Saturday, March 11, 2023
ანდერძი (ავტორი: სოფიო ჭელიძე)
.სკოლაში ყოველდღიურად მიმავალს პირველ სართულზე მეზობელი ქალი მხვდება. მარტოხელაა. - ნეტა არ ეზარება ყოველ დილით გარეთ გამოსვლა,- ვფიქრობ, - დარშიც და ავდარშიც?. - არც იმდღევანდელი დღე იყო გამონაკლისი. კარალიოკებით ხელში შემომეგება პირველ სართულზე, ჩანთაში ჩაიდე, სკოლაში შეჭამო. პარკიანად ჩავდე, სკოლაში ბავშვებს გავუმასპინძლდი, გაეხარდათ. როცა ხურმა და კარალიოკი შემოდის, მე ჩანთა ყოველთვის სავსე მაქვს კარალიოკით, ხურმა დაიჭყლიტებაო და ჩვენთან სახლში ააქვს. დედაჩემი კმაყოფილია, ძალიან უყვარს ეს ხილი. ზაფხულობითაც ხან ბლით გვიმასპინძლდება, ხან ალუბლით და ა. შ. ნიგვზის ხეებიც კი უდგას თავის ბაღში ლია დეიდას, ასე ვეძახი, თორემ ისე ბებიაჩემის ხნისაა. ყველა ასე ეძახის, ალბათ სწყინს, ბებიას რომ ეძახიან, ასე იციან გაუთხოვარმა ქალებმა. ჩემი დაკვირვების შედეგია, მიუხედავად ჩემი ასაკისა, ყველაფრის გაანალიზება მიყვარს და შესაბამისი დასკვნებიც გამომაქვს, არ ვიცი, რამდენად მართალია ისინი, მე კი ახლახანს შემისრულდა თექვსმეტი. მიყვარს ლია დეიდას ბაღში ჯდომა, იქ კურდღლებიც ჰყავს გალიებში, ქათმებიც, ყოველდღიურად ასუფთავებს სადგომს, სუნმა არავინ შეაწუხოსო. პირველ სართულზე ცხოვრობს, ბაღიც იქვე აქვს, თურმე საბჭოთა დროს, როგორც ბებიაჩემი მიყვებოდა, პირველ სართულზე მაცხოვრებლები იჩემებდნენ სახლის წინ მდებარე მიწის ნაკვეთებს, ლია დეიდას მშობლებსაც ორმოცი წლის წინ, როცა ეს სახლი აშენდა, აუღიათ ეს მიწის ნაკვეთი, ხეხილიც დაურგავთ და ახლა მის ყურებას და იქ ჯდომას არაფერი სჯობს. ოაზისივითაა კორპუსებს შორის. აბა, ჩემი სახლის ფანჯრიდან რომ გადაიხედავ, არაფერი მოჩანს კორპუსების გარდა. არც ბინაში გვაქვს უკეთესი ხედი, ფანჯრის ჩარჩოები და რაფები სიძველისგან გაშავებულა, შპალიერებიც ძველისძველია, ადგილ-ადგილ ჩამოხეული, ჭერიც სითეთრით ვერ დაიკვეხნის. ერთ დროს ბინის შესასვლელი ისეთი დანგრეული იყო, ბებიაჩემი სანამ ცოცხალი იყო, სულ იმას ნატრობდა, ეს მაინც გააკეთეთ, თორემ რომ მოვკვდები, ხალხი რას იტყვისო. რამდენიმე წლის წინ გაარემონტა ბიძაჩემმა, დედაჩემის ძმამ, ასეთი რაღაცეები ეხერხება. ბებიაც კმაყოფილი დარჩა, ათასი მადლობა მოუხადა, სირცხვილს გადაგვარჩინეო, ალბათ ამ ქვეყნიდან წასულს ერთი სადარდებელი მაინც ჩამოშორდა გულიდან. არ გეგონოთ ამ დღეში რომ ვცხოვრობთ, ზარმაცები ვიყოთ. მამაჩემი პროფესორია, დოქტორი, სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობს, მაგრამ დაბალი ხელფასი აქვს, წლიდან წლამდე ბანკის ვალებს ამატებს და ამატებს, ვერ აუდის ოჯახის რჩენას, ბანკის პროცენტებიც მატულობს, დედა რეპეტიტორია, რომ ნახა მამას უჭირდა ოჯახის რჩენა, მოსწავლეები აიყვანა, იმიტომ რომ სხვა სამუშაო ვერ იშოვა, უკვე ასაკშია. თუმცა კარგი განათლება აქვს თავის დროზე მიღებული. ახლა ლექსებს წერს და ამას აყოლებს გულს, რომელიც ალბათ სევდით აქვს სავსე ამ დუხჭირი ცხოვრების გამო. მამას ხშირად