Tuesday, November 13, 2018

თოვლის დედოფალა (საბავშვო ზღაპარი)

   ბაბილინა ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, ნაწნავებითა და ჭორფლიანი ცხვირით, მაგრამ სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ფიქრები ჰქონდა უცნაური. მაგალითად, რატომ დადიან ირმები სულ წინ და არა უკან, უკანაც რომ ჰქონდეთ თვალები, მგელი ვეღარ შეჭამდა, წინაც დაინახავდნენ და უკანაცო, ან  რატომ აქვს ადამიანს ორი ხელი და არა ათი, თუნდაც ოთხი, ხომ უფრო მეტ საქმეს გააკეთებდაო, ან რატომ ვერ ცოცავენ და დახტიან ადამიანები ხეებზე, ბანანებს მეტს მოკრეფდნენ და პატარა ბავშვები პირს უფრო ხშირ-ხშირად ჩაიტკბარუნებდნენო. გოგონა ძალიან ბევრს ფიქრობდა და შეკითხვებიც სულ ახალ-ახალი უჩნდებოდა. ერთხელ ის შეკითხვაც დაებადა, თუ რატომ უნდა მოვრთოთ საახალწლოდ ნაძვის ხე და არა სხვა რომელიმე მცენარე, მათ რაღა დააშავესო? ბაბილინამ არც აცხელა, არც აცია და პირდაპირ ტყისკენ გაეშურა ამ ამბის გასაგებად, ხეებს უფრო ეცოდინებათ, რაშია საქმეო. ტყის პირას პირველი ჭადარი შემოხვდა, ფოთლებისგან გაძარცვულს თითქოს სისხლი გაჰყინვოდა ძარღვებში, აბუზული იდგა და ამთქნარებდა, ყვავების ყრანტალის ხმაზე ახალგაღვიძებული ისევ საძილედ ემზადებოდა. ბაბილინა ახლოს მივიდა და ჰკითხა, საახალწლოდ სახლს ხომ არ დაგვიმშვენებდიო, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ხეს მისი არა ესმოდა რა, ძილბურანში მყოფი შესახედავადაც ვერ გამოიყურებოდა კარგად, ეტყობა ჯანმრთელად არ არისო, გაიფიქრა გოგონამ და გადაწყვიტა სხვა ხებიც ენახა. ნეკერჩხალი შეამჩნია, რამოდენიმე წითელი ფოთოლი რომ შერჩენოდა, ეს რით არ ივარგებს საახალწლო ოთახის მოსართავად, წითელი ფოთლებით გაანათებს სახლსო, გაიფიქრა და ხეს მიეახლა, მაგრამ  - მომშორდიო,  - მიაძახა ნეკერჩხალმა, - მე ოთახის დასამშვენებლად როდი დავბადებულვარ, ეს ფოთლები, რაც შემრჩენია, ირმებმა უნდა შეჭამონ, იმათ ველოდებიო, - რა კეთილი ყოფილხარო, - უთხრა გოგონამ და გზა განაგრძო. აგერ მუხას რკოები შემოენახა გარეული ღორებისთვის, ფუღუროდან კი ციყვმა გამოიხედა და გზა დაულოცა ბაბილინას, ეს ჩემი სახლია და მუხა თუ აქედან წაიღეს, მე სადღა წავიდეო. ტყეში აცივდა, ყინვას ნელ-ნელა უმატებდა, მოკრიალებულ ცაზე  მძიმე თეთრი ღრუბლები დაეშვა, ჰაერი გამჭვირვალე გახდა, ბუნება თითქოს თოვლის დასახვედრად ემზადებოდა. არცერთმა ხემ არ ინდომა საახალწლოდ სახლის დამშვენება, ყველას თავ-თავისი საზრუნავი აღმოაჩნდა, ბევრ მათგანს კი ტკბილი ძილით ეძინა.
        მალე ციდან ფიფქები წამოვიდა, გოგონას ხელთათმანებიც კი დავიწყებოდა. ხელებგაყინული ფართო მინდორზე ამოსულ ნაძვს მიადგა, ფიფქებდაფარული მხიარულად იმზირებოდა, გოგონას უღიმოდა, მთვარის შუქზე ბზინავდა მწვანე წიწვები, თითქოს, თითოეულ მათგანში ვარსკვლავი იყო დამალული. მისმა მშვენებამ გააოცა გოგონა. კეთილიც აღმოჩნდა ხე. მან მთვარეს სთხოვა სხივებისგან ბაბილინასთვის ხელთათმანები და ქუდი მოექსოვა. ასეც მოიქცა მთვარე. ჩამოიცვა ხელთათმანები გოგონამ, ქუდიც დაიხურა. ვარსკვლავებმა მოსასხამი შეუკერეს  და მოაცვეს, არ შეგცივდესო. ყინვამ ყინულის ტახტი  დაუდგა, დაბრძანდი და მოისვენეო. მოეწონა იქაურობა ბაბილინას. იქ დარჩენა გადაწყვიტა, თოვლის სამეფოში. მას მერე ის თოვლის დედოფალად გადაიქცა და ახალ წელს ნაძვთან და თოვლის ბაბუასთან ერთად გვესტუმრება ხოლმე, თანაც ბავშვებს უცნაურ შეკითხვებზეც პასუხობს, რომ არც ერთი შეკითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს დედამიწაზე.

No comments:

Post a Comment