ზამთრის სუსხი ხელს გიბაწრავს,
ვეღარაფერს აკეთებ,
შეშა უნდა დაგეჩეხა,
შენ კი თვალებს აცეცებ,
დაინახო დედა, მამა,
ძმები, ბიძაშვილები,
აივანზე ჭრელ ხალიჩას
ბებო ქარგავს სირმებით.
ვაშლის ძირში ჩამოჯდები,
ყინვა ფიქრებს გარანდავს,
ერთმანეთზე შემოგიწყობს,
ჩირებივით აასხავს.
გელულება თვალები და
გახსენდება წარსული,
ბაბუ აქვე შეშას ჩეხავს
საუბარში გართული.
გამოკეტილ სახლს შეჰყურებ,
გულს გიკაწრავს აფთარი,
შენი ეზოს თოვლის კაცი
გზებზე გხვდება დამდნარი.
მტევნებივით დაიწურა
ამ ცხოვრების დღეები,
ლოლუებად დაკიდებულ
ზამთარს მიეგებები.
No comments:
Post a Comment