Friday, September 19, 2014
მონატრება (მოთხრობა)
თავზე ლურჯი ცა მეხურა, მაგრამ თითქოს ჩემი არ იყო, რაღაც აკლდა, პირს სიამოვნებისაგან ვაწკლაპუნებდი, წინ მაყვლოვანი გადაშლილიყო, შავი ნაყოფი ცვარივთ ეყარა ბუჩქებს, კალათას გავავსებ, ბავშვებს გავახარებ,- ვფიქრობდი, ეკლებს არ ვეპუებოდი,ხელით ვწევდი ტოტებს, ფეხებსაც ვახმარდი, მალე დავსისხლიანდი, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მახსენდებოდა ჩემი ბიჭის გაშავებული პირი და მხიარული სახე, ნეტა წამომეყვანა, -ვფიქრობდი, სისხლი მომაწვა სახეში, გამახსენდა, რომ ვერ დადიოდა, თბილისში ექიმებმა ცერებრალური დამბლა დაუდგინეს, ამ ავადმყოფობის სახელიც კი ძლივს დავიმახსოვრე. ტირილი მომინდა, მაგრამ გავხედე მაყვლოვანს, წარმოვიდგინე, როგორ გაიხარებდა ბავშვი და საქმე განვაგრძე. ორი ბიჭი მყავს, ერთმანეთზე უკეთესები, უფროსი კარგად სწავლობს სკოლაში, ენაცვალოს დედა, ისიც ჩაიგემრიელებს პირს, თორემ იმ პაწაწკინტელა სამოსახლოში, ომის შემდეგ რომ მოგვცეს, რა ხილი უნდა ჭამო, მართალია დიტომ ხეხილი ჩაყარა, მაგრამ ეგ როდის იქნება, ამიტომ მიწევს ტყეში სიარული, იქნებ შვილებს რამე მივუტანო,- ვფიქრობდი ნაღველით. ეჰ, ჩვენს ცხოვრებას თუ ცხოვრება ჰქვია, იმოდენა სახლ-კარი, ბაღ-ვენახი დავტოვეთ და ახლა აქ, პატარა მიწის ნაგლეჯზე ვცხოვრობთ, ღმერთო, არ გეგონოს რომ უმადური ვარ, მიხარია რომ გადავრჩით,თუმცა ამდენი დარდისაგან ხეიბარი შვილი შემეძინა. მერე რამდენი დაიღუპა.., რამდენი დასახიჩრდა,,, მაგრამ მაინც მინდა გითხრა, ჩემი სახლ-კარი მენატრება, ჩემი ჭალა, ჩემი ვენახი, ჩემი კარ-მიდამო, ჩემი მიწა, მერე როგორ გვიყვარდა ერთმანეთი მეზობლებს... ვინ იტყოდა, მე ქართველი ვარ და ის ოსიო...მეც ოსი ვარ, მაგრამ ვისზე ნაკლებად მიყვარს საქართველო?! ძნელია ავადმყოფი ბავშვის თბილისში ტარება, მასაჟები ჭირდება, ფული არა გვაქვს, ქმარი საშოვარზე თურქეთში წავიდა, მაგრამ იქაც ბევრი ვერაფერი იხეირა.ამას წინათ თამბაქოს პლანტაციებში მუშაობდა, მასთან ერთად ორი კასპელი კაცი ყოფილა, ერთს მეორესათვის 300 თუ 400 ევრო ესესხებინა, მსესხებელის შვილი გათხოვილიყო და ცოლმა ფული შემოუთვალა, ამანაც თურმე მევალეს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, მეორე დღეს ის უბედური ყელგამოჭრილი იპოვეს. იმ ამბის მერე ჩემს ქმარს იქ აღარ დაედგომებოდა, ეს ქართველები ვინა ყოფილანო, უკვირდათ თურქებს, რა დრო დადგა, რომ ქართველი კაცი ტვირთად დაწოლია დედამიწას და აგორებული ქვასავთ მოწყვეტილა....ფიქრისაგან ტვინი გამეხვრიტა, ისევ ჩემს საქმეს მივუბრუნდი, ყანებიდან მწყერის ხმა იმოდა, ჟრუანტელმა დამიარა ტანში, უფალო, არ მოაკლო საქართველოს ხვავი და ბარაქა, ადღეგრძელე და ადიდე. ჩემი ბიჭიც კარგად იქნება, ვჩურჩულებდი, - უცებ ყველაფერი განათდა, მზე ღრუბლებიდან გამოსულიყო, თავზე ხილაბანდი შემოვიჭირე და სავსე კალათით დავადექი სახლისაკენ მიმავალ გზას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment