აღსდექ, უფალო, გაიჟღინთა ცრემლებით მიწა,
რძე გაშრობიათ მეძუძურებს ამდენი ოხვრით,
საქართველოდან გადაკარგულთ უმძიმეს ტვირთად
აუკიდიათ სხივნათელი ზარზმა და ოშკი.
აღსდექ, უფალო, შვილნი შენნი სავსე ვართ ცოდვით,
ალბათ ამიტომ პატარაა ქართული მიწა,
ბეღურებივით არ გვინდა რომ გავფრინდეთ შორით,
მაგრამ ზამთარი გვეპარება, - გავუძლებთ ყინვას?!
წინაპრებს ჩვენსას გაუშლიათ ზეცაში სუფრა,
მიწაზე ელდად გაწოლილა ავი ტაროსი,
ჟანგიან რკინას გვიღერებენ ხარხარით გულთან...
აღსდექ, უფალო, კვლავ შეგვმოსე რწმენის სამოსლით.
No comments:
Post a Comment