ქარი და კლდე მეგობრები იყვნენ. მოფრინდებოდა ქარი, მოუყვებოდა მეგობარს მთისა და ბარისას, ის ხომ ცნობილი მოგზაური იყო. აუცრემლიანდებოდა თვალი კლდეს, მეც მინდა, სადმე წავიდე, ეს ქვეყანა ვნახოო, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა. ხანდახან გაიქნევდა ფეხს, მოსტყდებოდა ნატეხი, ჩამოგორდებოდა ძირს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, როცა სევდა მის გულში ძალიან მძლავრობდა. ქარიც აქაქანდებოდა, - რას შვრები, კაცო, ეგ გოროხი ვინმეს თავზე არ დაეცესო, - შეშფოთდებოდა კლდე და გაიღიმებდა, როგორც შეეძლო, უფრო სწორედ, გაიღრიჯებოდა, ამ შავ გოლიათს სიცილიცა და ღიმილიც უცნაური ჰქონდა. მეგობარი ხასიათზე რომ მოეყვანა, აცქმუტდებოდა ქარი, ხან ერთ კალთაზე მიაფრინდებოდა, ხან მეორეზე, შეუღიტინებდა, ახითხითდებოდა მაშინ კლდე, უცნაურ ხმებს გამოსცემდა, მის ნაპრალებში ხომ ქარი დასეირნობდა. ჭიდაობაც ძალიან უყვარდათ მეგობრებს, შეეჭიდებოდნენ ერთმანეთს, ქარი ქარიშხლად გადაიქცეოდა ხოლმე, უბაგუნებდა კლდეს, ხან ერთი მხრიდან შემოუვლიდა, მუშტებს ურტყამდა, ხან - მეორე მხრიდან, ქოჩორშიც წასწვდებოდა, წვერზეც წამოარტყამდა, მაგრამ რას უზამდა? ის ხომ კლდე იყო, ამაყად მდგომი, საუკუნეების მანძილზე გამოწრთობილი. მიუშვერდა ჟანგიან გულს ქარს და - მირტყიო, - ეუბნებოდა. არ ზოგავდა ძალებს ქარი, მაგრამ რა? კლდე სიცილით კვდებოდა, იცინოდა და იცინოდა, გუგუნებდა და გუგუნებდა. შორს ბარში ისმოდა მისი ხმა. მხოლოდ ღამე კვნესოდა და ტიროდა, მარტოობისგან გათანგული.
ერთ დღეს ძალიან მოიწყინა კლდემ, სევდიანი დახვდა მეგობარს, არწივებიც კი არ იკეთებენ ჩემს თავზე ბუდეს, არავის მოვწონვარო, მაშინ ქარმა ჯიბიდან საჩუქარი ამოიღო და კლდეს მიაწოდა, უფრო სწორედ, მის კალთებზე იის თესლი მიმოაბნია, იქნებ გაიზარდოსო. დადგა გაზაფხული და კლდის ერთ კალთაზე ია ამოვიდა. გული გაუთბა კლდეს, ახლა იცოდა, ვისზე ეზრუნა. მეგობარი რომ მოვიდა, გულაჩვილებულს ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან, მადლობა უთხრა, ეს რა სიკეთე მიყავიო. ჭიდაობისას ხშირად შეჩერდებოდა, მეგობარს აფრთხილებდა, ჩემი ია არ დააზიანოო. მოეწონა იასაც მზრუნველ კლდესთან ცხოვრება, გამრავლდა, მთელ კლდეს მოედო, ლურჯი ყვავილებით აყვავილდებოდა ხოლმე გაზაფხულზე, გარშემო სურნელს აფრქვევდა. ერთხელ მოსეირნე დედა-შვილმა ჩაუარა, აღფრთოვანებულები შეაჩერდნენ ლამაზ ბუჩქებს, - იების კლდეო! - წამოიძახა გოგონამ. მას მერე კლდეს ეს სახელი დაერქვა. გულგილად არავინ ჩაუვლიდა ხოლმე გვერდზე. ისიც ამაყად გადახედავდა ხოლმე მნახველებს, - შეხედეთ, რა სილამაზე ხარობს ჩემს გულზეო, - მისი კვნესაც აღარ ესმოდათ ბარში, ღამ-ღამობით გულს რომ უწუხებდათ.

No comments:
Post a Comment