Friday, June 3, 2022

ზოგი ჭირი მარგებელია, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ,,ზოგი ჭირი მარგებელია"

1.მამულის მიწავ, დამეფინე
კვლავ ფიანდაზად...
დედავ,ძვირფასო! ,,უძღებ შვილზე"
არ დაგცდეს ძვირი,
მეთავისება ხალხის სიბრძნე,
თქმული ანდაზად:
რომ ,,მარგებელი არის თურმე
ხანდახან ჭირი!"
2.კარგა ხანია, უცხო ზეცის
მხურავს საბანი,
დაგაბიჯე და... ა ნ თ ე ო ს ი ს
მომეცა ძალა,
არ დავივიწყე შენი ენა,
შენი ანბანი
და გულზე ლოდი დამსუბუქდა
ისე, ვით ჩალა.
3.ბევრჯერ დავუსხლტი ბედისწერით
მოვარდნილ ზვავებს,
ნურვინ იფიქრებს, შევიცვალე და
ვიღაც სხვა ვარ...
უბრად ვეწვიე დედისა და
მამის საფლავებს
და მათ წინაშე დატუქსული
ბავშვივით ვდგავარ.
4.ნამდვილ სიყვარულს განშორება
ვერ აფერმკრთალებს
და მონატრება, ამ სიყვარულს
გულზე მიქარგავს...
არ ვეპუები უზნეობის ბოროტ
გრიგალებს,
არც ქართველობა,არც ღირსება,
არ დამიკარგავს !
ელგუჯა ციგროშვილი.
თბილისი. 28.11.2017 წელი.

No comments:

Post a Comment