Sunday, May 21, 2023

ადამიანის დაგრჩეს იერი!

აკაკუნებენ ქარნი მინებზე,
ზეცის დახრილა სველი წამწამი,
ჩამოთვლილია თითქოს თითებზე, -
ვიღაცას - წუთი, ვიღაცას - წამი.
ცის მდუმარება შეჰყრიათ ვერხვებს,
ქუჩაზე დგანან სასოწარკვეთით,
ვიღაც პოულობს და კარგავს მერე,
არაფერია ქვეყნად დაკვეთით. -
არავინ გვკითხავს, როდის მოვიდეთ,
როდის წავიდეთ, არც ამას გვკითხავს,
ოღონდ მიხედე სულის სამშვენისს,
ნუ დაამძიმებ ცოდვებით მიწას.
ფაფარაყრილებს ჰგვანან ღრუბლები,
ჩვენმა გრძნობებმა ზეცად იალა,
დამეხილი თუ რჩება მუხები,
ჩვენ ნუ გავთელავთ სულის იალაღს.
ნუ გვეგონება, გვეპატიება,
სიტყვა, რომელიც არ უნდა ითქვას,
და თუ უფალმა ასე ინება,
ტყუილად რად ისვრი უდიერ სიტყვას.
შენც გამოზარდე გულში იები,
ზეცა გვიყურებს ლურჯი თვალებით,
ადამიანის დაგრჩეს იერი, -
დაღონდნენ შენი გარდაცვალებით.

















No comments:

Post a Comment