მატარებელი (ესსე)
ვაგონი ვაგონს ჩაბმია, ვაგონი - ვაგონს, დგანან თავდახრილები. ეს ელექტროდეპოა, თითქოს დრო მოჭამესო ვაგონებმა, აღარავის ახსოვს, დაჟანგულები, სიცოცხლეწართმეულები, ერთ დროს რომ ტვირთს დაატარებდნენ მთელ საქართველოში და არა მარტო: მოსკოვი, ხარკოვი, ოდესა, ბაქო, ერევანი... თავაწეულები ჩაუქროლებდნენ ბაქანზე მდგომთ, ნახეთ, რამდენს ვშრომობთ ადამიანებისთვის, რამდენი ტვირთი მოგვაქვსო. ახლა კი დგანან მუხლჩახრილნი, მუხლშეკეცილნი. ელექრტოდეპოს ხიდზე გადამსვლელნი თუ გადაუღებენ სურათს, უფრო უცხოელები, სევდით გადახედავენ ნაშთს ძველი დიდებისას. გახსოვთ, ალბათ, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, როგორ ქუხდა და გრგვინავდა. ჩაინავლა და ჩანაცრდა საქართველოს მრეწველობა. აქა-იქ თუ აღმოაჩენ რკინაზე მომუშავეთ და მოკაკუნეთ.
ისევ მატარებლები მახსენდება, სულ-კივილ-კივილი რომ გაუდიოდათ, მთელი ღამე არ ჩუმდებოდა მათი ხმა. ახლა ერთი-ორი თუ ჩაივლის ზლაზვნით, მთქნარებით, მცონარებით, თითქოს ხალისიც დაუკარგავთ, არავინ ეგებებათ. საიდან ვიცი?! აქ ვცხოვრონ ელექროდეპოსთან, ადრე სამხრეთ დეპოს ეძახოდნენ. ყველა მატარებელი აქ იყრიდა თავს, ზოგი დასასვენებლად შემოჰყავდათ, ზოგსაც არემონტებდნენ.
ბავშვობა მახსენდება, ყველა მატარებელს ხელს ვუქნევდი, მეგონა ჩემი და არა მარტო ჩემი, ყველა ბავშვის ოცნება მიჰქონდათ ღმერთთან ასასრულებლად. ამ ჩაჟანგული მატარებლის ვაგონებივით ჩამომსხდარან ჩემი ოცნებებიც მათ სახურავებზე. წარმოიდგინეთ, ოცნება ჩაჟანგული ვაგონის თავსახურზე ჩამომჯდარი, ფეხებდაკიდებული, დაღლილი თვალებითა და სულით. ესაა დღევანდელი საქართველოს რეალობა... თუ ასე არაა, ვინმე შემედავეთ.
მაია დიაკონიძე
15.05.2023 წელი
No comments:
Post a Comment