ალუბლების ბაღი
გაზაფხულს მოსვლა ეჩქარება ეკატერინე ჩალიკის ბაღში, სადაც ის დგას, იმ სოფელში ხომ ზაფხულში სტუმრად საქართველოდან ხუთი ბავშვი უნდა ჩამოვიდეს ბებიასთან, მაგრამ ზამთარი არ უშვებს, ხომ უთქვამთ ძველებს ,,თებერვალში ხეში წყალი ჩადგაო", მაგრამ წელს თებერვალში ხეებში წყალი კი ჩადგა, მაგრამ ომი დაიწყო და მისმა სუსხმა მოყინა, სცივათ ალუბლის ხეებს, მკერდები ჩაუვარდათ, ძუძუ როგორ აწოვონ ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფ კვირტებს, ჩამოელეწათ ტოტები ჭურვების ნამსხვრევებისგან, თოფების და ავტომატების ტყვიებისაგან, თვითვითმფრინავიდან ნასროლი ბომბებისგან. შეშინებული გაზაფხულიც შემოპარულა და ხან რომელ ხეს მიეწურება, ტოტებს გაუთბობს, ჭრილობებს მოუშუშებს, იარებს გადაუხვევს, ხეებიც ნელ-ნელა წელში სწორდებიან, მზეს უთამაშებენ თვალებს, ეხვეწებიან, გაჭირვებაში არ მიგვატოვო, გვიშველე, გადაგვარჩინე, ზაფხულში პატარებს ალუბალი დასჭირდებათ პირის ჩასატკბარუნებლად, საზრდოდ და სალხენად, რომ არ გვექნება ნაყოფი, რა ვუთხრათ მათო. მზეც, რაც შეუძლია, დახმარებას ცდილობს. გაზაფხულს უკან დაჰყვება და ხეების მკურნალობაში ეხმარება. გამოცოცხლდებიან ალუბლის ხეები, ტოტებს უზრუნველად გაშლიან, მაგრამ რად გინდა, ახალი შეტევა იწყება, ისევ ისვრიან ჭურვებს, ტყვიებს, ავტომატის ჯერი აყრუებს არე-მარეს. ეკაწრებათ ტანი ალუბლებს, ელეწებათ ახალამოსული ნორჩი ტოტები, სითხე სდით მერქნიდან, თითქოს სისხლის ნაწვეთებია, მათაც დამწიფებული ალუბლის ფერი დასდებიათ, ბალახიც ფრთხილობს მიწიდან ამოსვლას, აქა-იქ ამოუყვია თავი, ისიც ალუბლის ხეს ეკედლება, ეგებ ფესვები მაინც გადავურჩინო, ჩემზე ძალიან ბავშვებს ეს ჭირდებათო, ბაღის ბოლოში ყვავილები ცდილობენ მიწის წიაღს დააღწიონ თავი, ფერი-ფური კი გადასდით შიშისგან, ხმაური აშინებთ, დედამიწაზე რომ ისმის. ვინღა უნდა გავახაროთო, ფიქრობენ, სოფელში სულიერის ჭაჭანება აღარაა, უცნაური გაზაფხული დამდგარა წელს სოფელში, ალუბლის ბაღში, დგანან დალეწილი ალუბლები,მაგრამ აქა-იქ მაინც გამოსჩრიათ პატარძლის საქორწინო კაბა და ფატა, მაინც ემზადებიან ქორწილისთვის, ომი ხომ მაინც დამთავრდება....ბავშვები ხომ ისევ ჩამოვლენ ბებიასთან - ეკატერინე ჩალიკთან სტუმრად.
No comments:
Post a Comment