Saturday, January 9, 2016

ჩემი ლექსის გულშემატკივარი

ჩემი ლექსის გულშემატკივარი
დილიდან ცუდ ხასიათზეა,
ცივა, ოთახში გათბობა არა არის,
ლოგინიდან ამოძრომაც კი ეზარება
და იქ მესიჯობს თავის მეგობრებთან.
ახალამდგარი თავის ლამაზ ხელებს მომხვევს, 
თვალებში შემომხედავს და მეტყვის "არა უშავს,
სხვა დროს უკეთესს დაწერ", უსიტყვოდ გრძნობს
ფიასკოს, ჩემს ნაჯახირალს რომ ახლავს თან,
რადგან ან ნიჭი მაკლია ან ვერ გავრკვეულვარ
თანამედროვე პოეზიის წიაღსვლებში.
ისიც, ჩემი ახალატოტილი ვერხვის ხე, ხანდახან,
როცა ლექსს სადმე კონკურსზე ვაგზავნი,
იმედით გადმომხედავს ხოლმე, თუმცა მის გამოხედვაში
გაკიცხვაც იგრძნობა, "ნეტავ რას იწუხებ თავს?!"
ალბათ ასე  ფიქრობს და იქნებ მართალიცაა,
ჩემი პატარა, ჩემთვისაა პატარა, თორემ უკვე დიდია,
ჩემი ახალატოტილი ვერხვის ხე, რომელსაც ძალიან უყვარს
აკაკი წერეთელი და "თორნიკე ერისთავის" კითხვის დროს 
ყოველთვის ტირის, სხვა მისი ტოლებისგან განსხვავებით,
არ მინდა გულნაკლული რჩებოდეს ჩემი ნაცოდვილარის გამო.
არა, ლექსის, როგორც მე ვეძახი, წერას თავი უნდა დავანებო!


No comments:

Post a Comment