Sunday, May 28, 2023

უნდა გევარდა, ჩემო სამშობლოვ! (პატრიოტული)

 უნდა გევარდა, ჩემო სამშობლოვ,

მაგრამ ვინ მოგცა შენ მაგის ბედი,

შენი შვილები წმენდნენ იარაღს,

კრიალა ცაზე სწყდებოდა მეხი.

უნდა გევარდა და გებაღნარა,

რამდენი სისხლი ჩაღვრია მიწას, 

ყველა ყაყაჩო შენი სისხლია,

ვაი, შენს შვილებს, რომ ვეღარ გიცავთ.

დაგაჭრეს ხორცი, დაგწვეს, გაწამეს,

მაინც ცხვებოდა ობლობის კვერი,

დღეს ლერწამივით შეგათამაშეს,

შემოგაყარეს თვალებში მტვერი.

აღარ იხვნება დღეს შენი მიწა,

თუ კი იხვნება, სხვაა პატრონი,

სხვისი გამხდარხარ შენ უკვე ძიძა,

სხვისი გამხდარხარ ,,ამბასადორი".

შეურყვნელ სხეულს სხვა ეუფლება,

ვაი, რომ იქცნენ ასათასებად,

და თუ კი ჯვარი ჩვენ მოგვცა ღმერთმა,

რად გვინდა მისი დასაფლავება.



No comments:

Post a Comment