,,ძალად მაცხონე" ვერ ვიქნები, ვერ გთხოვ ვერაფერს,
სულში თუ ვეღარ ჩაგეღვარე ღვინოდ ატენის,
თუ შენს გულში ვერ გავიზარდე ნაზ ლურჯ კესანედ
და თუ არ გადგას ბაგეებზე ჩემი სახელი..
თუ არ გახსოვარ, თავი თუ კი არ შეგახსენე,
ლაპარაკს ჩემთან გირჩევნია სხვისი ყურება,
შენი გულიდან ნეტავ როდის გამომაძევე,
ცაზედ ღრუბლებში თუ შევხვდებით ფერმკრთალ სულებად.
და ათინათებს არეკლილებს ჩვენს თვალში ოდეს,
შევკრებ, ქაღალდზე მზესტრიქონებს შენთვის ავაწყობ,
ვერ მივამატებ ჩემს სულს კიდევ სხვა მძიმე ცოდვებს,
გტოვებ და მაინც შენით ვივსებ სულის საწყაოს.
No comments:
Post a Comment