Tuesday, June 28, 2022

ერთსტროფიანები მინიპოეზიისთვის

 

ჩვენი სიყვარული ვნებების ზღვა არის,
დრო მიდის, ჩვენც მივდევთ გაშლილი აფრებით...
და მზედ რომ შემორჩეს სამყაროს მარადის,
დავხატავ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს — ფერადი ფანქრებით.

                  ----------------------------------------

ღვარად შემოხვალ ჩემში, მოედინები ლავად,

შენ ერთი მიცემ მკერდში, გულს ბაგაბუგი გააქვს,

გამაწითლებ და დამცემ, თითქოს ვიხდიდე სახადს,

ერთი გული მაქვს, კარგო, თუ მოხვალ, ნუღარ წახვალ.

                   ===========================

„მიყვარხარ!“ - უკვე გითხარი, მეტი სხვა რაღა გითხრა?!.

ჩემს სულში მხოლოდ შენა ხარ, შენ შემოდიხარ ფიქრად,

შენ ჯადოქარი ყოფილხარ, მომინადირე უცებ,

ასე მგონია ვკვდებოდი და  მომისწარი სულზე!..

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ვხედავ, რომ აღარ გჭირდობი,

ნაღველ მამეჭდო მჭიდებად,

ჯერ სიკვდილ არ ვაპირობდი,

დღეს ან ხვალ მოსვლას მპირდება.

წყალწაღებული ხავსს ვებმი,

მზის ჭიატ დამრჩა იმედად.

                   ---------------------------------------------

ჩავიცვი ტანზე იმედები, როდისმე გნახავ

და გავაგრძელებთ სიყვარულის უცნაურ საგას,

შორით ტრფობას და შორით დაგვას აქვს თავის ეშხი,

რომც ვერა გნახო, შენი გულის ბაგუნი მესმის.

                 ------------------------------------

ჩაიჩხრიალებს წუთები,

ჩაიჩხრიალებს წამები,

მე კი, უფერო, რომ გხედავ,

ვარდივით ვფერიანდები...

                  ---------------------------

შენს მწვერვალებზე დავენთე,

გადაგფენივარ ალმურად,

მინდა, რომ ცოცხლად დავიწვა,

უთქმელად, ჯერ არნახულად...

 მზე ანათებდეს პირიქით,

პირაქეთ - ჩემი ვნებანი,

ცეცხლი ვარ მარად უქრობი,

ქართულ ლექსივით მგზნებარე.

            --------------------------

თუ გრძნობა გქონდა

ჩემდამი სადღაც,

მიმალულ ცეცხლს და

ნაღვერდალს ჰგავდა,

იფერფლებოდა

ჩუმად და ნაცრად

ქცეულა, ერთდროს

სხეულს რომ წვავდა!..

   -------------------------

 ნუთუ გადახმა ფერად ველზე ყველა ყვავილი,

ეს გული ისევ ღალატისგან დამაშვრალია,

მაგრამ ყაყაჩო ყელყელაობს ცისკრის ალივით

და  ეს უთუოდ ნაზი გრძნობის ნაპერწკალია!..

        ----------------------------------

მინდა მოვიდე შენთან ახლოს, ჩაგხედო თვალში,

არც წლებს დავითვლი, ასე უხმოდ რომ მდევენ კვალში,

არ დავიკარგო,  მეშინია, უდაბურ გზაზე,

ჩემი გზამკვლევი ვარსკვლავი ხარ ოცნების ცაზე!

             ---------------------------------

სიყვარულით თუ შეიძლება ნელ-ნელა მოკვდე,

მკერდში გული რომ გაგეყინოს, ძარღვებში - სისხლი,

არ ვიცოდი და სხვებს ვაყრიდი ღიმილს და სიცილს,

ახლა მე თვითონ სასთუმალთან სიკვდილი მიზის.

                   =========================

და ეს წამებაც, ეს ცხოვრებაც უკვე გავიდა,

ეს სიყვარულიც, ეს ვნებებიც ქარს თუ გადაყვა,

შენ ჩაიბარე ეს უნაკლო ჩემი სხეული,

ვერ უპატრონე და სჭირდება სისხლის გადასხმა!..

              =============================

განა მზეობს შენ გარეშე დილა,

ნამიც მხოლოდ შენი მზერით ბრწყინავს,

რომ ვიღვიძებ, დაგინახო მინდა,

ჩემთვის შენ ხარ უმანკო და წმინდა.

