განახლებული სიმღერა (ნოველა)
ერთი თუთის ქვეშ ურმის ბორბალი ეგდო, ხეს ფოთლები განიერი ჰქონდა, ბორბლამდე წვიმის წყალიც კი იშვიათად აღწევდა, არ დაჟანგებულიყო და უწინდელი იერი შეენარჩუნებინა, ნახევრად მიწაში იწვა, მაგრამ ხანდახან მხრებს წამოსწევდა ხოლმე, გაიღიმებდა, იქნებ ეს ძველი გადაგდებული ვინმემ შემამჩნიოსო. და ერთ დღესაც შეამჩნიეს... პატარა ზურიკო დასდგომოდა თავზე და აქეთ-იქით ატრიალებდა. სტუმრები სწვეოდნენ. გაუკვირდა ბორბალს, დიდი ხანია კაციშვილის ჭაჭანება აღარ იყო ამ არემაეში. ერთი ჩიტები თუ შემოსხდებოდნენ თუთის ხეზე და ,,ოროლას" შემოსძახებდნენ, კიდევ ხვლიკი და გველი თუ გადაურბენდნენ თავზე, მათი დანახვაც უხაროდა, ამ ფუძის გველია და სახლ-კარს იცავსო, გაიფიქრებდა პატივისცემით ცივსისხლიანზე, მგონი მაგას უფრო თბილი სისხლი აქვს, ვიდრე ამ სახლის ბატონ-პატრონსაო. მაგრამ დღეს რაღაცა ხდებოდა ეზოში. ახალგაზრდა კაცი გარშემო უვლიდა იქაურობას, ათვალიერებდა, ღობეს სინჯავდა, გამოდგება თუ ახალი დამჭირდებაო. გავიხედოთ, ღობეც გალამაზდა, ადგილ-ადგილ ხის ბოძები შეუყენეს, სახლიდან ქალის ხმა გაისმა, საჭმელად იწვევდა ქმარ-შვილს. გაეხარდა ბორბალს, იქნებ, ჩემი საქმეც გამოჩნდესო. მალე ძველებური ურემიც გაიმართა ეზოში, ბორბალსაც თავისი ადგილი მიუჩინეს, გაპოხეს და გააპრიალეს. აღიღინდა, ამღერდა, კი არ ჭრიალებდა, მიხტოდა, სიხარულისგან გული ამოვარდნაზე ჰქონდა, როცა ურემი დაიძრა, რომელზეც პატარა ბიჭი შემოსკუპებულიყო, ხარებს შოლტს უქნევდა, ,,ეჰე ჰეო", ეძახოდა. სოფელში ახალი ცხოვრება იწყებოდა, კვლავ გაისმა შეწყვეტილი სიმღერა....
მაია დიაკონიძე
30.06.2022წელი
No comments:
Post a Comment