Saturday, July 29, 2023

ჩემი მეუღლის - დავით ჭელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით

 დღეს გავრცელებული ვერსიით ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა, ასევე ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ნოდარ დუმბაძის, გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ამ დღეს დაიბადა ჩემი მეუღლეც - დავით ჭელიძე, რადგან გურული და ენაკვიმატია, ხშირ-ხშირად გვახსენებს: ვაჟა და ქაქუცა მთაწმინდაზე არიან, რა იცით, რა იყოსო... ნოდარ დუმბაძე კი მისი კუთხის შვილია.

იგი დაიბადა ავთანდილ (ავთო) ჭელიძის და ქეთევან ტყეშელაშვილის ოჯახში. მისი უფროსი ძმა ოთხი თვის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, მაშინ ჩემმა მამამთილმა (საიდუმლო გამანდო) ღმერთს სთხოვა ტყუპი შვილი. თქვენ წარმოიდგინთ, ეს სურვილი აუხდა და მართლაც ტყუპი ვაჟიშვილი ეყოლა: ანდრო და დავითი. ისინი პლეხანოვზე ( ახლანდელ აღმაშენებლის გამზირზე) გაიზარდნენ. ჩემს მამამთილს და მის დას -იდა ჭელიძეს, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ენტომოლოგი იყო, არაჩვეულებრივი მეგობრები ჰყავდათ, მაშინ ცნობილი ადამიანები: ზაურ გომართელი, თენგიზ ნათაძე, გიორგი ცაბაძე, შალვა ანდრიაძე, შოთა იამანიძე, ალიკო მელაძე, ნოდარ წულეისკირი, გურამ ცინცაძე, ელგუჯა ჯაში, რეზო ურუშაძე, ნათელა კაშია, ეთერ ყოჩიშვილი, თემო ნაცვლიშვილი, ვაჟა ფაჩულია, ვახტანგ ჭელიძე, რომელიც ოჯახის უახლოესი ნათესავი გახლდათ. მათ ოჯახში მუდმივად იყო სტუმრიანობა. ასეთ გარემოში გაზრდილი ძმები დიდი განათლებით, იუმორის გრძნობით, ნიჭიერებით გამოირჩეოდნენ. მუდმივად სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდნენ.
ჩემი მაზლი რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. ნათელში იყოს, იქ ვულოცავ დაბადების დღეს!
ჩემი მეუღლე, დავით ჭელიძე, გახლავთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უამრავი (მათ შორის, ორმოცდაორი გამოქვეყნებული) სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მან საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვში დაიცვა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ცოდნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაიღრმავა: საბერძნეთში ათენის ეროვნულ ბანკში, ავსტრიაში ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში, ინგლისში ოქსფორდის ენერგეტიკის კოლეჯში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, ეწეოდა კანონშემოქმედებით საქმიანობას, შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროში, იყო ქვემო ქართლის საგადასახადო შემოწმებების სამმართველოს უფროსი, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წამყვანი თანამშრომელი და ა. შ. ლექციებს კითხულობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გურამ თავართქილაძის სახ. ინსიტუტში, ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში, სადაც დღემდე აგრძელებს საქმიანობას. დღეს იგი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელია, მრავალ პროექტებში იღებს მონაწილეობას. კონსულტაციისთვის იწვვენ უცხოელებიც.
მიღებული აქვს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. სამშობლოზე უაღრესად შეყვარებულს, სიცოცხლეც არ დანანებია თავისი ქვეყნისათვის.
რომ იტყვიან, მთავარი განათლება არ არის, მთავარი ადამიანობაა. დათო ხალასი და კეთილი ადამიანია, ამიტომ უყვართ და აფასებენ გარშემომყოფები. თვითონ არ შეჭამს და უკანასკნელ ლუკმას სხვას მისცემს. ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი ამყოფოს ოჯახის და სამშობლოს საკეთილდღეოდ.
მე კი მადლობას ვუხდი არაჩვეულებრივი შვილებისთვის. რომლებიც მან მაჩუქა. ღმერთი იყოს მათი მფარველი. ლექსიც მივუძღვენი ჩემს შვილებს:
შვილებს!
ღმერთო, მიწად მომავლინე,
და დედობა შვილთა მანდე,
და თუნდ ბევრი დრო გავიდეს,
როგორა ვთქვა, დავიღალე!
ირმისაა ჩემი შვილი,
მოხატული შუბლით, თვალით,
გამოზრდილი თაფლით, ილით,
მეორე - ტყის შვილი დალი.
მესამე კი ავთანდილი,
ზნემაღალი, დინჯი, ზმული,
არ ზარდება ემსახუროს
მეგობრობას წრფელი გულით.
და სამივეს აწოვებდა
მთის ირემი თავის ძუძუს,
და უკმევდა ფიჩხის ცეცხლით
დიდი პაპა სანთელ-გუნდრუკს.
შეისისხლეს, შეიხორცეს
სიტყვა, თქმული შაირ-ლექსად,
დიდი შოთას ეპისტოლე,
აკაკი და ვაჟა ერთად.
ღმერთო, მიწად მომავლინე
და დედობა სამთა მანდე,
მზიან გულში ჩამახედე,
როგორა ვთქვა, დავიღალე!.
მაია დიაკონიძე
14.07. 2023 წელი
ყველა რეაქცია:
მარი ჟღენტი, Sofio Chelidze და 97 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment