გოგო მაიას ორი მეგობარი ჰყავდა, თაგვი ნიგოზა და ჩხიკვი მახარა, კიდევ ძაღლი ბახულა, თუმცა ის მის ძმას, ნიკოლოზს უფრო ემეგობრებოდა, ამიტომაც გოგონას ნამდვილი მეგობრების სიაში ვერასოდეს ხვდებოდა. ჩხიკვი მახარა იქვე, მათი სახლის ახლომახლოებში ცხოვრობდა, სად, ზუსტად, არ იცოდა მაიამ, ხან საიდან გამოყოფდა თავს ეშმაკი ჩხიკვი, ხან საიდან, ხან რა ამბავს მოუტანდა მეგობარს, ხან - რას, დიდი ჭორიკანა ვინმე კი იყო. გაზაფხულის პირველი მახარობელიც ის იყო, მინდორში თოვლი დადნა და ენძელა ამოვიდაო, ან მერცხლები მოფრინდნენო, ან ყანების მკა დაიწყეს სოფელშიო, ყველა ამბავს მისგან იგებდა გოგონა, რომლის მამა ტყისმცველი გახლდათ, ამიტომაც მათი ოჯახი სოფლისგან მოშორებით პატარა ტყეში ცხოვრობდა: დედა, მამა, ნიკოლოზი, რომელიც მაიაზე სულ ცოტა უმცროსი იყო, თვითონ მაია, პაპა და ბებია. - ტყეებსაც სჭირდებათ დაცვა, რომ არ მოვიდნენ ცუდი კაცები და ყველა ხე არ მოჭრან, თორემ მერე დედამიწაზე ჟანგბადი აღარ იქნება და ადამიანები დაიღუპებიანო. - ასე უხსნიდა ხოლმე ბებია მაიას სხვა ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების მიზეზს.
შემოდგომა მიიწურა და ტყეც თითქოს დაცარიელდა, შემოეძარცვათ სამოსელი ხეებს, აღარ ისმოდა ჩიტების გალობა, ხანდახან ყვავების ყრანტალი თუ გააყრუებდა არემარეს, ერთმანეთს გადასძახებდნენ: - ეგერ მინდორში ხორბალი დარჩენიათ ასაკრეფი, ვასო პაპა შეუძლოდ ყოფილა და ვეღარ მოვიდა, შვილები და შვილიშვილები ქალაქში გადასახლებულან, აბა, ვინღა მოეხმარებაო. - წამოიშლებოდნენ ყვავები და გაფრინდებოდნენ იმ მიტოვებული ადგილისაკენ. ერთ დილას მახარამ შემოსძახა: - ზამთარი დადგა, დეკემბერი დაიწყო, მალე თეთრი წიგნი გადაიშლება მთელს არემარეში და შენ მისი წაკითხვა უნდა ისწავლოო, - რა თეთრი წიგნიო? - ეკითხებოდა გოგონა, - მაგრამ პასუხად ჩხიკვისგან მხოლოდ ეს ესმოდა, - როცა გადაიშლება, მერე ნახავო. - ელოდებოდა მაიაც ამ წიგნის გადაშლას. სახლში თაგვ ნიგოზას ეკითხებოდა, - ტყეში რა თეთრი წიგნი უნდა გაიშალოსო? - ისიც პასუხობდა, - შენი თვალით უნდა ნახო და თუ მაგ წიგნის წაკითხვას შეძლებ, ტყის ბინადართა ცხოვრებასაც ადვილად ისწავლიო. - თაგვს კი ნიგოზა რატომ ერქვა, ალბათ, მიხვდებით, ნიგვზის ჭამა უყვარდა ძალიან! სხვენზე შენახულ კაკლებს სულ რაკა-რუკი გაუდიოდა მოსავლის აღების შემდეგ.
