Monday, October 9, 2017

რა ქართველობა, რის ქართველობა!

ღია გულსა და კაცურ კაცობას
როდისღა უნდა დაედოს ფასი?!
თვალში მიყურებ, სულში მაფურთხებ
და თვალთმაქცობით გიწყდება ქანცი.
ჰქენი სიკეთე, - სიტყვას რომ მეტყვი,
თან დაატანე გული და საქმე,
ჩამტყდარ ხიდების, გაქილიკების
მოწმედ ქცეულა ცხოვრების სარკე.
არმაღანების დრო რომ წავიდა
ვხედავ და გული მიკვნესის ძლიერ,
რა ქართველობა, რის ქართველობა?!
ძირს დაცემულა ქვეყანა პირქვე.
როცა იზომებ ნიღაბს, პარიკებს,
საგულდაგულოდ იმალავ სახეს,
ვინ შეგასწავლა ვირეშმაკობა,
ნუთუ, სატანამ დაგიგო მახე.
ხელთათმანივით იცვლი ამპლუას,
გაგიწყვეტია სინდისის ძარღვი.
სამსახიობო რიკში ჩაბმულხარ,
დრამის თეატრში მგონია თავი.
ვნებას შესწირა ზოგმა სამშობლო, 
მავანმა - ოქროს, მავანმა - ბანქოს,
ჯადოსნურ ქსელში როგორ გაგაბათ
მკითხავ- მჩხიბავმა და თიმსალ-მაკომ.
დადედლებულნი  ჩაჰყურებთ მიწას,
გაჟღენთილს გმირი წინაპრის სისხლით,
ფასი, რომლისაც არავინ იცით
და კაპიკებში ბითუმად ჰყიდით!
ნეტავ, ვინ მოგცათ ამის უფლება
თუ მხოლოდ თქვენი ბომონი გწყალობთ,
ფულზე გაყიდულ თავისუფლებას
ქვეყნისას ჭამთ და ცოდვებით ხარობთ.
არც ზეციერი სამართლის გჯერათ,
მოგონილ სახელს იფარებთ ფარად,
დაგიკარგიათ კავშირი ღმერთთან
და უფრო მეტად - საკუთარ თავთან.



No comments:

Post a Comment