საყვედურობს, ამ პროფესორმა კაცმა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო როგორ ვერ იშოვეო, ისიც თავს იმართლებს, აიმედებს დედას და თავსაც იიმედებს, ახალი მთავრობა მოვა და სწავლულებს დააფასებსო, მაგრამ რატომღაც ეს დღე არა და არ დგება. ჩემი ძმებიც მუშაობენ, საღამოობით ძლივს შემოლასლასდებიან სახლში, სამსახურისგან და ტრანსპორტში რამდენიმე საათიანი მგზავრობისგან, მოგეხსენებათ პიკის საათებში თბილისში მუდმივად საცობებია, დაღლილ-დაქანცულები, ნახევრადმძინარენი მიუსხდებიან კომპიუტერს და დაძინებამდე ასე ერთობიან. ჩემთან სალაპარაკოდ ხანდახან თუ მოიცლის ვინმე. დედა საოჯახო საქმეებს რომ მორჩება და ბავშვებთან მეცადინეობას, მერე ცოტა დროს მეც მითმობს, თან ცალი თვალით კომპიუტერში იხედება, არც მე მაქვს ბევრი სალაპარაკო დრო. ორ საათამდე სკოლაში ვარ, კვირაში ოთხჯერ სამხატვრო სასწავლებელში დავდივარ, წელს მათემატიკაზეც დავიწყე სიარული, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები. სკოლაში სიარულიც მიყვარს და სამხატვრო სასწავლებელშიც. მიყვარს ჩემს ტოლებთან ურთიერთობა, მათთან არ მოიწყენ. ამას წინათ კლასელ ბიჭს ვეთამაშებოდი, შემთხვევით ხელი მკრა და შორს გადავფრინდი, სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით, ძალიან გამხდარი ვარ. ფრენის პროცესში ვხედავდი კლასელების აღელვებულ სახეებს, ყველამ ჩემკენ გამოწია ხელი, ჩემს დაჭერას ცდილობდნენ, მაინც დავეცი, თუმცა არაფერი მიტკენია, ყველა მომცვივდა, ერთმა ტირილიც კი დაიწყო, რამე ხომ არ მოგივიდაო, ვფიქრობდი, ნეტა ასეთი გულისხმიერები დარჩნენ ეს ბავშვები მთელი სიცოცხლე-მეთქი. თორემ ასაკოვან ხალხს რომ ვუყურებ, მიკვირს, ალბათ ცხოვრებამ დაუხშოთ გრძნობები და გაუგრილათ-მეთქი გული. ავტობუსში ისეთ ლანძღვა-გინებას ვისმენ ხოლმე. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ყველაზე ვერ ვიტყვით ამას. დედაჩემი და მამაჩემი ძალზე კეთილი ადამიანები არიან, მთელი ცხოვრება ცდილობენ სხვებს დაეხმარონ, ალბათ იმიტომაც არა აქვთ არაფერი. ქართული ანდაზა მახსენდება: "ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა." ვეუბნები დედას, შენ ვინ რა მოგცა, შენ რომ მიგაქვს-მეთქი, გაოცებული შემომხედავს და ისიც ანდაზით მპასუხობს: "მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება." ჩემი მშობლები მუდამ ოპტიმიზმით არიან სავსენი და მომავლის იმედი აქვთ, ჩემგან განსხვავებით, რადგან მე, რეალისტურად ვუყურებ ამ ცხოვრებას და მათსავით ჰაერში არ დავფრინავ, თუ რა თქმა უნდა, ძალით არ გამაფრინეს. ფიქრებში მივმართავ ხოლმე მშობლებს, თუმცა ხმამაღლა არაფერს ვეუბნები, ნუთუ მოგწონთ, თექვსმეტი წლის გოგოს თავისი ოთახი რომ არა აქვს და თქვენს ოთახში სძინავს დაბადებიდან დღემდე, თუმცა მამა დიდიხანია ლოჯში გადაბარგდა, წიგნი უნდა დავწეროო, თუ ეს უკვე ტრადიციად იქცა?! ნუთუ მოგწონთ, რომ თქვენს ვაჟებს ცოლები ჯერ კიდევ არა ჰყავთ, იმიტომ რომ არ იციან სად მოიყვანონ?! თუმცა ეს ტრადიციად