სამოთხის კართან ბევრი ქალი შეკრებილიყო, ყველა ცდილობდა ჭუჭრუტანაში შეეხედა, ზოგიც ღობეებში ეძებდა ღრიჭოს, კაცები გვერდზე გამდგარიყვნენ და როგორც ყოველთვის, შორიდან უყურებდნენ სეირს. მეც ახალმისული ვიყავი, ყურადღება გავაფაციცე, რამე არ გამომრჩეს-მეთქი, მინდოდა გამეგო, რა ხდებოდა შიგნით, რამაც ასე ააფორიაქა ქალები, ჯერ რომ არ გაემწესებინათ თავ-თავიანთ ადგილებზე. მეც მათ ამქარში ვიყავი, შიშით ვთრთოდი, მეშინოდა ჯოჯოხეთის, მაგრამ უცებ ყველაფერი გადამავიწყდა, ქალურმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და მივასკდი სამოთხის კარს, ჩოჩქოლსა და აურზაურში ჭუჭრუტანასთან მოვხვდი, ცალი თვალით მოვათვალიერე იქაურობა და რას ვხედავ, წალკოტში მხოლოდ ადამი და ევაა, შიშვლები, სწორედ ისეთები, ძველი მხატვრების ტილოებზე რომ მინახავს, თავი სიზმარში მეგონა,
აგერ მივიდა ადამი ვაშლის ხესთან, წითელ-წითელი ვაშლები უცინოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არც გაუხედავს იქით, ახლა ევა გაემართა იმ ადგილისაკენ, გაუღიმა ვაშლმა, არც ევამ გამოიჩინა ყურადღება, მივხვდი, რამაც ააფორიაქა ქალები, ჩვენი მომავალი ეჭვქვეშ იყო... იარსებებდა კი კიდევ კაცობრიობა?! თვალი ისევ ვაშლის ხისკენ გავაპარე. ხის ტოტზე გველი გაწოლილიყო, მერე რა ლამაზი იყო ის წყეული, ჩემდა გასაკვირად ეშმაკი ვერსად დავინახე, სცენარის განვითარებას ველოდი. ნამდვილად კინოს იღებენ- მეთქი, ვფიქრობდი, მერე გამახსენდა, რომ სამოთხის კარზე ვიყავი აკრული და ბაღში ნამდვილი ადამი და ევა დასერნობდნენ, სულ შიშვლები. ისევ ჭუჭრუტანაში შევიხედე, თუმცა დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ადგილი შემენარჩუნებინა. ვხედავ ევასთან მიცურდა გველი, პირში უზარმაზარი ალმასი ჰქონდა გაჩრილი, მცურავმა თავბრუსდამხვევი სისწრაფით მიაწოდა ევას ბრჭყვიალა ქვა, არ მეგონა თუ ქალი ამ ,,ტრიუკზე" წამოეგებოდა, რაში სჭირდებოდა ნეტავ ამ ბაღ-ბოსტანში ეს ხორცის სამკაული, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, ევამ საჩუქარი აიღო, უხერხულობაც კი არ უგრძვნია, სირცხვილის გრძნობა დამეუფლა ყველა ქალის მაგივრად, ვერ გაუძლო ცდუნებას სუსტმა სქესმა!
კვლავ მოვლენების განვითარებას დაველოდე, ყველა იქმყოფ ქალთან ერთად, ეს ჩვენი გამოცდა იყო!. ახლა ვაშლი გაუწოდა ევამ ადამს და იმანაც ჩაკბიჩა ის, ოხერი, ვეძახოდით ადამს, არ შეეჭამა, მაგრამ ვინ გისმინა,მივხვდი რომ ადამმა და ევამ, შეიძლება სხვა სახელებიც დავარქვათ, ვერ გაუძლეს ხელახალ გამოცდას, ჩვენი არსებობა ეჭვქვეშ აღარ დამდგარა, მაგრამ ღირდა ამად? ისევ ჩემს ნაჭუჭს დავუბრუნდი და განაჩენს დაველოდე,
No comments:
Post a Comment