Wednesday, December 12, 2018

ქალების სამფლობელო (ნოველა)

   გზაზე ხელიხელჩაკიდებული მივდივართ, მე და ჩემი ბიძაშვილები. ერთს ზეინაბი ჰქვია, მეორეს - მაყვალა. დიდი ხნის ჩხუბის მერე გადაწყვიტეს, ორივემ ჩამკიდოს ხელი, ისე მატარონ,  ასე გამინაწილეს. ხანდახან გზისპირზე გადაბარდნილ მაყვლის ბუჩქებს გადასწვდებიან, თან ცდილობენ ხელი არ გამიშვან, იქით-აქეთ მექაჩებიან, მაგრამ რომელიღაცამ აუცილებლად უნდა დამთმოს, ისე ხილს ვერ მოკრეფენ, გულდაწყვეტით მომაშორებენ ხოლმე ხელს ხან ერთი, ხან - მეორე, მუჭებს აივსებენ და ისევ ჩემთან მორბიან, მაყვალს პირში მატენიან, - ხომ გემრიელიაო, - მეკითხებიან და თან თვალებში მიყურებენ, უნდათ კმაყოფილი დავრჩე, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მეტ მაყვალს მაჭმევს, თვითონ ერთსაც არ გასინჯავენ. მეც შოშიასავით ვაღებ პირს და ვატკბარუნებ გემრიელ ნაყოფს. ისიც მომწონს, რომ ჩემი გულისთვის ასეთი დაკა-დაკა აქვთ, კმაყოფილი მივდივარ გზაზე, იქაური მზეც მომწონს, თავზე კი მახურებს, მაგრამ არ ვიმჩნევ, გოგონებს ჩემთვის ქუდის დახურება დაავიწყდათ, დედამ კი დაავალა, აუცილებლად შენიშვნას მიიღებენ! შუადღის მზე თავს მატკივებს ხოლმე, ცხვირიდან სისხლს მადენს, ერთხელ მახსოვს, სისხლისდენას ვერაფრით მიჩერებდნენ, ბევრი სისხლი ვღვარე, ლამისაა ვარცლი გაივსო. ამიტომ უქუდოდ არასოდეს გავყავარ სახლიდან. ნელა-ნელა მივუყვებით სოფლის შარას, გზა თანდათან ვიწროვდება, კლდის ბილიკებს დავადექით, ზევით-ზევით მივდივართ. აქა-იქ ფერდობებზე შეფენილი საქონელი მოჩანს. ზოგს შავი ზურგი აქვს, ზოგსაც - თეთრი, ზოგს - მოწითალო, ადამიანის თმის ფერივითაა. გაღმა ფერდობზე თხები დაკუნკულებენ, კარგად ჩანან, რადგან ფერდობი შიშველია, მხოლოდ მწვანე ბალახითა და ყვავილებით არის დაფარული. ჩვენი თხაც იქაა, თავისი ციკნებით. იმათ ვცნობ, იმიტომ რომ შუბლზე უზარმაზარი შავი ნიშანი აქვთ სუყველას, სამკუთხედის ფორმის. მართალია დიდი ხნის ნაცნობები არა ვართ, სულ ერთი კვირის ჩამოსულები ვართ მე და დედა თბილისიდან, მაგრამ მათი ქცევებიც მალე შევისწავლე და გარეგნობაც, ძალიან მიყვარს ციკნებთან თამაში. რომ არაფერი დამიშავოს დედა თხამ, ხან პური მიმაქვს იმისთვის, ხან ხაჭაპურის ნაჭერსაც წავუღებ ხოლმე, როცა ვეღარ ვჭამ, - ბევრს გადმომიღებს ბიცოლაჩემი ვენერა თეფშზე, გამხდარი ხარ, უნდა გაგასუქოო. ბილიკებს ახლა ქვევით ჩავუყევით, ისეთი ვიწროა, თითო-თითო მივდივართ, წინ ზეინაბი მიდის, მერე მე, უკან მაყვალა მომყვება, ეტყობა ჩემს დაზღვევას ცდილობს, ფეხი თუ დამიცდა, წამომეშველება. ზეინაბი, როგორც უფროსი გზას მიკვალავს, გაფაციცებულია, წინ რამე არ შემოგვეფეთოს და არ შემაშინოს. მალე მდინარის პირას აღმოვჩნდით, ბიცოლამ შორიდან დაგვინახა, დროზე წამოდითო, ხელით გვანიშნა. სარეცხის რეცხვას ქალები უკვე მორჩენილიყვნენ, უზარმაზარ ქვებზე გადაეფინათ ლოგინის თეთრეული გასაშრობად, აქა-იქ ტანსაცმელიც მოჩანს, ფერადი ღილებივით ჩამწკრივებულან ზეინაბის და მაყვალას