Sunday, March 30, 2014

წვიმა ცრემლებივით გახშირდა

რაღაც უცნაური აღტაცებით,
საყდრის დახავსებულ კედლებთან,
მზერას მაგებებენ გვირილები...
თეთრმაისურიან პეპლებთან
ვიწყებ დიალოგს და მოგონებას
გულში შევაერთებ ფიქრებად.
მწარე სინანულით გავიხსენებ
ჩემს ბებოს აღმართზე მიმავალს,
შავებში გამოწყობილს, მამლით ხელში...
მოჰყავდა ჯვარ-ხატის დიდება,
ფეხზე ამოცმული შალის წინდით,
მონასტრის ეზოსავით მოჭედილს, -
ჯერ ათასნაირი ყვავილებით,
მერე - ქარიშხალით მოწეწილს.
ისე ახლოსაა მთების ქედი,
ისე ახლოსაა საყდრის ქვა,
ზეცა, ღრუბელივით გაბერილი,
თავზე მეწვეთება მაღლიდან,
ჩემი მოგონებით ალესილი
წვიმა ცრემლებივით გახშირდა.


No comments:

Post a Comment