Sunday, October 26, 2014
წარმატებით რომ გაიარო შენი ცხოვრების გზა (ავტობიოგრაფიული მოთხრობა)
მამა ტანდაბალი, ჯმუხი კაცი იყო, კარგი აღნაგობის. ინტელიგენტი. ყველას უყვარდა, მეზობლების დახმარება იცოდა,საზოგადოების სული და გული იყო, სახლში კი- მკაცრი.სწავლას გვთხოვდა, სულ სკოლის წიგნები უნდა გვჭეროდა ხელში, ჩვენი წარმატებების იმედი ჰქონდა. სხვა მცირედითაც კმაყოფილი იყო, თავადივით ვცხოვრობო, ამბობდა, ხუთოთახიანი ბინა რომ მივიღეთ, როგორც მრავალშვილიანმა ოჯახმა.საწერ მაგიდაზე სახელღვანელო მქონდა ხოლმე გადაშლილი, ქვევით უჯრა გამოღებული, შიგ რაიმე რომანი მედო, მამა შემოვიდოდა ოთახში, შეხედავდა, ვსწავლობ, მე კი, ეშმაკურად,ქვევით, ცალი თვალით, კლასგარეშე ლიტერატურას, როგორც მაშინ ეძახოდნენ, ვკითხულობდი.თუმცა სწავლა მიყვარდა,ხუთები მყავდა. ერთხელ ოთხიანი მივიღე, მამამ ისეთი სილა გამაწნა, სულ ნაპერწკლები მაყრევინა თვალებიდან, მას მერე ვცდილობდი არ გამებრაზებინა, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, განსაკუთრებით ბოლო კლასებში, მასწავლებლები ყველანაირად ცდილობდნენ მაღალი ნიშნები არ დაეწერათ.ახლაც ვერ გამიგია, რის გამო. განსაკუთრებით ისჯებოდნენ ხელმოკლე ოჯახის შვილები, ქრთამის და საჩუქრების მიტანა რომ არ შეეძლოთ, რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ მაქვს ყველა პედაგოგზე, უმრავლესობა უღირსეულესი ადამიანი იყო. მაგრამ ზოგჯერ გამოერეოდა, როგორც მე მათ ვეძახი, სულმდაბალი, არაპროფესიონალი, აღმზრდელები, რომლებიც, თავისდაუნებურად, თუ შეგნებულად, ადამიანის სულს ამახინჯებდნენ.მახსოვს ძალიან მიყვარდა ხაზვა, (მაშინ ხაზვას სკოლაში ვსწავლობდით),კარგად ვხაზავდი, მთელი კლასი მთხოვდა დახმარებას. როცა საბოლოო ნიშანი უნდა გამოეყვანა ქალბატონ მასწავლებელს, მოგვთხოვა ნახაზების გაკეთება, ორი სამუშაო შევასრულე, ერთი ჩემი კლასელისთვის, და ჰოი, საოცრებავ, იმ გოგონას ხუთი დაუწერეს, მე-ოთხი, ძალიან მეტკინა გული, ეს ნიშანი ატესტატში შევიდა, გავბოროტდი მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ შხამს წვეთები ემატებოდა, ღარიბი ოჯახიდან ვიყავი, ოთხი და-ძმა მყავდა, ადვილი არ იყო მამასთვის ჩვენი შენახვა, მეცნიერი იყო, კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, დედა-დიასახლისი, ამდენ ბავშვებს მოვლა ხომ უნდოდა?! ჩემი საგნებში მომზადების საშუალება ოჯახს არ ჰქონდა, ძალიან მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იყო იმ დროში, ბევრი ფული თუ არ გქონდა, ეს კი პატიოსანი შრომით ძნელად თუ მიიღწეოდა. მამა ეკონომისტი იყო და მეც მირჩია ეკონომიურზე ჩამებარებინა, მათემატიკას განსაკუთრებით კარგად ვსწავლობდი, მაშინ ალგებრას ცალკე საგნად გავდიოდით, გეომეტრიას-ცალკე, თავს ვიკლავდი, რომ ხუთები მყოლოდა,მინდოდა ამით დავხმარებოდი ოჯახს, რა უსამართლობა სუფევდა! ახლაც მიკვირს,საკონტროლო სამუშაოებში შეცდომა არ მქონდა და მაინც ოთხი მეწერა.ერთხელ პედაგოგმა დაფასთან გამიყვანა,ამოვხსენი მოცემული დავალება, უცებ ყვირილი დაიწყო, რომ არ იყო სწორედ გაკეთებული და რა პრეტენზია მქონდა ხუთებზე, როცა სამიც არ მეკუთვნოდა.მე დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში, გაოცებულმა შევხედე, ძალა მოვიკრიბე, (პირველად ცხოვრებაში) და მასწავლებელს ვთხოვე ეჩვენებინა, სად იყო შეცდომა, დაფას შეხედა, დიდხანს უყურა,უხმოდ დამაჯინა. მას შემდეგ შეურაცხყოფა აღარ მოუყენებია, მაგრამ მაინც ოთხები გამომაყოლა ატესტატში,ძალიან ვინერვიულე..მშობლებს არაფერს ვეუბნებოდი, მეგონა ჩემით გავიტანდი თავს, ცოდნა არ დამეკარგებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, თუმცა ეკონომიურზე ადვილად ჩავაბარე, ატესტატის ქულებიც მეყო და გამოცდებში მიღებული ნიშნებიც, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც მე მინდოდა..ამიტომ პედაგოგებს ვთხოვ, ბავშვებს არ დაუკარგონ ცოდნა, დაეხმარონ, გაუგონ მათ, მოსწავლეებს კი-მეტი სიფხიზლე გამოიჩინონ, დაიცვან თავიანთი ინტერესები, რომ წარმატებით გაიარონ ცხოვრების გზა,ჩემსავით გული რომ არ დაწყდეთ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment