Wednesday, January 20, 2016
მაცივარი (მოთხრობა)
ჩემი უფროსი ვაჟის დაბადების აღსანიშნავად ბაბუამისმა, ვისი სახელიც დაერქვა პატარას, გადაწყვიტა დიდი ნადიმის გამართვა. სახლში ერთი პატარა მაცივარი გვედგა, დედამთილი სულ იმას ჩიოდა, ძველია, უვარგისი, უნდა შევცვალოთო. არ ვიცი, რა მოხდა, ღვთის თუ კაცის ხელი ერია ამ საქმეში, უეცრად, ეს პატარა მაცივარი გაფუჭდა და ძეობისთვის გადადებული ფული ახლი მაცივრის შეძენას მოხმარდა. თავიდანვე არ მომეწონა, აზერბაიჯანის გამოშვება იყო (არ აქებდნენ), თანაც წუნი ჰქონდა, საყინულე ფიფქს იკეთებდა. დედამთილს ვუთხარი, გამოცვალეთ-მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ძლივს მომიტანია სახლში და მაგას უკან ვეღარ წავიღებო, მაშინ, 1988 წელს, მაცივრის ყიდვა არც ისე იოლი იყო, როგორც დღეს. წუნიანი მაცივარი მალე გამოვიდა მწყობრიდან, საყინულეში თოვლი გროვდებოდა, თვეში ერთხელ გამოწმენდა ჭირდებოდა, დავიტანჯეთ, გავიდა 25 წელი, მაცივარი კი მაინც ვერ გამოვცვალეთ უსახსრობის გამო. ბოლოს, რომ იტყვიან გაგიჟდაო, ასე მოუვიდა ჩვენს მაცივარსაც, საშინლად ხმაურობდა, გრუხუნებდა, გული შეგვიღონა, სტუმარს გული უსკდებოდა, უცაბედად ღმუილს რომ მორთავდა. თავის მნიშვნელობას გვახსენებდა, უჩემოდ, ნეტა, რას იზამთო?! მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი "ამბიციებით" თავი მოგვაბეზრა. როგორც იქნა, შარშან, ნაახალწლევს, გადავწყვიტე, ახალი მეყიდა, ძველი კი - გადამეგდო. არ ვიცი, რა მოხდა, თითქოს იგრძნოო, მაცივარი მიყუჩდა, უხმაუროდ დაიწყო მუშაობა, მაგრამ ამ შელახული, ადგილ-ადგილ დაჟანგული, მოდიდან გამოსული ნივთის ყურება აღარ შემეძლო და ახალი მაცივარი მოვიტანე სახლში. დიდი, ლამაზი, იაპონური. მიუხედავად მისდამი სიმპათიისა, ტევადი არ აღმოჩნდა, გადავწყვიტე, პროდუქტების ნაწილი ისევ ძველში შემენახა, დროებით. მისთვის საქმე მაინც მოინახა, ისიც წყნარად, მშვიდად, უდრტვინველად განაგრძობს მუშაობას დღემდე, თითქოს ეშინია არ გადამაგდონო.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment