ორი ბიძა მყავდა. ერთი მთაგორიან ადგილას ცხოვრობდა, მოგვიანებით ეს ადგილი დაიქცა, მიწამ პირი გახსნა და, მგონი, სახლებიც ჩაიტანა, მაცხოვრებლები ქვევით ბარში ჩამოასახლეს. ვაკვირებოდი, ყოველ ზაფხულს ლანდშაფტი როგორ იცვლებოდა, საოცარი რამ იყო, გორაკები, ფერდობები, ღობეები თითქოს გადაადგილდებოდა. ერთადერთი მთები არ იძვროდა, ზედ შეფენილი ტყეებიც ისეთივე რჩებოდა, ცვლილებას, ალბათ, ვერც შევამჩნევდი, ისინი ხომ ბუმბერაზები იყვნენ ჩემთან შედარებით. დღეს ის ადგილები დაცარიელებულია, აღარავინ ცხოვრობს. არადა რა ტკბილად მახსენდება ის სოფელი, ბავშვების ჟრიამული, ტყეში სოკოს საკრეფად წასვლა, ბიცოლაჩემის მონაყოლი ამბები ავ სულებზე. გარეთ გაკიდებულს წინდებს რომ არ დაგვატოვებინებდა ღამით, ჭინკები წაიღებენო. ეზოში მსხალი გვედგა, დამყნილი, სხვადასხვა ჯიშის მსხლებს ისხამდა და სხვადასხვა დროს, ჩემი ბიძაშვილები ყარაულობდნენ, რომელი დაასწრებდა გაყვითლებულის მოწყვეტას და ჩემთან მოტანას, პირი ჩაიტკბარუნეო. მსხლის ძირას ჭურები იყო ჩაწყობილი. სტუმრის მოსვლა და ჭურის გახსნა დიდი ზეიმი იყო ჩვენთვის, ამ პროცესს აუცილებლად ვესწრებოდი, მომცემდა ბიძაჩემი ორშიმოს ხელში და ამომაღებინებდა ჭურიდან ღვინოს,- გასინჯეო, - მეტყოდა, პირს გავაწკლაპუნებდი, კარგიაო, ვეტყოდი, იმასაც უხაროდა, ვითომ დიდ ვაჟკაცს გაესინჯა ვისმეს. ჩემი ორშიმო მქონდა, ბიძაჩემმა თავისი ხელით გამიკეთა, ხელს ვერავინ ახლებდა, განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა მიჩენილი "კუხნაში", როგორც მაშინ ეძახდნენ.
მეორე ბიძაც იმერეთში ცხოვრობდა, ოღონდ მისი სახლი დაბლობზე იდგა. ახლოში მდინარე ჩამოდიოდა, შევიკრიბებოდით ყველანი, რვა ბიძაშვილი და მე, დავაგუბებდით წყალს და იცოცხლე, მთელი დღე აღარ ამოვდიოდით იმ გუბურიდან. ვის ესმოდა ბიცოლაჩემი ოლიას ძახილი, მოდით საჭმელი ჭამეთო. ეზოში ჭა არ გვქონდა და მეზობელთან დავდიოდით წყლის მოსატანად. გავუყვებოდით ხოლმე ჭალას "ვედროებით" და დოქებით ხელში, ბროწეულის ხეები იდგა ბლომად და ტირიფები. რა დამავიწყებს წითელი ნაყოფით დახუნძლულ ბროწეულებს, გზას რომ გვიმშვენებდნენ, ბრწყინავდა ატლასის კანი მზეზე, სხივებს ისროდა, სიხარულისგან მიციმციმებდა თვალები, თითქოს მზე მედგა შიგნით, ღამით კი ციცინათელები მაოცებდნენ და მშთანთქავდნენ თავიანთი საოცარი ბრწინვალებით. რამდენი ხანია, ციცინათელა აღარც მინახავს! ერთი ისტორია მახსენდება ჩემი ბავშვობიდან. ყვითელი კაბა მქონდა, ოქროფერი, ბალერინას კაბას მაგონებდა, ბალეტი ძალიან მიყვარდა, ამის გამო კაბაც და თავს ვიწონებდი ხოლმე, ასეთივე ფერის ფეხსაცმელებიც მიყიდა დედამ. იმ დღესაც ჩავიცვი და ეზოში გამოვედი, წაროიდგინეთ ბალეტი და სოფლის ეზო ერთად, ხომ სასაცილოა?! იქვე ძროხა ბალახს ძოვდა. ეზოში დავრბოდი, რაღაცას ვსაქმიანობდი, უცებ უკნიდან დარტყმა ვიგრძენი, ჰაერში ავფრინდი და ღობეს გადავევლე, თვალისდახამხამებაში მიწაზე მოვადინე ზღართანი, თავიდან ვერაფერს მივხვდი, წამოვდექი, მაგრამ როცა ჩემი ოქროსფერი კაბა დავინახე დახეული, მწარე ცრემლებით ავტირდი, არ ვიცი, ამბობენ, ხარებს წითელი ფერი აღიზიანებთო, ჩვენი ძროხა კი ყვითელმა ფერმა გადარია, გამოექანა და რქებით ღობის გადაღმა გადამაფრინა, როგორც მერე ბიძაშვილები მიყვებოდნენ. რატომღაც ტკივილი არ მიგრძვნია, ეტყობა, მთელი დარტყმა ჩემს ულამაზეს ოქროსფერ კაბაზე მოვიდა, დიდხანს მეჭირა ხელში ქვედა ნაწილის დახეული და დაძონძილი ნაჭრები. როცა მივხვდი, რომ აღდგენა აღარ შეიძლებოდა, ნაგავში გადავუძახე. უკეთესი გექნებაო, მამშვიდებდა მთელი ბუნება: იქვე ჩიტები ჟღურტულებდნენ, ძაღლმაც ერთი-ორი დაიყეფა ჩემს გვერდით, ძროხას უჯავრდებოდა, კატამაც თავი გამისვა ნატკენ მუხლზე, ბიძაშვილებიც შემომეხვივნენ, ხელში ამიტაცეს და ციმ-ციმ შემიყვანეს სახლში. დღემდე არ მავიწყდება, ბალერინას ის ოქროსფერი კაბა და ყვითელი ფეხსაცმელები, რომლებიც მას მერე აღარც ჩამიცვამს.
No comments:
Post a Comment