ჩემი ფიქრები ათოვს სახურავს
იმ სახლის, სადაც სიზმრები დამრჩა,
ბებო მოწყენით უზის საკერავს,
კვლავ ამზეურებს ატლასს და ფარჩას.
ჩემს ძველ თოჯინებს ურეცხავს კაბებს
და შესახვედრად ამზადებს ჩემთან,
ჩურჩხელას მალავს ნამზითვ ზანდუკში,
რომ თაგუნების არ იქცეს კერძად.
ფოლაქებს კინძავს, როგორც ზღაპარში,
რომელშიც მოქმედ უმთავრეს პირად,
მევლინებოდა ნაჭრის თოჯინა,
ღილები ჰქონდა თვალად და პირად.
იქ დამრჩა გული, გონება, ცნობა,
ოცნების გემმა მატარა მრუდედ,
ფიქრები ჩემი ათოვს სახურავს,
ჩემს ბავშვობას რომ კვლავ აკვანს ურწევს.
No comments:
Post a Comment