სიზმარი.
მესიზმრა, წარსულში, იქ სადაც
უსაზღვრო ქაოსი მძვინვარებს,
რძისფერი ნისლები ჰფარავდა,
შანდლებად ანთებულ მყინვარებს.
მივყევი, ზღაპარს თუ რეალურს,
მითიურ პრომეთეს მოვგავდი..
და კავკასიონზე მიჯაჭვულ
ამირანივითა ვბორგავდი.
ტანთ მეცვა, ხალიბთა ნაჭედი,
რვალზე უმტკიცესი ჯავშანი,
გორგასლის მუზარადი მეხურა,
მგელ-ლომის ზუჩით და ჩაჩქანით.
მივყევი, მზისა და მთვარის შუქს,
მთლად მოვვლე წყალი და ხმელეთი,
ქვესკნელში შევბოჭე ცერბერი,
მზის სხივით გავკვეთე ბნელეთი..
ათასჯერ გმირულად მოვკვდი და
სიცოცხლე დავიწყე თავიდან...
ეს მე მომიტანა ვაშლები,
ტიტანმა ატლასმა ბაღიდან.
ჰელიოსს ვეთხოვე რაშები,
მზის ეტლი ცარგვალზე ვაჭენე,
პირველმა დავუჩოქე ცაბაოთს,
იესოც პირველმა ვახსენე..
კენტავრებს, ციკლოპებს, ტიტანებს,
ვინ იცის,რამდენჯერ შევები,.
ღვთისშვილთა მხარდამხარ ვიბრძოდი,_
ლახტით ამოვხოცე დევები.
მე ვეხმარებოდი ჰერაკლეს,
ლერნეში, ჰიდრას რომ შეება...
აიეტს მოვტაცე მედეა,
ცოდვა ჩავიდინე ვეება..
ალპებში გზა ვაჩვენე ჰანიბალს,
საბრძოლო ეტლები ვაგორეთ,
ტირანებს ვურყიეთ ტახტები,
იმპერატორები დავტორეთ.
გალებში გავყევი კეისარს,
გალერით ვუწიეთ ეგვიპტეს,
დაფნის გვირგვინები დაგვადგეს,
რომში ტრიუმფებიც მოგვიწყვეს.
ბაბილონს ვაშენე გოდოლი,
როდოსში კოლოსი ზვიადი,
ალექსანდრიიდან, შუქურით,
გავკვეთე უსაზღვრო წყვდიადი.
ავთანდილს, ფრიდონს და ტარიელს,
ქაჯეთის ციხესთან ველოდი...
ნინოს გზას მოვყევი მცხეთამდის,
ქართლის მოქცევაში ვშველოდი.
წყლები შადრევნებად ავზიდე,
ვრწყე სემირამიდის ბაღები,
მე ავაშენე და მოვხატე,
მცხეთის სვეტიცხოვლის თაღები..
დავითის დროშასთან შევყარე,
ლაშქარი იმერთა--ამერთა...
ცოცხალი ვიქეცი ლეგენდად,--
აღმაშენებელი დამერქვა!
დიდგორთან დავლეწე თურქობა,
ხმალი სისხლში ვფერე,ვადამდე...
გავშალე ივერთა საზღვარი,
ნიკოფსით, შორს, დარუბანდამდე!
თამარის დროშის ქვეშ ვიომე,
შამქორთან, ყარსში თუ ბასიანს...
ვუცხონე დედ--მამის საფლავი,
დემეტრეს და ცოტნე დადიანს!
გმირი გამოვზარდე ნოსტეში,
აზიის პირველი მხედარი...
ჩვენ ერთად ვიგლოვეთ,მარტყოფთან,
პაატას უთავო ცხედარი.
მე თვითონ ვიყავი ალუდა,
ვარიგე მტერი და მოკეთე,
ადათს გადვუდექი თემისას,--
მოკლულ ქისტს, მკლავი არ მოვკვეთე!!!
ვეომე,ირანს თუ ოსმალეთს,
ასპინძის ხიდი მე ჩავტეხე,
ლეკების ლეგენდა ბელადი,--
ერეკლეს მახვილით გავკვეთე!
როდესაც შევებით აღა-ხანს, --
(კრწანისთან გვებრძოდა წყეული...)
მე ჩამოვეშველე ერეკლეს,
სამას არაგველად ქცეული!
თუმც გაქრა,გაფრინდა სიზმარი,
მზადა ვარ,თუნდაც ამ წამიდან,
კვლავ ათას ლეგენდად ვიქცე და
სიცოცხლე დავიწყო თავიდან!
გელა ციგროშვილი.
ქ. თელავი. 2002 წელი, ოქტომბერი
No comments:
Post a Comment