Wednesday, November 14, 2018

წისქვილისა (ავტორი: კობა ჭუმბურიძე)

ვიდრე ხანდარა მარტი დაიბეჩავებს ავდარს, ტყემლის ფიორა კვირტი ედიდგულება ზამთარს.
ქრის აბეზარი ქარი, თებერვლის ავი კუდი, ამღვრეულია დარი, თქეშს ენაცვლება ფრუტი.
ხან რომ შხაპუნა წვიმა დაუჭაქუნებს კრამიტს, ხანაც ჭიატი მცირე შემოაბრუნებს ამინდს.
ნიავს ჭორივით დააქვს ფთილა ფოშფოში ნისლის.
რა საამური ხმა აქვს ხევში გამართულ წისქვილს, უძირო გუდას ზღაპრის, თავადაც ლამაზ ზღაპარს, გზას შერჩენილი მგზავრის იმედს და თავშესაფარს.
ღარს დასხლეტილი წყალი ჩაუხვევია ბორბალს, კოტრიალობს და ბორგავს, როგორც აშიკი ცხარი. თავბრუდახვეულ დოლაბს კრიჭა უზოგავს ხორბალს, საკვამურს ცაში ბოლის აუკლაკნია ხიდი, მოღონიერდა ბინდი, ბორცვები გადახუნდა, ზის მეწისქვილე ბონდო, ბევრი არც არა უნდა, ცოტაოდენი მინდი, ორი იმდენი – ჭორი, აჰა, ეშველა მგონი, მგზავრი გამოჩნდა შორი.
მალე გუზგუზა ბუხარს მიუცუცქდება ორი და მონდომებით გაჩხრეკს ყოფიერების ავ-კარგს, მოიგონებენ ამბებს, გარდასულსა და გამქრალს, და ამ დუდუნის მიღმა სევდის ელფერი დაკრავს ღარში ნაკადის რაკრაკს და სარეკელას რიკრიკს,
წისქვილმა ფიქრი იცის, ფიქრი შორეთში მიქრის…
საიდუმლოსი, დიდის, მოგეძალება განცდა, წუთისოფელი, ფლიდი, რა დაუნდობლად გძარცვავს, როცა სიცოცხლეს შენსას ისე ღერღავს და ნაცრავს, როგორც ბუხარი წკირს და როგორც დოლაბი  მარცვალს…
სმენას მოგტაცებს წამით შურშული ხმელი ისლის, ამ ბურდებიდან ღამით ჭინკის ფხაკურიც ისმის, ბუხარში ფიჩხი, სველი, ბრაზობს, ნაპერწკალს ისვრის, მოჰყვება ხიბლი ძველი ხევში გამართულ წისქვილს, სადაც ფიქრი და განსჯა ხანდახან ლექსად იშვის და იწრიტება ხვიმრა, როგორც საათი ქვიშის, სადაც დოლაბის ღირღილს უხამებს გული ძგერას და გაუმხელი შიშით ეპოტინება მზერა ნისლეულების გროვას, შორეულ ცაში მბოლავს
და თვალსაწიერს ჩვენსას,
ერთ უზარმაზარ დოლაბს.
.

No comments:

Post a Comment