Friday, May 26, 2023

მსჯელობა ზოგიერთ საჭირბოროტო საკითხზე (ტელეშოუები), ესსე

 დღეს ერთ საჭირბოროტო საკითხზე მინდა ვისაუბრო. გუშინ რაღაც სატელევიზიო გადაცემის შოუს ლინკი გადმომიგზავნეს. ვუყურე, მერე სხვები ამომიგდო, იმათაც შევხედე, დღესაც გავაგრძელე მათი ყურება და საშინელ დღეში ჩავვარდი, სიმართლე გითხრათ. რის პროპაგანდას ეწევიან ეს გადაპრანჭული ქალბატონები და ბატონები?! ყოველგვარი აღვირახსნილობის, უზნეობის, რაც ჩვენს ქართულ ტრადიციებს იმთავითვე ეწინააღმდეგება. გოგონები საუბრობენ, თუ როგორი მდიდარი სქესობრივი ცხოვრება აქვთ, აგერ ცოტა ხნის წინ ორ მამაკაცს ვუყურე, რომელთაგან ერთს თეთრი ქვედაბოლო ეცვა, ხაზს გავუსმევ, თეთრი, რაც სიწმინდის, უმანკოების სიმბოლოა და ის რაც არაბუნებრივია, როგორ შეიძლება სუფთა და უმანკო იყოს?! გოგონებო და ბიჭებო, ბატონებო და ქალბატონებო, თქვენს სახლებში რაც გინდათ ის აკეთეთ, არავინ მოგდევთ და გიყურებთ! რა საჭიროა, რომ იტყვიან, თქვენი თეთრეულის საჯაროდ გამოფენა?! მაშინ როცა ქართული ცეკვაც კი ქალისადმი მამაკაცის პატივისცემის და მანდილოსნის კდემამოსილების ნიმუშია, როგორ შეიძლება, ამ შოუებში წარმოდგენილი მაგალითებით ვიმსჯელოთ ერის სახეზე?! არადა მათი გაზიარებების რაოდენობამ დამთრგნა, ნუთუ ამ გადაცემებს კიდევ აზიარებენ, რომ სხვამაც შეხედოს?! სწორედ ასე ხდება ერის დეგრადირება, ახალგაზრდებსაც მეტი რა უნდათ? იტყვიან ნორმის ფარგლებშია ყველაფერი და ჩვენც ასე გავაკეთოთო. თუ საბჭოთა დროს, რომელსაც დღეს დავცინით, შრომის, სწავლის პროპაგანდა იყო, გვაჩვენებდნენ ადამიანებს, რომლებსაც გმირობის ორდენები ჰქონდათ მიღებული ომში, სწავლაში, შრომაში. მარტო ჩემი მეუღლის საახლობლოში ორი ლენინის ორდენოსანი ჰყავდათ, ერთი შრომის, მეჩაიე იყო. მეორეც, საუკეთესო პედაგოგი გახლდათ. ახლა ზოგიერთი მეტყვის, საბჭოთა დროის ნოსტალგია გაქვსო, არამც და არამც, მაგრამ რაც კარგი იყო იმ დროს, რატომ უნდა დავკარგოთ?! სიწმინდის, წესიერების პროპაგანდას ეწეოდნენ ფილმებში თუ გადაცემებში. მაშინ უფრო პატრიოტული იყო ზოგიერთი არხი, ვიდრე დღეს. კარგად დავფიქრდეთ: რა სახელმწიფოს ვაშენებთ, როგორი ახალგაზრდები გვინდა გვყავდეს?! არც ძალადობის მომხრე არ ვარ! მკაცრად განვიკითხავ ასეთ ადამიანებს! მაგრამ დაუმტკიცებელ ფაქტებზე ლაპარაკი უკვე ბრაზილიურ სერიალებს მაგონებს. ფრთხილად, როცა ახალგაზრდების სულთან გვაქვს საქმე! მისი დამახინჯება ძალიან ადვილია, თუ მას მყარი მორალური პრინციპები არ აქვს ჩამოყალიბებული. ასეთ თემებზე ლაპარაკი კი, რასაც ვისმენ, ერის განათლების დაბალ დონეზე მეტყველებს, თუ გავითვალისწინებთ გაზიარებების რაოდენობასაც. უფალი ჩვენთან!

მაია დიაკონიძე

25.05.2023 წელი

A

No comments:

Post a Comment