არ უნდა იქცეს, თქვენც ხომ გინდათ შვილიშვილები?! ნუთუ მოგწონთ, რომ სახლში ვერავინ მოგვიყვანია, იმიტომ რომ ბინა საშინელ დღეშია და არ გვინდა ვინმემ ნახოს და ა. შ. რაც თავი მახსოვს, დაძინების წინ მუდმივად ერთ ადგილს ვუყურებ, კედელში უზარმაზარი ნაპრალია, ზევითა მეზობლებთან სამზარეულოში კანალიზაციის მილი იყო გახეთქილი, არც ჩვენ გვიშვებდნენ გასაკეთებლად, არც თვითონ აკეთებდნენ, ასე გრძელდებოდა ათი წელი, სანამ საბოლოოდ ჩვენს ქვევით მეზობელთანაც არ ჩავიდა წყალი და იმან იცოცხლე, შავი დღე აყარა. თვითონ მერე რემონტიც გააკეთეს და დაობებული გაშავებული კედელიც დაფარეს, ჩვენ კი დღემდე შემოგვრჩა ეს ღრმული კედელში, შპალიერი ჩამოიხა, გაშავდა. ასე მგონია ამ ნაპრალიდან ამოსული სიბნელე ავსებს ოთახს ბნელით და არა ფანჯრიდან შემომავალი წყვდიადი. ობობის ქსელებივით მოედება ხოლმე მთელ სახლს, ყველა კუთხე-კუნჭული და კედლები სწორედ ამ სიბნელითაა გაჟღენთილი, უიმედობის, უსასოობის, ასე ვფიქრობთ მეც და ჩემი ძმებიც. რისი იმედი უნდა გვქონდეს, რომ ახალ სახლებს ვიყიდით თუ ბოლოს და ბოლოს ამ ძველს მაინც გავარემონტებთ, როცა ამის საშუალება არც ერთს არა გვქვს?! მიყვარს გარეთ გასვლა და სამხატვრო სასწავლებელშიც სიამოვნებით მივდივარ, "ეტიუდნიკით" და ზეთის საღებავებით დატვირთული, ტრანსპორტი რომ არ მღლიდეს. თამაზი მასწავლებელი მალე ოთხმოცის გახდება, მაგრამ ენთუზიაზმით და ენერგიით სავსეა, ბევრ რამეს გვასწავლის არა მარტო ხატვაში, ცხოვრებისეულ საკითხებზეც გველაპარაკება, თავისი ისტორიებს გვიყვება, ძალიან გამეხარდებოდა, ასეთი ბაბუა რომ მყავდეს, ჩემები არც ერთი არ არის ცოცხალი. ჯგუფში ძირითადად გოგოები ვსწავლობთ, ერთი ბიჭი გვყავს, რომელიც იშვიათად დადის. ჩვენი ტოლი გოგოების ლაპარაკის თემა კი, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვან წილად, ბიჭებია, ყვებიან ისტორიებს, ვის ვინ მოსწონს, ან ვის მოსწონს, მაგალითად, ელენეს შიო მოსწონს, რომელიც თურმე კარგად კითხულობს ლექსებს, ვიკას ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა დაბადების დღეზე სათვალეები აჩუქა, ძალიან ძვირფასი, თეონაც შეყვარებულია, მაგრამ არ გვიმხელს ვისზე და ა. შ. ეს ისტორიები მართობს, მაგრამ მე თვითონ სიყვარულზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, წიგნების კითხვა უფრო მიყვარს და მიტაცებს. ჯერ დეტექტივებს ვკითხულობდი, ახლა უფრო სერიოზულმა თემებმა გამიტაცა. კაფკას რომანები წავიკითხე, "გოდოლი" და "პროცესი", ახლა მის მოთხრობებს ვკითხულობ, ჩემს ცივ ოთახში საწოლზე მოვირთხავ ხოლმე ფეხებს, დედას თბილი ჩუსტები ვაყიდინე, ფეხები რომ არ გამეყინოს და უცნობ სამყაროში ვიძირები, რომელიც თავიდან მიმაჩნდა, რომ მკვეთრად განსხვავდებოდა ჩვენი სამყაროსგან, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე არაა, ცხოვრება და ადამიანები ყველგან ერთნაირია, მხოლოდ ნიუანსებით განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, დროს და სივრცეს არა აქვს მნიშვნელობა.