Wednesday, March 27, 2019

გიგო (ნოველა)

   ლამაზი ქალი იყო სოფია, დიდი მწვანე თვალებითა და ქერა თმებით, ტანიც კარგი ჰქონდა და ღიმილიც, მომაჯადოებელი გამოხედვის გამო გულგრილად ვერცერთი კაცი გვერდს ვერ აუვლიდა, ყველას მონუსხულს და შეყვარებულს ტოვებდა. -  ნამდვილი ჯადოქარიაო, -  იტყოდა ხოლმე ბებიაჩემი, როცა დაინახავდა ბერძნის ქალს, -  ალბათ, რამე საიდუმლოება იცის, კაცებს თავი როგორ შეაყვაროს, თორემ აგერ შენ, ლამაზიც ხარ, ჭკვიანიც, მაგრამ დამიბერდი ბებო სახლში, - მეტყოდა და თანაგრძნობით გადმომხედავდა ხოლმე. ქმარი კი შეუხედავი ჰყავდა სოფიას, ჯმუხი, დაბალი, გამხდარი მამაკაცი, უზარმაზარი ულვაშებით და თავით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იმის გარდა ქალს არავინ უნდოდა, იწვოდა და იდაგებოდა ქმრისთვის, ეჭვიანობდა კიდეც. აყალმაყალიც ხშირად მოუწყვია, მაღაზიაში გამყიდველ ქალს, რუს ოქსანას, რამდენი ხანი ელაპარაკებოდიო, - ეტყოდა. უმტკიცებდა გიგო, - არაფერი საქმე არ მაქვს, თევზი ძველი ხომ არ არის, იმას ვამოწმებდიო, - მაგრამ არაფერი ესმოდა სოფიას, აგრძელებდა ვაი-ვუშველებელს. მგონი ამდენი სკანდალებისაგან დაიღალა გიგო და მართლაც მიატოვა ჩვენი ლამაზი ბერძნის ქალი და ოქსანა შეირთო ცოლად. უცებ დაჭკნა თვალდახელშუა, ასეთმა გარდასახვამ ყველა გააოგნა, სოფია უცებ მობერდა, სახე ნაოჭებით დაეფარა, - ასე იცის სიყვარულმა და გულგატეხილობამო, - მიხსნიდა ბებია, ვითომ მე არ ვიცოდი არაფერი ამის შესახებ. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ოქსანა გაბრწყინდა მზესავით, გალამაზდა, ბროლივით ანათებდა მისი თეთრი კანი, რომ გაიცინებდა თითქოს ვარდები ცვიოდა პირიდან, მოდით ამკრიფეთ, დამყნოსეთ, რა სურნელი მიდისო. მაღაზია, სადაც ქალი მუშაობდა, კლიენტებით გაივსო, რიგები დადგა, მაინცდამაინც ამ მაღაზიაში უნდოდათ ხორცის, მწვანილის თუ კიდევ სხვა რამის შეძენა. გავიდა ორი წელიწადი, ახლა ოქსანასა და გიგოს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ოქსანამ თურმე ჩემზე დაიწყო ეჭვიანობა, იურიდიულ კონსულტაციებს ვუწევდი გიგოს სოფიასთან ქონებრივი დავის თაობაზე, მიკვირდა ეს ყველაფერი, ჩვენ შორის ხომ არაფერი არ იყო, მაგრამ ერთ დღესაც სოფია შემომხვდა გზაზე, - შენ ხარ ახლა მისი რჩეულიო?! - მკითხა და დაცინვით გამომაყოლა თვალი. ჩაფიქრებული მივედი სამსახურში, სავარძელში ჩავჯექი და ამ ისტორიას ჩავუკვირდი. უეცრად კარი გაიღო, მამაკაცი შემოვიდა, ლამაზი, მაღალი, მომნუსხველი ღიმილით და ვარდების თაიგულით ხელში, ხელზე ხელი მომკიდა, ნაზად მეამბორა, ჟრუანტელმა დამიარა ტანში, - ცოლად გამომყევით, ქალბატონო თეა? - მკითხა, ხმაზე ვიცანი, გიგო იყო, გავოგნდი, მაგრამ უარის თქმა ჩემს ძალებს აღემატებოდა... დავთანხმდი, ცოტა ხანი ხომ მაინც ვიბრწყინებ-მეთქი ალმასივით, გამეღიმა, ისევ შევხედე ჩემს წინ მდგომ მამაკაცს, ხელმკლავი გავუყარე და გარეთ გამოვედით, თითზე ნიშნობის ბეჭედი მეკეთა, ამაყად მივაბიჯებდი ქუჩაში და ვგრძნობდი აღტაცებულ მზერას, რომელიც მანამდე არასოდეს მღირსებია, მეც ნამდვილი ჯადოქარი ვიყავი... გვერდს კი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცი მიმშვენებდა.

No comments:

Post a Comment