Saturday, June 4, 2022

„ო, ელი... ელი...“ ავტ. მარი ჟღენტი

 „ო, ელი... ელი...“

****************
უსუსურია დღესაც კაცი, ყოფის წინარე,
თუ ნება მისი უფსკრულისკენ მიაქვს მდინარეს,
მდინარეს დროის,
მნათობთ შორის მკუთავ უფსკრულებს,
აქ ბრმა ადამი ზენას ნაცვლად, ქვენას უყურებს,
მხუთავ სივრცეებს, მშობელს ბნელის... თავისი ქცევით,
ისე მთვრალია, ვეღარც არჩევს, ზევით თუ ქვევით!
მზე გაბზარულა!
ახლა მხოლოდ მთვარეა მთელი
და ცის კაბადონს სისხლმდინარე აჰკვრია ხელი!
ლეღვი, დამფრთხალი ბედისწერით, ქარში შეირხა,
გოლგოთის კეფას აზანზარებს ციურ ცრემლის ხმა:
„ელი!..
მამაო!.. ელი!..“
გმინვა შენივთდა სისხლად!
გორგლადქცეული კაცთა გონი ქცეულა რისხვად...
უსუსურია მუდამ კაცი, ყოფის წინარე,
თუ ნება მისი უფსკრულისკენ მიაქვს მდინარეს!
ო, საბაქთანი... საბაქთანი... ო, ელი... ელი...
ელი!
აქაც კი ... მხსნელად ისევ შენს მოსვლას ველით!
ეს მღვრიე დისკო ჩვენთვის მზეა, ცისთვის - გულია,
ოდენ, ეთერი სისხლის ორთქლით გათანგულია,
ხშირად:
ჭრელია დღენაკლული ეს ჩვენი სული,
რადგან
დაგვგეშეს - აქ ოფლის და… იქ - ცოდვის სუნით.
და
აღარ გვახსოვს ღაწვდახოკილ ღვთისმშობლის კვნესა,
არც,
იმ დღეს ცაში ჩამომხრჩვალი ღრუბლების მესა!
არც,
უგვანოთგან ყოველთმეფე გან-კვეთებული,
არც,
თეთრი მტრედი მკერდით კლდის ქიმს დახეთქებული,
როცა ხორშაკმა სუნთქვა ქვიშის ქარით შეგვალა
და ათორმეტმა მოციქულმა ზეცას შებღავლა!
ელიიი!..
ჩვენ ვცდებით!
თითქოს, შენვე ასე გენება...
და ხსოვნა ყოვლის, სულ დაკარგეს ჩვენმა გენებმა!
იქნებ ამიტომ ... დღეს ცას ფარავს ცოდვის სირუხე,
მე მეშინია!
სულო, ისევ ნუღარ გვიმუხთლებ!
გადაგვარჩინე, ელი!
ისევ, შენი თავდებით,
რწმენის გარეშე, სადაც ვიშვით, იქვე ვმთავრდებით!
უსუსურნი ვართ, უდღეურნი, ყოფის წინარე
და გონი ჩვენი უსასრულოს მიაქვს მდინარეს!
წიგნი წარსულის თავად ვწერეთ სისხლის ყდისანი,
ერთურთს ვუცვალეთ ნაკოცნარნიც იუდისანი!
ელი!
ჩვენ ვცოდავთ!
ცოდვა მოგვსდევს ზურგზე აკიდოთ!
იქნებ, გვიშველო: არ გაგცეთ და აღარ გაგყიდოთ!
სათქმელ-საქმნელი ბედისწერის რკალად შენივთდა
და ერთხელ კიდევ... საბოლოოდ... ისევ... შენით და...
დღეს ქრისტე აღსდგა!
გთხოვთ, სინათლე გულში გვათოვო!..
ო, ელი!.. ელი!..
საბაქთანი... არ მიგვატოვო!
***
„ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“* -
ჯვარზე გაკრული მაცხოვრის სიტყვები:
ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?
************************************************
მარი ჟღენტი

No comments:

Post a Comment