Monday, July 3, 2023

ავტ. ბაღათერ არაბული

 რისთვის ხმაურობ, მდინარის წყალო,

ან ჩქერალებით რისთვის ირთვები?
მაგ სილამაზის დღეებიც წავლენ,
შენც ჩახვალ ბარში და დამშვიდდები...
თავკომბალებით და ბაყაყებით
ამოივსება შენი ნაპირიც,
ან გაილევი, ან დამყაყდები,
ან ზღვა ჩაგყლაპავს გველეშაპივით...
და დაინთქმება შენი ჩქერების
ხმა და გუგუნი მთების მზარავი,
რადგან ბოლომდე ბედნიერება
ჯერ არ რგებია ქვეყნად არავის.
* * *
ლამპიონების ცივი თვალებით
თავისკენ გითრევს, როგორც მორევი,
ქალაქი, სავსე იდუმალებით,
ქალაქი, სავსე უცხო ჭორებით...
შენ კი ოცნებით სხვა მხარეს ელტვი,
როცა ჩაუვლი ქუჩებს, აივნებს
და შურთ მინდვრების ყვავილის ბედი
მაგ ჭრელ კაბაზე ნაქარგ ყვავილებს...
* * *
ლამპიონების გრძელი დერეფნით
ჩვენ ქალაქიდან გავყავდით გამზირს
და მონატრული ცა გათენების
იქ მიგველოდა სხვა სილამაზით...
ხოლო ქალაქი მაღალ სახლებით
დასახლებული იყო მინდორი,
მან არ იცოდა ჩვენი სახელი,
სულერთი იყო, სად წავიდოდით...
იგი ბორგავდა და ბრჭყვიალებდა
და ნებიერი, როგორც მორევი,
რომ ჩაეთრია, ახლა გარედან,
სხვებს მოუხმობდა განმეორებით...
იდგა ამაყად, სევდით ულევით,
გაუმხელელი ცოდვებით სავსე
და რეკლამების სამკაულები
უელვარებდა მაცდურად ტანზე.
* * *
ვინ გაგიყვანათ, მინდვრებო, ქარში?
ვინ დაგათოვათ თრთვილის ქვირითი?
შემოდით ჩემთან, ლოგინს გაგიშლით _
გაზაფხულამდე ტკბილი ძილისთვის...
თქვენაც, ხეებო, რომ გაწევთ სევდა
და სუსტი ტანი გიჩანთ შიშველი,
შემოდით ჩემთან, შემოდით ჩემთან,
ყველას უკლებლივ გეპატიჟებით!
ქართლი
გათენდა, თითქოს გუნდი ქედნების
შემოფრთხიალდა ზეცის სარკმლიდან
და მზემ ქარიან ქართლის ქედებზე
ათიათასი სხივი დაჰკიდა. . .
შეგუბებულმა და შეჩვეულმა
ამ ამინდების უამინდობას,
გამოიტანა ყაყაჩოები
და გამოჰფინა მზეზე მინდორმა...
ისევ აჩქამდა მდინარის სიმიც,
ირგვლივ დაირხა საოცარ ხმებად
და განბანილმა მაისის წვიმით
ნამის მძივები აისხეს მთებმა.
* * *
ო, შადრევანო, რას შეგადარო,
შენ _ სევდიანი ბაღების მკვიდრო...
ოდეს ციური გერქვა ავდარი,
უკვე წასულა ის ჟამი, ის დრო...
დღეს კი გედივით ყელაწეული
და მოწკრიალე, როგორც ეჟვანი,
დგახარ და მზეზე გითრთის სხეული _
სავსე წუხილით და კაეშანით. . .
* * *
აყვავებული ტყემლების ნისლო _
საგაზაფხულო დედოფალო ამ ველ-მინდვრების,
საცდუნებლად რად მიხმობ ისევ,
ან ქალწულებრივ რისთვის ირთვები?..
ოდეს კვლავ გახსოვს უკვე ჩავლილი,
გაბრუებული მზისგან ალერსით,
ქარს გაყოლილი შენი ყვავილი,
შენი განძარცვა შესაბრალისი...
სტამბული
გამოჩნდა ბოსფორი
და ვიწრო ყურეში
შევდივართ,
ჩვენ ზემოთ ხიდია გაბმული,
ფერდობი გადაშლილი მოჩანს ყურანივით,
ირგვლივ ილანდება ბებერი ისტამბული...
შენ იყავ პირველი მტერი მოსისხარი,
სხვაც ვინმე ამქვეყნად ყოფილა თუკი,
ყაყანებს,
ფუთფუთებს ქუჩებში ისლამი,
- სალამ ალეიქუმ! - ხელს მართმევს თურქი...
ქუჩა ჰგავს ამღვრეულ
და ფერად მდინარეს,
ჩადრიდან გოგო მიმზერს მოღიმარი,
სად ზეცა უკავია უთვალავ მინარეთს
და კრიალოსანით ერთობა იმამი...
მიპატიებია სისხლი
და ტკივილი,
ვივიწყებ, წარსულში რაც იყო,