როცა ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი" წავიკითხე, მთავარი გმირი ხასიათით ჩემს უფროს ძმას მივამსგავსე, მერე ჩემშიც აღმოვაჩინე იგივე თვისებები, ავტორის რჩევაც გავითვალისწინე, რომ არ არის აუცილებელი, ყველაფერს სერიოზულობით უყურო, იუმორით უნდა შეხედო ცხოვრებას და რაც შეიძლება მეტი პოზიტივი ეძებო, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანო. ამას ამბობს მამაჩემიც. ახლა ვცდილობ, ასე ვიცხოვრო, სიცილი ხომ ისედაც მიყვარს, გურული ვარ. იმ დღესაც, მეზობლის ქალმა კარალიოკებით სავსე პარკი რომ მომაწოდა, გავბრაზდი, ამას რა ათრევს-მეთქი, მერე გამეცინა, გაძლევს, შე-ქალო, ხომ არ გართმევს, ბავშვებსაც გაუმასპინძლდები და გულში სიხარულის ნაპერწკლები დავინთე, მაგრამ ნაადრევად, უცებ მითხრა, მიწა მეძახისო, გამიკვირდა, რას ლაპარაკობს-მეთქი ეს ქალი, რამდენიმეჯერ გამიმეორა, დათრგუნული წავედი სკოლაში, გაკვეთილებზე ვფიქრობდი, რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები, ალბათ სიკვდილსთვის თუ ემზადება, მაგრამ რომ არ არის ისეთი მოხუცი?! -თავს ვიმშვიდებდი. ადამიანის სიკვდილი ჩემი თვალით მქონდა ნანახი, ერთხელ, ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა ჩვენთან სახლში და მეორედ, მამაჩემი ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან. ეს ასე მოხდა, სადღაც დილის შვიდი საათი იქნებოდა, შაბათი დღე იყო, მამაჩემმა დედას დაუძახა, მთელი ოჯახი ფეხზე წამოფრინდა, როცა მივედით, გონდაკარგული კრუნჩხვებში იყო ჩავარდნილი, დედა ყვიროდა და სახეში ურტყავდა ხელებს, რომ გამოეფხიზლებინა, მეც ვყვიროდი, სასწრაფოს იძახებდა ჩემი ძმა, ამასობაში მამა მოეშვა, მერე გასწორდა, თვალებიც ერთ წერტილს მიაშტერა, მთლიანად გაშავდა. ჩვენს თვალწინ გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი ადამიანი, არ ვიცოდით, რა გვექნა, უფროსმა ძმამ გულის მასაჟის გაკეთება დაუწყო, გული აქვს გაჩერებული და იქნებ უშველოსო, რომ დაიღალა, მეორემ გააგრძელა, დედაც, როგორც იქნა, გონს მოეგო და ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა მამას, მერე ხახაში ხელი ჩაუყო, ენას დაეჯაჯგურა და ჰოი, სასწაული, მამამ უცბად ღრმად ამოისუნთქა ერთხელ, მეორედ და გონს მოვიდა. მივხვდი, რომ გადარჩა, მადლობელი ვიყავი ღმერთის, ჩემი ძმების და დედაჩემის. თხუთმეტი წუთის მერე სასწრაფოც მოვიდა, საავადმყოფოში გააქანეს, თურმე ინფარქტი მიუღია. მივხვდი, რომ ადამიანის სიცოცხლე არაფერი ყოფილა, ერთ წუთში შეიძლება აღმოჩნდე სხვა ქვეყანაში, რომელიც არ ვიცით როგორია, ამიტომაც გვაქვს მისი შიში, თუ ღრმად მორწმუნე არა ხარ. ყოველივე ამის მნახველს ლია დეიდას სიტყვებმა შიშის ზარი დამცა. არ მინდოდა მომკვდარიყო, ის ხომ ბებიაჩემის დიდი მეგობარი იყო, მერე დედაჩემის, ახლა ჩემთანაც მეგობრობდა. მის მშვენიერ ბაღსაც რა დაემართებოდა, ვინ იცის, მეზობლებს ერთი სული ჰქონდათ, გარაჟები აეშენებინათ იქ. რამდენიმემ სცადა კიდეც მისთვის ნაკვეთის