კაბები, მარტო ჩემი ზეინაბის და მაყვალასი კი არა, სხვა მათი მოსახელე გოგოებისაც, იმიტომ რომ იმერეთის ამ მთიან სოფელში კიდევ ბევრს აქვს ასეთივე სახელი. მდინარისპირას ბუჩქებზე შარვლები გადაუფენიათ, ქმრების და ვაჟების, მათ შორის ბიძაჩემი ბონდოსი და ჩემი ბიძაშვილი ფრიდონისაც. ახლოს მივედით, დედა ქალებს შუაში ჩაუჯენიათ და გაფაციცებით უსმენენ მის დამტვრეულ ქართულს. ყვება თავის უკრაინულ სოფელზე. ახალმისულებს შეძახილებით შეგვხვდნენ, - რუსის გოგო მოვიდაო, - მომაძახეს აქეთ-იქიდან და მზერა ისევ დედასკენ გადაიტანეს. გოგოებმა დედაჩემისგან ჩურჩულით აიღეს ჩემი ბანაობის ნებართვა. გამხადეს, დაგუბებულ წყალში ჩამაყენეს, ცივი წყალია, მაგრამ ხმას არ ვიღებ, ვაცლი ჩემზე ზრუნვას, გამსაპნეს, ხან ჯამით, ხან პეშვებით წყალს მასხავენ, უხარიათ,  ჩემს გაზრდაში წვლილი რომ შეაქვთ, - გაიზარდე, გასუქდიო, - იძახის ზეინაბი და სიყვარულით მისმევს თავზე ხელებს, - იხვის ჭუჭულს არა ჰგავსო,- ბუტბუტებს მაყვალა და ისიც გამალებით მასხავს ზურგზე წყალს. თან იქვე წყალში მოცურავე ლიფსიტებზე მითითებს, - შეხედე, რა ლამაზებიაო! - მეც ვუყურებ მზეზე ოქროსფრად მოლივლივეებს, ჩვენი რაზე არ ეშინიათ-მეთქი, ჩემს თავს ვეკითხები. თან სხვა ქალებს ვუყურებ, მათ თეთრ ქუნქულა ტანებს, მზეუნახავებს, აქ საბანაოდ ჩამოსულებს, მიკვირს, სახლში რატომ არ ბანაობენ-მეთქი. ისინიც წყლის ჭავლის ქვეშ მოლივლივე თევზებს ჰგვანან, მათაც არავისი ეშინიათ, იციან მამაკაცები აქ არ მოვლენ, ეს ქალების სამფლობელოა. გოგოებმა პირსახოცშემოსხმული დიდ სიპ ქვაზე დამაჯინეს, გამაფრთხილეს, - არ ადგე, ფეხი არ დაგიცდესო, - მეც დავმორჩილდი. ახლა თვითონ ბანაობენ.  ცალ მხარეს კლდე დაგვცქერის, იქიდანაც წყალი მოედინება, მდინარეში მოჟონავს, - რა წყალია-მეთქი, - ვკითხულობ, - წყაროსიაო, - მპასუხობენ, მერე გოგოები ზევით ადიან, თიხის დოქებს ავსებენ, სახლში გავიყოლოთ, ასეთი წყალი ჩვენთან არ არის, ჭის წყალი ამას რას შეედრებაო. დამალევინეს, გულ-მუცელი ჩამეყინა, მესიამოვნა, მზის ქვეშ მჯდარს. დედაჩემსაც უმასპინძლდებიან, - რა ცივია,  მადლობაო, - ამბობს დედა დამტვრეული ქართულით, - ჩემს საშობლოში ასეთ ცივ წყალს ვერ დალევ, დაილოცოს საქართველოო, - ღიმილიანი დგება ფეხზე, ჩემი გოგო წყალმა არ დაცადოს, არ გამიცივდესო, მაცმევს ტანსაცმელს და გზას მიუყვება უკვე გამშრალი თეთრეულით სავსე კალათით, სხვა ქალებიც წამოიშალნენ და უკან მიჰყვებიან, სტუმარს წინ ხომ არ გადაუსწრებენ ისევ ატყდა ჩხუბი ზეინაბს და მაყვალას შორის, არა მე მოვკიდებ ხელს მაიას, არა - მეო,  - მე კი მათ აღარ ვუსმენ, იქვე ახლოს ბუჩქებს შორის შველი შევნიშნე, დაკვირვებით გვიყურებს, ჰაერს იყნოსავს, არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი არსება, ცოტა ხანი იყუჩა,  მერე გაიქცა. ჩვენ სამივე ხელიხელჩაკიდებული დავადექით სახლის გზას, ალბათ, მანამდე, სანამ სათითაოდ არ მოგვიწევს ცხოვრების კლდოვან ბილიკებზე სიარული.

No comments:

Post a Comment