                 ------------------------------

მჭირდები, როგორც დამზრალ მიწას წვიმა და ცვარი,

როგორც მზის შუქი, როგორც ჭურჭელს მიწა აყალო,

თოვლი ხარ თეთრი, სისპეტაკე, მგზნებარე ალი,

მინდა რომ მოგცე ეს გული და მთელი სამყარო.

              ------------------------------------

 ეჰ, სულო ჩემო, მოვაღწიო მინდა შენამდე,

შენთვის გავლიო უსასრულო დრო და მანძილი,

შენი სუნთქვაა რომ მაცოცხლებს, რაც მაბადია,

უძვირფასესი, შეუცვლელი უფლის განძივით.

                =========================

 შენ მეყვარები ყოველთვის, მუდამ,

შენა ხარ ჩემი პულსიც და სუნთქვაც,

ჩემი ხარ წყალი და პურის ყუა,

სახლობ სხეულში ერთმუჭა გულთან

და როგორ გიტევს, გავიგო უნდა.

               -------------------------

მე არ ვპატიობ გადავიწყებას,

ალბათ, ამიტომ ვარ ახლა მარტო,

ვერ შევერთვები მდორე დინებას,

უნდა ვუყვარდე, გული რომ ვანდო.
           --------------------------------

 ანდამატივით შენკენ მიწვევ და მეზიდები,

თითქოს წვენი დის ჩემს ძარღვებში იის, ტიტების,

არეულია ლურჯ-წითელი ფერები მელნის

და ბოკალებში ირეკლება სხივები სევდის,

გამომიტაცე ვით პარისმა ტურფა ელენე,

მთვარე ღრუბლებში თამაშობდა ჩვენთვის დილამდის,

და არაფერი იმ ცხოვრების რომ არ მახსოვდა,

შენ გამახსენე, ერთ დროს თურმე როგორ გიყვარდი.

              ----------------------------------------

შენი თვალები მიწვევდა ზეცას,

ლურჯ ზღვას გაჰქონდა მათში კამკამი

და მიზიდავდა მე ყველა ერთად,

ზღვაც, ზეცაც, თეთრი იასამანიც.

         --------------------------------

მე რომ ჩემი მეგონა,
ჩემი არც ის ყოფილა
და ვეზიდე სულ ტყუილად
ლოდებსა და ოწინარს,
ღმერთმა მცირე ნაჭერი
მიწისა მამყოფინა.

          -----------------------

ათას ნაწილად დაგლეჯილ გულს
რა გაამრთელებს,
ანდა კი მინდა გამრთელება?! -
ამას ვკითხულობ!
-----------------------

 არ ვიცი, იყავი თუ არც კი იყავი,

გულში კი დატოვე, ვარდი და ფიქალი.

--------------------------

ამ გაზაფხულის

ფერთა გამას

დააჩნდა შავიც,
ნეტავ, როდესმე
თუ ვინმე წაშლის?!

------------------------

ამ სულს უშენობა ისევ მოერია,
ვტოვებ ქაღალდებზე წვეთებს ცრემლიანებს,
ლექსის სტრიქონები ისევ მომელიან,
ჩვენს გულებს აქ მაინც გავაერთიანებ.
------------------------
ფუნქციებსა და განტოლებებს ვხსნი ჯერაც ისევ,
ამონახსენებს ვერ ვპოულობ: იქს, იგრეკ, ზეტებს,
ცხოვრების წრფეებს, მრუდეებს და ტეხილებს მივდევ,
ლაბირინთიდან გამოსავალს ჯიუტად  ვეძებ,
თუ კი დღეს არა, გამიმართლოს იქნება მერე.
             ---------------------------------

ვეჭიდები ღილაკებს და პედლებს,

აბა, როგორ გავუმკლავდე მარტო,

სუყველაფერს ისევ ბნელში ვეძებ,

ვიღაცას კი ჩემი ტანჯვა ართობს...

            ---------------------------

 შენ ჩემი სულის ტიხრებისგან აგამინანქრე,

 ერთსა გთხოვ მხოლოდ, როცა გძინავს, მაშინ მინატრე.

                 ---------------------------

 რითი მოვკვდები, სიყვარულში უსიყვარულოდ,

თუ უსიყვარულოდ სიყვარულში, საკითხავია!

                   ------------------------------------

ცის მინანქარში გადაკარგულნი,

მაინც მათბობენ შენი თვალები.

                          --------------------

 შენი ტუჩები როცა ტკბილად რამეს მეტყვიან.

შიგ ჩაატევენ სიყვარულს და დიად სამყაროს,

მივხვდები, მხოლოდ მე ვარ შენი ნაზი ფერია,

საუკუნეებს გინდა ფრთებით გადამატარო.

      ---------------------------------------



 



No comments:

Post a Comment