წლები გადის და დღეს უკვე ვხვდებით
და მუდმივი ტკივილებით გვავსებს,
დაფანტულა მშობლიური ხმები-
დაკარგულა ყრმობის სილამაზე.
ასეთია წესი წუთისოფლის,
ვატყობთ უკვე უწარსულოდ ვერ ვძლებთ,
.....და ჩვენს თმებზე მოფერებას მშობლის -
ვერ ვიპოვით, მაგრამ მაინც ვეძებთ....
ა. გოდერძიშვილი
No comments:
Post a Comment