რაც არი,
წინ მხვდება:
მოლების გაბმული კივილი
და თეთრი აია სოფიას ტაძარი...
ტრიალებს ბუღი სულის შემხუთავი,
მზის ცხელი დისკო ჰკიდია მაღლა,
შუადღის ლოცვანს აღავლენს სულთანი
და ხელაპყრობილი უჩოქებს მაჰმადს...
მთების გადაღმიდან მოცურავს ღრუბელი
და ქარი ქუჩის მტვერს სახეში მაშლის,
— ისტამბულ, მშვიდობით!
სისხლის აუღებლად,
მარჯვენის მოუჭრელად ვბრუნდები სახლში!..
* * *
მალე ჩაქრება ზეცის სარკმელი,
დადგება ჟამი გრძელი ზამთრების,
მოდი, ძვირფასო, უკანასკნელად,
ამ ერთ სიყვარულს ნუ დამზარდები ...
მოდი მილეულ მთვარის კელაპტრით,
ფოთოლდამჭკნარი სხივთა იელით;
ოდესღაც ჩემთან, ვით კლეოპატრა,
თქვი, ხომ იყავი შენც ბედნიერი?..
განქარდა ჟამი ვარდისფურცლობის,
ის თეთრი ცხენიც აღარ ჭიხვინებს
და გასავლელი გზები უცნობი
ჩამოღამდნენ და ჩამოიჭირხლნენ...
. . .
ნისლით ივსება ზეცის სარკმელი,
მზეც დასავლისკენ მისდევს ტრამალებს;
მოდი, ძვირფასო, უკანასკნელად
და შენი თმების ბინდში დამმალე...
ნუ გამოიყვანთ ბავშვებს ზღაპრიდან
გამომაძევეს მე ბავშვობიდან,
გადამიკეტეს კარი ურდულით,
დღეს შურით ვუმზერ სათამაშოებს,
როგორც დასჯილი და გაქურდული...
იქ დამრჩა ხმალი, ზღაპრის ქვეყნების
დევთან ბრძოლისთვის რომ მისახსოვრეს,
ახლა კი იმ დევს, ძალით თუ ნებით,
შევგუებულვარ, როგორც ახლობელს...
მისთვის ვარსებობ და მისთვის ვცხოვრობ,
მწარე ჭაპანსაც მისთვის ვეწევი;
მე ჩემი თავის ჩრდილი ვარ მხოლოდ,
ჩემი თავის და ბედის შეწევნით...
სასახლე ჩემი ქცეულა ყორედ,
ჩაჟანგულია ჩემი გუთანიც
და ცხრათავიან დევის შემყურეს
აღარაფერი მაქვს საკუთარი ...
თითქოს ჩამქრალა მომავლის შუქიც,
(ვაი, სოფელო, ბინდით მოცულო!)
დევის ნებაზე ვცეკვავ და ვბუქნავ
და ღმერთთან დევის ენით ვლოცულობ ...
წაშლილა ათას ფერით ნაფერი
ის დრო _ დიდების მზით რომ ბრწყინავდა,
შთამომავალთან და წინაპართან
ერთხელ ხომ უნდა წარვსდგე პირნათლად ...
გადარჩენის და დახსნის სიმბოლოდ,
ოცნების სხივით სავსე ნაპირთან,
ზღაპრის დევებთან მაინც იბრძოლონ,
ნუ გამოიყვანთ ბავშვებს ზღაპრიდან!..
* * *
კვლავ გავექცევი დღეებს უნათლესს,
ავსილს ამ ქვეყნის ჯგლეთით, ხმაურით
და ბნელ ღამეებს მივაყურადებ,
სად ხმები მესმის არაქაური...
იქ, იმ უხილავ სამყაროს მიღმა,
როს ვარსკვლავები კრთიან წვეთებად
სხივის კიბეზე მიღოღავს ვიღაც
და აღსავლისკენ მიეხეტება...
თან მიაქვს სული, როგორც სასჯელი,
სული, რომელიც მტვერში ახვეტა
და აღებს მთვარეს _ ზეცის ფანჯარას,
სხვა სივრცეებში გადასახედად...
გემი ბერმუდის სამკითხედში
ტალღების შრეზე შრიალებს ბინდი
და ქარში გემი ირწევა კენტად,
ამ ყიამეთში საითკენ მიდის?
ანდა ღამიდან ვის უხმობს ნეტავ?
ცა კი კრიალებს, როგორც ყინული _,
სავსე სხივების ცივი სავსავით,
გზააბნეული და განწირული
მიემართება, მიდის დასავლით ...
არგაგონილი ზათქით, ხმაურით
ზღვამ იგუგუნა და იწიაქა,
არც მგზავრი ვინმე, არც მეზღვაური,
ყველანი შთანთქა ბნელმა წიაღმა...
და გემბანს შავი ჩრდილი ებურვის,
სადღაც შორიდან ისმის ზარის ხმა, _
ის დაცლილი და მიტოვებული
დასაღუპავად მისდევს ქარიშხალს!..

No comments:

Post a Comment