წართმევა, მაგრამ სხვა მეზობლებმა მხარი არ დაუჭირეს, რომ იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. იმ დღესვე ვუთხარი დედას ლია დეიდას ნათქვამი, შეიცხადა, რა უნდა სჭირდესო, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მეზობელი ქალი თვითონ გამოცხადდა ჩვენს სახლში თხოვნით, მიპატრონეთ სანამ ვიცოცხლებ, დამასაფლავეთ და თქვენ დაგიტოვებთ ბინასო. ჩემი მშობლები დაიბნენ, ასეთ წინადადებას არავინ ელოდა, იცოდნენ, რომ ქალს ნათესავები ჰყავდა. დედაჩემი შეჭოჭმანდა, შვილებს ხელი მოემართებათო, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი განაცხადა, ჩემს შვილებს ვერავის ვაწყევლინებ, უპატრონო რომ იყოს, სხვა საქმე იქნებოდაო. ლია დეიდას არ სწყენია ჩვენების უარი, ისევ ისე განაგრძობდა ჩვენს პატივისცემას, დედაც, რა თქმა უნდა, ვალში არ რჩებოდა, რაც შეეძლო. ისევ კარალიოკებით დახუნძლული მივდიოდი სკოლაში, დედა კი სიამოვნებით მიირთმევდა მეზობლის შემოწოდებულ ხურმას. რამდენიმე თვის შემდეგ ლია დეიდა მართლაც გარდაიცვალა. კედლის ღრმულიდან სიბნელესთან ერთად სიცივეც შემოვიდა და მთელი სახლი გამოავსო, სახლიდან სითბო დაიკარგა, თითქოს უფანჯრო და უკარო სახლში ვცხოვრობდით. ამ სიცივის განდევნას დიდი დრო დაჭირდა. კიდევ უფრო ღრმად შევიცანი ამ ცხოვრების ამაოება, მშობლებზეც გავბრაზდი, რა უსუსურები არიან, ყველაფერს სხვას უთმობენ-მეთქი.. ლია ბებოს, ახლა ასე დავუძახებ, რადგან ცოცხალი აღარაა და არ ეწყინება, ნათესავები ჩამოცვივდნენ მისი გარდაცვალების შემდგომ, ერთმანეთი ლამის დახოცეს, ანდერძი არ დაეტოვებინა გარდაცვლილს. ექვსი თვის მერე ბინა გაყიდეს და თანხა გაინაწილეს. ბაღი მეზობლებს დარჩათ, ჩვენ, რადგან მანქანა არ გვყავდა, ახლოსაც არ მოგვიშვეს. იქაურობას ყოფდნენ, ხეებს ჭრიდნენ, უეცრად ეზოდან კივილი გაისმა, მეზობელი ქალი ამოვარდა ჩვენთან, ჩამოდით, ლიას ანდერძი დაუტოვებიაო. ჩავედით, ეზოს ერთ კუთხეში მდგარი კლიონკაგადაკრული მაგიდის უჯრიდან ქაღალდი ამოეძვრინათ, სადაც დიდი ასოებით ეწერა, რომ ბაღის ნაწილს, სადაც ყვავილებია გაშენებული, მოსავლელად ამა და ამ პირს ვუტოვებო, ჩემი სახელი და გვარი იყო მითითებული, ყურებს არ ვუჯერებდი, ალბათ დასანგრევად და გასაპარტახებლად ვერ გაიმეტა თავისი ყვავილები. იმ ადგილის ხელის ხლება ვეღარავინ გაბედა, მიცვალებულის ანდერძი აუცილებლად უნდა შესრულდესო. ამ ზაფხულში, რადგან ძალიან ცხელოდა, ჩვენს სახლში კი, მით უმეტეს, გაუსაძლისი სიცხე იცის, ჩავდიოდი ხოლმე ახლა უკვე ჩემს ბაღში. თეთრი, წითელი, ყვითელი ვარდებით დამშვენებული გარემო მამშვიდებს და სიცოცხლით ტკბობის სურვილს მიღვიძებს. მივხვდი, რომ ყველას არა აქვს ამის უნარი, ლია ბებოსთვის კი ალბათ ერთი ყვავილის გახარება მეტს ნიშნავდა, ვიდრე ზოგიერთისთვის ერთი დიდი მოგება კაზინოში. მშობლებზეც ბრაზი გამინელდა, ასეთები არიან და რა ქნან-მეთქი. ახლა სულ სხვა თვალით ვუყურებ ცხოვრებას, იმედია გამიმართლებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment