მოგონებებიდან:
ბავშვობაში ფონიჭალაში ვცხოვრობდით, მტკვრის სანაპიროზე. სანამ მდინარესთან მიხვიდოდი, კლდე უნდა ჩაგევლო, ქვიანი, ცოტა არ იყოს, საშიშიც იყო იქ სიარული, მაგრამ მე რა შემაჩერებდა. ცნობისმოყვარე ვიყავი. ყველაფერი მაინტერესებდა, ამ ციცაბოზე ნელა-ნელა ვეშვებოდი ხოლმე, ბალახებს, ეკლიან მცენარეებს, სხვა იქ არ ამოდიოდა, ვეპორჭყიალებოდი, ვებღაუჭებოდი და ხან წინსვლით, ხან უკანსვლით, მდინარესთან ჩავდიოდი. იქ ერთი ლოდი მქონდა ამოჩემებული, იმაზე დავჯდებოდი და მტკვრის ,,დუდუნს" ვუსმენდი. ფერიც მახსოვს წყლის, იშვიათად იყო სუფთა და ანკარა. მაგრამ მისი ჩხრიალი ყურს მიტკბობდა, ამიტომ დღესაც განსაკუთრებულად მიყვარს წყალი, მორაკრაკე ნაკადულები, ტბები, ზღვები, ოკეანეები თუ მთის პატარა წყაროები, ჭები და მიწისქვეშა წყლები. საქართველო წყლით მდიდარია, სისხლძარღვევებითაა დასერილი მისი სხეული, ის აცოცხლებს, უკვდავებას აძლევს, რომ მარად იარსებოს. მე კი იქ მეგობარი ხვლიკი მყავდა. ჩემს ლოდთან სხვა ლოდებიც ეყარა და სწორედ ერთი ლოდის ქვეშ ხვლიკი ცხოვრობდა. გამოძვრებოდა ხოლმე, აცოცდებოდა იმ თავის ლოდზე, მზეზე თბებოდა. ასე ვუყურებდით ხოლმე ერთმანეთს. მეგონა ზღაპრული ხვლიკი იყო, მზის შუქი შარავანდედივით დაადგებოდა ხოლმე. გუშინ ლექსიც ჩავწერე მასზე:ხვლიკი
იმ ლოდის უკან ხვლიკი ცხოვრობდა,
მზეზე ბრჭყვინავდა ის ლილისფერად,
და დრო იმ ლოდთან როცა ომობდა,
გვირგვინს იდგამდა ის მზის სხივებად.
მზად იყო ჩემთვის გაეყო გული,
უმანკო სულის მცირე ნაგლეჯი,
და მისრულებდა ყოველგვარ სურვილს,
ძლიერ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი.
მაგრამ დამთავრდა ბავშვობა წრფელი,
ის ხვლიკიც გაქრა, აღარ ჩანს ლოდზე,
მე კვლავ ლილისფერ მეგობარს ველი,
ქარიშალი კი ქარიშხალს მოსდევს.
მაია დიაკონიძე
5.05.2023 წელი
Maia Diakonidze
ელგუჯა ციგროშვილი არა, არ დამირქმევია, მაგრამ ჩემი ზღაპრის გმირი თუ გახდა, რამეს მოვუგონებ, მანამდე უსახელო გმირია ჩემი მოგონებების, ისე კი მართლა, რა წმინდა და ალალია ბავშვის ბუნება, სანამ ცხოვრების სირთულეები შერყვნის...
No comments:
Post a Comment