Friday, March 29, 2019
მანის ფაფა (მოგონებებიდან)
მამა დილით ადრე სამსახურში მიდიოდა, საღამოს გვიან ბრუნდებოდა. დედა ჩვენს მოვლას ვერ აუდიოდა, ხუთნი ვიყავით, ერთმანეთის მიყოლებით. მე რომ ოთხი წლისა და ერთი თვის შევიქენი, მაშინ მოევლინა ქვეყანას დათო, ჩვენს შორის ყველაზე პატარა. და-ძმა ტყუპები მყავდა. დედ-მამამ ბაგა-ბაღში გაამწესეს ჩემი და-ძმები. მე ბაღში სიარულზე კატეგორიული უარი განვაცხადე, ერთი-ორჯერ წამიყვანეს, მაგრამ ორივეჯერ გამოვიპარე და სახლში მოვედი, მას მერე ჩემი ნება არ უგულებელყვეს და აღარც დაუძალებიათ ბაღში სიარული, არადა ბაგა-ბაღის შენობა ჩვენს ეზოშივე იყო. ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, ხუთი წლისამ უკვე კითხვა ვიცოდი, დედა დავალებებს მაძლევდა და ვასრულებდი, ამიტომ პატარა დამხმარე ვიყავი მისთვის. ძალიან მიყვარდა ჩემი ძმის, დათოს მოვლა, სულ იმას ვეთამაშებოდი, აკვანს ვურწევდი, რომ წამოიზარდა, კაბის კალთაზე მყავდა მობმული, სულ ხელში აყვანილი დამყავდა. ჩვენი ხუთსართულიანი სახლის წინ, ხრუშჩოვკას რომ ეძახიან, მეორე ასეთივე ხუთსართულიანი სახლი იდგა, სწორედ მათ კუთხებს შორის, მათ დაბოლოებებზე, თავსდებოდა ბაგა-ბაღის შენობა. ბაღში ყოფნა არ მინდოდა, მაგრამ ღობესთან მივიდოდი ხოლმე, ხის მესერი იყო, თავით მივებჯინებოდი, თვალებს დავძაბავდი და ბავშვებს შორიდან ვუყურებდი. მომწონდა, როგორ თამაშობდნენ. აღმზრდელები თუ შემამჩნევდნენ, დამპატიჟებდნენ ხოლმე შიგნით, ჩემი და-ძმები ხომ მათი აღსაზრდელები იყვნენ. შემიყვანდნენ შენობაში, დამსვავდნენ, აუცილებლად გამიმასპინძლდებოდნენ ტკბილეულით, კანფეტები მიყვარდა. ერთი-ორჯერ სცადეს ფაფა ეჭმიათ ჩემთვის, გამხდარია, ცოტა მოსუქდებაო, იმის მერე სათოფეზე აღარ ვეკარებოდი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ შემჯავრდა ფაფები, არც მანამდე მიყვარდა, მაგრამ დედას უარს ვეუბნებოდი ხოლმე და არ მაძალებდა, უცხო ადამიანებთან კი მერიდებოდა და ძალის-ძალით მივირთმევდი, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ გული არ ამრეოდა. დედა რომ ბავშვების წამოსაყვანად გამაგზავნიდა, ჭიშკართან ვუცდიდი, ეზოშიც აღარ შევდიოდი, ემანდ ფაფით არ გამიმასპინძლდნენ-მეთქი. რა იცოდნენ იმ კეთილმა ადამიანებმა, რომ ფაფები, განსაკუთრებით მანის ფაფა, ჭირის დღესავით მეჯავრებოდა, ახლა კი სიამოვნებით შევჭამდი, ბავშვობის გემოს გავიხსენებდი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment