ხანდახან სიჩუმეშიც არის დიდი გამოღვიძება
ხანდახან სიჩუმეშიც არის გამოღვიძება,
როცა ისე იზრდება, რომ ხმაურზე მეტია
და წამოვა ზეციდან წვიმებად და ნისლებად,
აზავთებულ ხეობას მთებიც ეშველებიან.
სიჩუმეა - მავანთა ყურთასმენას მიატანს,
ამოავსებს ოთახებს, დერეფნებს და ფილაქანს,
რომ დაემხოს კედელი, ჩაიტანოს გოდოლი,
თითო კაცის პარპაში და იმათი მკმობელნი.
სიჩუმეში რისხვაა მილიონთა გულების,
ერთგულების ფიცია ავის დამამხობელის,
ვისთვისაც ეს ქვეყანა სულ არ არის სულერთი,
აქაც ძეგლი დაუდგამს, იქაც - თავის ცხოვრებით.
ხანდახან სიჩუმეშიც არის გამოღვიძება,
სიჩუმეა - დიდ ხმაურს რომ უმზადებს ნიადაგს,
გაჯერდება ჰაერით, უხმოდ ამოივსება
და ბუშტივით გასკდება, თუ ორ სიტყვას მიატან.
No comments:
Post a Comment