Friday, July 28, 2023

ვის მუზა მოსწონს - ვის მურზა! (საკვირაო ხუმრობა)ავტ. მარი ჟღენტი

 მარი ჟღენტი

მოდერატორი
მოწინავე თანაავტორი
ბრავო!
თქვენი ნებართვით, ბატონი ელგუჯას იუმორულ ტონს ავყვები. რატომაც არა?
ვის მუზა მოსწონს - ვის მურზა!
(საკვირაო ხუმრობა)
ქარიშხალი ხარ შუშპარი, სიტყვის ვით უძლებ ამ წვიმას?
მომსვლოდა შენი უსტარი... ჩავიკერებდი ყაწიმად!
დრო და დრო წავიკითხავდი, შენს საიდუმლოს თავნებას,
სულს სულ ერთ ლექსად მოგყიდდი, გულის პარკუჭებს თავნ-ებად.
მინდა, რომ სხვებიც გხედავდნენ, გადაიცილე ეგ ფარდა,
სულ ტაეპს უნდა ხედნავდე?
ვერავინ გხედავს ჩემ გარდა!
ლექსებს მასრებად ატარებ, მეხთა ცეცხლს ხმარობ გილზებად,
რიტმის წკრიალით მახარებს აზრების აგიზგიზება...
ვინ მისცათ კაცებს უფლება, ჩამოგხსნან რითმის თარჩია,
ადგნენ, ტუნიკა ჩაგაცვან, მოგავლონ ნისლის არშია,
გამოაცხადონ: ქალი ხარ!
ვით გარგონ ქალის წინდებმა?
ანდა, ვინ თქვა, რომ დიაცი - დიაცთან დაიწინდება?
„მუზა“ ის არის, ვინც გიყმო და ცათა ცამდე აგწია,
გული სტროფებად დაგიყო, ძარღვებში შემოაღწია,
მერე, ვით მოყმემ, ქედიდან ფრთიან პეგასსაც უზრახა...
ამირანს გავხარ!
ცამცუმსაც...
და ამიტომაც - მურზა ხარ!
ვინც უნდა იყო, კარგი ხარ, იმ მხარეს ხარ თუ ამ მხარეს,
ყურში სიტყვაც რომ არ მითხრა, ფურცლებზე ელვა ხარხარებს!
მურზა ქართველი არ არის?
რამდენი გვყავდა მურზაყან!
ხელში ფარით და ფანქარით ნანინანატრი „მუზა“ ხარ!
მე ათასნაირ გვარ-სახით, ასჯერ ათასჯერ მინახავს,
ზეცით კურთხეულ კალამში ჰეფესტოს ქუხილს ინახავ.
ფიქრნი ფსკერს მოსწყდნენ, ვით ღუზა,
შემომესივნენ რწყილებად...
ვის მუზა სტუმრობს, ვის მურზა - არცერთი არ მეწყინება!
***
ამადაც ჯიქურ გითხარი, წყალობა კვლავ რომ მაწვიმე,
გამომიგზავნე უსტარი... დავიმშვენებდი ყაწიმებს! ❤



No comments:

Post a Comment