Sunday, November 25, 2018

ბუნების ნამდვილი შვილები (ნოველა)

    ტყეში მივდივართ სოკოების საკრეფად. მადონა სულ კოცნის იას, ჩემს დას, ჩემზე წლით და  3 თვით უმცროსს, ხუჭუჭა თმებიანს, უზომოდ საყვარელს. პატარა ია ყველას ძალიან მოსწონს. აი, ახლაც მეზობლის გოგონამ, მადონა რომ ჰქვია, კალათაში  ჩაისვა და ისე მოჰყავს, ვითომ დიდი სოკოაო, ნეტავ, არ უჭირს ამ სიმძიმის ტარება?! იაც კმაყოფილი ზის კალათაში, ამაყად შემომცქერის, ნახე, რა ბედი მეწიაო. იცინიან გოგოები, ჩემი ბიძაშვილები, ზეინაბი და მაყვალა. მე ჩემს ბიძაშვილებს ჩამაბარეს, როგორც ყოველთვის, სამივე ხელიხელჩაკიდებული მივდივართ. მადონა ჩვენს შორის ყველაზე დიდია, ამიტომ ჩვენი წინამძღოლიც ისაა. სოფლის შარაგზიდან ტყის ბილიკებზე გადავინაცვლეთ და ტყეს შევერიეთ. ზეინაბი და მაყვალა გაფაციცებით მადევნებენ თვალს, სადმე არ დაგვეკარგოო, მეც მათ შევცქერი, არსად შემოვრჩე-მეთქი, თორემ აქედან რა გააღწევს? მიკვირს, რა კარგად იციან ეს ადგილები გოგოებმა, ალბათ, ბიცოლა არ უშლის ამ გზებზე სიარულს. ჩვენ, მე და ჩემი და-ძმები, თბილისში ეზოშიც ვერ ჩავსულვართ დედას მეთვალყურეობის გარეშე, თუმცა ჩემი ძმა მიშა გაპარვას მაინც ახერხებს ხოლმე, დანარჩენებს ძალიან გვშურს, ამისთვის კარგადაც ხვდება კიდეც დედ-მამისგან, მაგრამ მეორე დღეს მაინც იგივეს აკეთებს. ქალაქი მარცხიანიაო, ამბობს მამა, აბა, სოფელში ამდენი უბედური შემთხვევა სად გაგიგონიათო. ერთ დღეს რვა წლის ბიჭი დაიხრჩო მტკვარში, მორევმა ჩაითრია, იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ხშირად დავდივართ ხოლმე, თუმცა ნაპირს არასოდეს ვუახლოვდებით, გვეშინია, ტალახისფერია მტკვარი, მუდამ მღვრიე და ჭუჭყიანი, აქაურ მდინარეს კი არ ჰგავს..  მთის ფერდობს შევეფინეთ, ზევით რომ ავძვრე, ხის ფესვებს ვებღაუჭები, ფრჩხილები მიწით მევსება, არად დაგიდევთ, ისევ ზევით მივიწევ, კაბის კალთებზე ეკლიანი ტოტები მებღაუჭება, მეკრობა, არ მიშვებს, ვიცილებ და გზას განვაგრძობ. აქეთ-იქით ვიხედები, ჩემიანებს ვუყურებ, არ ჩამოვრჩე, მაგათი დასაცინი არ გავხდე-მეთქი. მაყვალა და ზეინაბი ოდნავ ჩემზე ზევით ასულან, ხელებს მიქნევენ, მეძახიან, დაგელოდებითო. მადონა ისევ კალათით ხელში მიიწევს წინ, იას მრგვალი ხუჭუჭა თავი მოუჩანს იქიდან, გოგონა მთლად ოფლში გახვითქულა, მაგრამ ჩემს დას არ ეუბნება, კალათიდან გადმოდიო. ალბათ, დედაჩემს უნდა უპატაკოს, ია ისე ვატარე, ძირს არ ჩამომისვამსო, მეზობლის სტუმარს უნდა პატივი სცეს! ცოტა არ იყოს დავიღალე, ფეხები ამტკივდა კლდეებზე სიარულმიუჩვეველს, თუმცა ჩვენთანაც, მტკვარზე სანამ ჩახვალ, პატარა ციცაბო კლდე უნდა ჩაიარო, მაგრამ ის ამასთან რას მოვა?! მგონია, მალე მთის მწვერვალზე ავალთ და მზეს მივწვდებით. კიდევ კარგი, გოგოები მაჩერებენ, დავაკებულ ადგილზე გავდივართ, ფოთლოვანი ტყე დაგვცქერის თავზე, ჩრდილს ვეხიზნებით და დასასვენებლად ვსხდებით. ია, როგორც იქნა, კალათიდან ამოძვრა, მადონას ტვირთი შეუმსუბუქა, იქვე გოგონებთან ერთად  ჩამოჯდა ასწლოვანი მუხის ქვეშ. ბალახს სიცხის გამო ორთქლი ასდის, კალიები მალაყებს გადადიან, ხარაბუზები, ფუტკრები თავზე დასტრიალებენ ყვავილებს, პეპლების კორიანტელია გარშემო, ღმერთო, ნამდვილად სამოთხეში ვარ, ვფიქრობ. საოცარი სურნელი მოდის,  ტყის, მიწის, ხმელი ფოთლების. ზეინაბმა და მაყვალამ პური და ყველის ნატეხები ჩამოგვირიგეს, მადიანად ვილუკმებით ყველანი. ყურს აღარ ვუგდებ გოგოების ტიტინს და კლდის პირას ვინაცვლებ, ხედი მაინტერესებს, რა ვქნა, ცნობისმოყვარე ვარ, ფრთხილადო, მეძახიან გოგოები. მთელი სოფელი ხელისგულივით იშლება ჩემ წინ, სახლებსაც ბოლი ასდით სიცხისგან, კრამიტის წითელი თავსახურები კოხტაობენ მზის შუქზე, ვისუნთქავ ტყის და მთის მაცოცხლებელ ჰაერს, კვიცივით მებერება ნესტოები, რომელიღაცა ჩიტმა "ტია, ტია" დაიძახა, თვალები მოვწყვტე სოფელს და მთის წვეროსკენ ვიყურები. დიდხანს ვეძებ იმ ჩიტს, ვერ ვპოულობ, ალბათ, რომელიღაცა ხეზე ზის, ფოთლებში გაყუჩული, -  გავიფიქრე და გოგოებისკენ გავეშურე. გავავსეთ კალათები სოკოებით, შხამიანი არ შეგყვესო, მკაცრად მაკონტროლებენ ბიძაშვილები, რა ყველაფერი იციან-მეთქი, მშურს კიდეც მათი. საღამოს დაღლილ-დაქანცულები მივუყვებით სოფლის შარას, ია აღარ ზის კალათაში, ნამდვილი სოკოები იწონებენ თავს იქიდან, ზოგი წითელქუდიანია, ზოგიც - თეთრ,  იამ ხელი ჩამკიდა და ისე მოცუნცულებს ჩემ გვერდით, "ტია-ტია", ისევ დაიძახა ჩიტმა, მოლაღურიაო, - ამიხსნეს გოგოებმა, ისევ გამიკვირდა, რამდენი რამე იციან-მეთქი. ვერ ვხვდებოდი, რომ ისინი ბუნების ნამდვილი შვილები იყვნენ, ჩემგან, ქალაქელი გოგოსგან განსხვავებით.

No comments:

Post a Comment