Tuesday, October 24, 2017

მესხი კაცი ვარ

მესხი კაცი ვარ, ამქვეყნად
არ დამელია ვარამი,
ხეებს ტოტები დააჭრეს,
ფესვებს მიწაში ვმალავდი,
მიწაც წაიღეს, წამართვეს,
ხეს ჩახვეული დამტოვეს,
ფესვებს, სხვა მხარეს მოქცეულთ,
ჭრიან, ახმობენ, ალპობენ.
ჰაი, დედასა, მშობელსა
შვილების დარდი მაწუხებს,
რა უდროო დროს მოვესწარ,
ვერ დავეხსენი მარწუხებს!
იავნანაა, რომ ესმით
გმირებს, ზეცაში წასულებს,
არ კი ვეცემი მოცელვით, -
იმედს იმედით ვაპურებ.
მესხი კაცი ვარ, მესხური
თავს დამდგომია ფიქრები,
თამარს, დედას და მედროშეს,
კუბოს კარამდე მივყვები,
ავღიღინდებით ღვთის ნებით,
აგუგუნდება სამრეკლო,
დაიმღერებენ ჩიტები,
"ოროველას" და "სამყრელოს",
ძმები ღმერთმა ნუ გაგვყაროს,
ჩემო პურო და მაყარო,
კვლავ გვეზეიმოს ქორწილი,
მიწა აყალო ავყაროთ.




No comments:

Post a Comment