დღეს 8 მარტზე მინდა ვისაუბრო, რადან ეს დღე ჩემთვის დედასთან ასოცირდება. როგორც მზის გარშემო მოძრაობენ პლანეტები, ჩვენც, ხუთი შვილი, ასე ვმოძრაობდით დედა - მზის გარშემო. 8 მარტი კი განსაკუთრებული დღე იყო ჩვენთვის, დედის დღე. ნაირ-ნაირი ყვავილები მიგვქონდა დედასთან, მამა აუცილებლად ჩუქნიდა რომელიმე სუნამოს, რატომღაც ახლა ,,კრასნაია მასკვა" გამახსენდა, დედა ასევე ღებულობდა ნაირ-ნაირ ბარათებს რუსეთიდან, უკრაინიდან თავისი ნათესავებისგან. რამდენი სითბო იყო იმ ბარათებში, ახლა ვხვდები. ის კი არა და ახლა ხელნაწერი ტექსტები მომენატრა. ხარბად ვკითხულობ ძველ მისალოცებს, ჩვენ, გოგოები თანაკლასელებსაც ვჩუქნიდით ამ ბარათებს, მასწავლებლებს, ბიჭები ჩვენ გვჩუქნიდნენ და იდგა სითბო, სიყვარული, რომლებიც გულებს აერთიანებს. ვუყურებ ახლა შვილებისგან ჩემთვის მორთმეულ ყვავილებს და დედა მახსენდება, მისი გაბრწყინებული სახე, არა და ისეთი მშვიდი იყო ყოველთვის, ვერ გაიგებდი რა უხაროდა ან სწყინდა, რა უყვარდა ან არ უყვარდა. ემოციებს ყოველთვის მალავდა. დღეს ჩემს თავს ვუბრაზდები, ჩემს თავს ვეკითხები, ნეტავ დედას რა კერძი უყვარდა? პასუხი არ მაქვს, გაჭირვებულად ვცხოვრობდით, რაც გვქონდა, იმას ჭამდა, პრეტენზიაც არასოდეს გამოუხატავს. ბოლო 30 წელი უკრაინაში ცხოვრობდა, ჩემგან შორს. მასთან ურთიერთობის მრავალი წელი მომაკლდა, ბევრი სითბო და სიყვარული. ჩაიხედეთ, შვილებო, თქვენი დედების გულებში, შეიძლება ბევრი რამე არც იცით მათ შესახებ: რა უყვართ, რა სწყინთ, გაიგეთ, რომ მერე ჩემსავით გული არ დაგწყდეთ. გაიხარეთ, ქალბატონებო, ბედნიერები, ღიმილიანები მენახეთ ყველა!
No comments:
Post a Comment