Friday, June 17, 2022

ვისაც გიყვარვართ (სატრფიალო)

ვისაც გიყვარვართ და გეყვარებით, 
ანდა გიყვარდით ერთ დროს ძალიან,
ვერ ამიყვავეთ ოლეანდრები,
ბედმა ეკლიან ვარდად მაქცია.
და ამ ცხოვრების ტანჯვის ტაფობზე
ქარი მიბერავს ავი, ხორშაკი,
,,მიყვარხარ" მაშინ რაზედ ამბობენ,
თუ კი ბუმბულის არ აქვს წონაც კი.
თუ კი არასდროს გამანებივრეთ,
წინ არ მედექით ნათლის სვეტებად,
გზებს არ მიშლიდით თვალწინ განიერს,
მე კი ბილიკიც ჩემი მებევრა.
სანათასავით ვლოცავდი ადგილს,
თამარ დედოფალს იქ რომ ელოცა,
ვერ დაინახეთ თქვენ მისი მადლი,
ერთურთი მშვილდით უნდა გეხოცათ.
დაგინთოთ ხარის რქებზე ალები,
ცეცხლი მოედო ველს და კალოებს,
შემორჩენია მისი თვალები,
დაცლილ ხევსა და სასაფლაოებს.
განა გიყვარდით?! იქმნიდით მირაჟს,
აწ შემოდგომის მიდგას რიჟრაჟი,
ბოლო ფურცელიც იმ ავ ქარს მიაქვს,
ლექსად რომ ვწერე განცდა წინა დღის.
დაატყდათ ტოტი ალუბლის ბაღებს,
რომ შესცქეროდნენ მზეს კაბადონზე,
ახლა კლდეებში მოვუსმენ ღალღებს,
და ვეღარაფრით ვერ გამაოცებთ.
თუმცა იმედი ხომ კვდება ბოლოს,
იმ ბევრში იქნებ ერთი მიყვარდით,
აღარ ვარ უკვე ,,პატარა გოგო",
მაგრამ ის გრძნობა დამრჩა დიადი.
სულში ჩაცვენილ წითელ ამარტებს,
შენ გჩუქნი, თუმცა არის გვიანი,
გადავაგორებ ბედის კამათელს,
ყვავი დამჩხავის, ,,დაჯდა იაქი".














No comments:

Post a Comment