Saturday, March 22, 2014

მე გაზაფხულის ფერები მიყვარს





 მე გაზაფხულის ფერები მიყვარს,
ნაზი სიო და მწველი სურნელი,
ყვავილთა ფიფქი,კორდები მწვანე,
იების ბუჩქი,ვარდის ფურცელი.
მათრობს და მავსებს ლაღი გრძნობებით
ბალახის სუნთქვა,ამ მთების ექო,
თითქოს ძახილი გადიქცა მეხად
და ეს ხმაური სიჩუმედ მერგო...
დედა ბუნების შვილი ვარ ნაღდი,
ჩემშია მუხა,თხმელა და ნეგო
მათი სიცოცხლის ყოველი წამი
უკვდავსაყოფად ჩვენ ყველას გვერგო,
ასი წლის მუხა დამყურებს თავზე,
მის ხაზებს ვუცქერ,ხირომანტი ვარ,
მის ძლიერ მკერდზე დასვენებული
თითქოს ოცნების ნისლში დავდივარ,
მის უტეხ სულში შევაღწევ ძალით,
რომ წავიკითხო მისი ფიქრები,
მის უხეშსა და დაღარულ ტანზე
ისევ გაჩნდება წვიმის ნიფები,
და გამიტაცებს წყლის ნიაღვარი,
მაგრამ არ მივსდევ მე იმ ნაკადებს,
რადგან მუხა ვარ, იმისი შვილი
და მას არასდროს არ ვუღალატებ.

No comments:

Post a Comment