შემომაფერთხა ქარბუქმა მტვერი,
თვალები ცოდვის ცრემლით ამევსო,
გრიგალის თამაშს ავყვები ისევ,
იქნებ შორეთში ფრენით გავერთო,
იქნებ ცის კიდეს მივწვდე ხელებით,
იქნებ დავხედო ზემოდან მიწას,
იქნებ სულშიაც ჩამხედოს მთვარემ, -
ჩემს ოცნებებში დაიდოს ბინა...
იქნებ სამშობლოს ფერებს შევეხო,
ზღაპრულ ხალიჩას მოვავლო თვალი,
იქნებ მუშტივით ვნახო შეკრული
ერი და ბერი, ქალი და კაცი.
იქნებ თამაშმა იქ გამიტაცოს,
სადაც არ არის ზაკვა და ზარი,
იქნებ გრიგალის ტალღებს აყოლილს
მესმას სიმღერა სირინოზთ ქნარის,
იქნებ გაიღოს სამოთხის კარი,
ციურმა ცვარმა განმბანოს თვალი...
No comments:
Post a Comment