Saturday, May 6, 2023

სატრფიალო ლირიკა, კუნწულა ლექსები, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ჩამოგიკოცნე...

 

წარსულს ვჩხრეკავდი, შემომეფეთა,

სითბოთი სავსე შენი თვალები,

ისე ძალიან მომნატრებიხარ,

ჩამოგიკოცნე ,,ჩემი“ ხალები!

ქ. თესალონიკი, 13.03. 2016 წელი

           -----------------------------

ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

რატომ ავობ?!
(ფშაურ კილოზე)

აყვავილდა მთა და ბარი,
რატომ ავობ ჩემთვის მარტო?!
სხვები ყველა წყვილად არის,
მე სიზმარშიც ვრჩები მარტო.

რად მარიდებს ნეტავ პირსა,
დედოფალი გაზაფხულის,
შემწედ არვინ არ მაღირსა,
დამწყვილებლად ობოლ სულის!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 6. 03. 2021 წელი

დადგება ჟამი

იყო დრო, როცა გიკრეფდი ვარდებს,

შენთვის მინდოდა ყველა ღიმილი,

ნუ ფიქრობ, მარტო რომ ებრძვი დარდებს,

მეც მტკივა შენი ყველა ტკივილი.


არ მიცხოვრია უშენოდ წამი,

ვეღარ ვივიწყებ ბაგეს გოლეულს,

ალბათ, დადგება საჩემო ჟამიც,

ნამდვილით შევცვლი ფიქრის ორეულს.


ქ. თესალონიკი, 22. 05. 2013 წელი


ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

ღამეა, მთვარის ცელქმა სხივებმა
უკვე ჩარეკეს ხევში წყვდიადი
და გადმოგორდა მთების იქიდან
მთვარე, ვით მეკვლის ბედის ხმიადი.

ქ. თესალონიკი, 24.10. 2012 წელი

----------------------------------

სხეულში გრძნობები ვეღარ დაეტია,

ტრფობისკენ გვიხმობენ სურვილის ზარები,
ასეთ დროს ,,მესამე" ყოველთვის მეტია,
ჩავკეტოთ გულების ოთხივე კარები.

ქ. თესალონიკი, 1.05. 2022 წელი
-------------------------------

ფიქრში თუ ცხადში,
ფინჯანშიც კი შენ ამოდიხარ,
ამ ეგოისტურ შემოჯარულ ფიქრებს რა ვუყო?!
უძვირფასესი და ბაჯაღლო ოქროს ზოდი ხარ,
არ შემიძლა შენი თავი ვინმეს გავუყო!

30.07. 2016 წელი

---------------------------------

გულში მოლოდინის გიზგიზა ცეცხლია,
გვჯერა, სიყვარული მოდის მუდამ ძნელად.
ვფიქრობთ, ჩვენი ოქრო მარტოდენ ვერცხლია,
კვლავ მიწის თხრას ვიწყებთ ოქროს საპოვნელად.

10.09. 2016 წელი

---------------------------

ერთი ლექსის კომენტარად

ეჭვები თიშავს და არ აერთიანებს,
ფრთებს აჭრის ზეცისკენ გაფრენილ იმედებს...
ზაფხულში სიოზეც თუ იეჭვიანე,
ცხადია, ვიღაცას სიცხისთვის იმეტებ.

ქ. თესალონიკი, 02.02. 2016 წელი

----------------------------

ციკლიდან; ,,კუნწულა ლექსები"

სამყაროსავით უსაზღვროს ა ემ ხელებში გიტევ,
დაუსრულებლად ჩაგკოცნი... მერე კიდევ და კიდევ,
მშიოდეს შენი ფერება და არ გამაძღოს ღმერთმა,
ამ ლექსის მშვენიერება მხოლოდ შენ იცი ერთმა.

ქ. თესალონიკი, 14.09. 2012 წელი

-----------------------
ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

არის დღეები, წლებში რომ გასცვლი,
რომლებიც მარად გემახსოვრება,
ოცნების ჭურებს ბოლომდე დასცლი,
და თვლი, რომ ღირდა ქვეყნად ცხოვრება.

ქ. თესალონიკი, 06.06.2016 წელი







No comments:

Post a Comment