ერთ დილას ჩხიკვმა მახარამ ყველას ახარა, - თეთრი წიგნი გადაიშალაო! - გოგონამ ფეხსაცმელები ამოიცვა და გარეთ გავარდა დიდი ხნის ნანატრი ამბის გასაგებად და სანახავად, უცებ კოჭებამდე თოვლში ჩაეფლო, - დედა, ეს რა არისო? - წამოიძახა, - თოვლიაო, - კაცივით ახითხითდა ჩხიკვი, - თბილად ჩაიცვი და ტყეში გავისეირნოთ, რაღაცები უნდა განახოო. - დედამ გოგონას თბილი ჩექმები ამოაცვა, კაშნეც მოახვია და ქუდიც დაახურა, რომ არ გაცივებულიყო, თან ისიც შეახსენა, თოვლი ადრეც გინახავს, მაგრამ პატარა იყავი და არ გახსოვსო და გარეთ გაუშვა. - ფრთხილად იარე, შორს არ წახვიდეო! - მიაძახა პაპამ. დათოვლილი ხეები თავს უქნევდნენ გოგონას, თითქოს ესალმებიანო, უხაროდათ მისი გამოჩენა. თეთრ თოვლზე შავი ნაფეხურები გამოჩნდა, - ეს მელიასიაო, - აუხსნა ჩხიკვმა, რომელიც ხან რომელი ხის ტოტზე ჩამოჯდებოდა, ხან რომელი. დაფერთხავდა თოვლისგან ტოტებს, ხეებიც უჯავრდებოდნენ, - ჩვენს სილამაზეს ნუ გვართმევ, გვიხდება თეთრი კაბებიო, - მაგრამ ჩხიკვი აინუნშიც არ აგდებდა მათ საყვედურს. - ეს ნაფეხურები მგლისაა, ხედავ სოფლისკენ დაძრულა, ეტყობა ტყეში საჭმელი ვერა ნახაო, აგერ, ძროხის ნაფეხურებიაო, - გაოცებით წამოიძახა, - ნეტავ, ამ ზამთარში ძროხას აქ რა უნდოდა, მგელმა თუ გამოიგდო წინაო, - თავისთვის წაიბუტბუტა მახარამ და თითქოს ჩაფიქრდა კიდეც, ხმა აღარ ამოუღია. გოგონა მიხვდა, რომ გადაშლილი თეთრი წიგნის წაკითხვა, ნაწილობრივ მაინც, ახალმოსულ თეთრ თოვლზე სხვადასხვა ცხოველის ნაფეხურების ამოცნობა იყო. თვითონაც დააკვირდა თოვლიან ზედაპირს, აგერ ციყვის ნაფეხურები აღმოაჩია, პატარა, პატარა. ძალიან გაეხარდა. მეც ვსწავლობ გადაშლილი თეთრი წიგნის წაკითხვასო. ცოტა ხანში ძროხის ზმუილი მოისმა, იქით გაეშურნენ მეგობრები. ერთ დაბურულ ეკლიანი ბუჩქებით გარშემორტყმულ ადგილას ძროხაც იპოვეს. - არიქა, ვუშველოთო, - აყვირდა მახარა, მაგრამ გოგონას მისი თქმა რად უნდოდა, სახლისკენ გაიქცა, შორს მაინც არ იყვნენ წასულები და პაპას უხმო საშველად, მამა სახლში არ იყო, სამუშაოზე წასულიყო. პაპას ძაღლი ბახულაც გამოჰყვა. საცოდავი პირუტყვი ეკლიან ბუჩქებს გადაერჩინა მგლის კბილებისგან, ჯერი ახლა ადამიანებზე იყო. მიიყვანეს, ბოსელში მიუჩინეს ადგილი სხვა პირუტყვის გვერდით, ბებიამ თბილი წყლით დაბანა, გაასუფთავა, პატარა ნიკოლოზმა თივაც აჭამა, კმაყოფილი ძროხა ძირს დაწვა და ცოხნა დაიწყო. ახლა თაგვის ჯერი დადგა, ამბავი სახლიდან ჩხიკვისთვის გაეტანა. - აი, ახლა დასასვენებლად წამოწვა თაფლა ძროხა და მალე დაიძინებსო, - შესძახა ამბის მოლოდინში ხის ტოტზე სიცივისგან გატრუნულ ჩხიკვს. მახარაც სიხარულით გადახტა ტოტიდან ტოტზე, - ძროხა გადარჩაო! - მთელ ტყეს ამცნო, - ხომ დარჩა მგელი ხახამშრალიო! - ახითხითდა, - რა კარგია, გადაშლილი თეთრი წიგნის კითხვა რომ იცის კაცმაო, - ალბათ, მახარას თავისი თავიც კაცი ეგონა, ისე ამაყად წარმოთქვა ეს სიტყვები. - მონადირეებმა და ტყის მცველებმა ამ წიგნის წაკითხვა ყველაზე მეტად უნდა იცოდნენო, - დაუმატა და ახლა სიცილ-კისკისს მოჰყვა. ვიცით, ალბათ, რომ ჩხიკვებმა და კაჭკაჭებმა ადამიანის ხმით ლაპარაკიც იციან.
სახლიდან მოხუცების ლაპარაკი ისმოდა: - სოფლიდან, ვინმესი იქნებაო, - ამბობდა პაპა, - გზები რომ გაიხსნება თოვლისგან, მერე წავუყვანოთო, - პასუხობდა ბებია. ჩხიკვი მახარა გაფაციცებით უგდებდა ყურს მათ ლაპარაკს. წინ კიდევ დიდი ზამთარი იყო, ის ხომ ჯერ სულ ახლახანს დაწყებულიყო. კარზე დეკემბერი იდგა. ქვეყანა კი ქრისტეშობის მოლოდინში გატრუნულიყო.
No comments:
Post a Comment