Thursday, March 9, 2023

„ნისლის“ სახუმარო წერილი მათ, ვინც სულ სიყვარულზე წერს (განსაკუთრებით, ჯუბას და მაიკო დიაკონიძეს), ავტ. მარი ჟღენტი

 „ნისლის“ სახუმარო წერილი მათ, ვინც სულ სიყვარულზე წერს

(განსაკუთრებით, ჯუბას და მაიკო დიაკონიძეს)
მაგ თქვენი ტრფიალის სიტყვების მაგია მეც ძარღვში გადამდის
და გული უცხო და ნატრული ნაჟურით თასივით ივსება,
მაგრამ სიყვარული - რაც ასე კარგია - ჩასულა ბარამდის,
მე კი ამ „კაფის კლდეს“ შემოვრჩი ქარისგან აწეწილ ნისლებად!
და იფანტებიან ცივი ფანტელები, ცივადვე მცინარე,
თუმც... აჯანყებულნი, სისხლი და გუგები ნაპერწკლებს ისვრიან
და სული ჩუხჩუხებს მთიდან დაშვებული, ვით ვაჟას მდინარე,
რომ „ვეღარ გადუველ“ ის... გულთა გამყოფი, კვლავ წლების ნისლია!
ჰოდა, რა იქნება, ცოტა ხნით - სნეული - მეც რომ მომასვენოთ,
თუ ჩემი ხათრი გაქვთ, ეგ ცეცხლის კალმები ფურცლიდან გადადეთ,
ამ ჩემი დაღლილი... დაღლილი სხეულის ცოდვებით სავსენო,
ის მაინც მითხარით, რომ აღარ მასვენებს, რა სენი გადამდეთ?!
***
თვალი სინანულის ნამცვრევი ნაჟურით პირთამდე ივსება,
სული კი ნაცემი - სჯობს აღარც მკითხავდეთ - ორთქლდება ნისლებად!
*************************************
მარი ჟღენტი
07.03.2023

No comments:

Post a Comment