Friday, June 17, 2022
ჭინკების დღე (საბავშვო მოთხრობა)
ერთ დიდ ქალაქში ბიჭი ცხოვრობდა, მშობლების გამგონე და მუყაითი. სკოლას წარმატებით რომ დაამთავრებდა, მერე ბებიასთან მიდიოდა ხოლმე სოფელში დასასვენებლად, აბა, ქალაქში სასუნთქი ჰაერი ჭირდა, ბუღით ივსებოდა ქუჩები, ტემპერატურაც, ნუ მკითხავთ და 40 გრადუსამდე ადიოდა. ჩაისუნთქავდა ბიჭი სოფლის მაცოცხლებელ ჰაერს, ფილტვებს დაბერავდა და სიამოვნებით იტყოდა, " რა ჯობია სოფელსო".უხაროდა ბებიას ბიჭის სტუმრობა, ყველაფერს აკეთებდა, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, რომ ბიჭუნა, დუტა დავარქვათ, კმაყოფილი დარჩენილიყო. იმ საჭმელს მოუმზადებდა, რაც მას უყვარდა. სოფლის ერთადერთ მაღაზიაშიც მარტო გაუშვებდა, დამოუკიდებლობას შეეჩვიეო, ბიჭსაც მეტი რა უნდოდა, გზადაგზა ათვალიერებდა გარშემო ველ-მინდვრებს, ტყეებს, მეზობლების სახლებს, ბევრგან აღარავინ ცხოვრობდა, ზაფხულობითაც კი აღარ ჩამოდიოდნენ, არადა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მხიარული აურზაური იდგა ამ სახლებში. გაჩუმებული ეზოები სევდას ჰგვრიდა ბიჭს. მისი სახლის შორიახლოს მთა იდგა, საღამოობით აივანზე დამჯდარი ბიჭუნა მთას გასცქეროდა, მასზე შეფენილ წიწვოვან ხეებსა თუ ფოთლოვანს მადლს სწირავდა, რომ ჟანგბადით ამარაგებდნენ ახლომახლო სოფლებს და ფიქრობდა, ჩემს ქალაქსაც არტყია მთები, მაგრამ შიშველ-ტიტველი, ხეები ხომ არ დაგვერგო, რომ ჩვენმა ქალაქმაც ამოისუნთქოსო. ბებიას ძალიან უყვარდა შვილიშვილისთვის წინდების ქსოვა, დაჯდებოდა ეზოში კაკლის ძირში და ქსოვდა და ქსოვდა, ზამთარში ფეხი არ გაუცივდესო. მერე მოქსოვილ წინდებს, სააღდგომო სუფრასავით მორთულებს და მოკაზმულებს, ჯვრის მადლით გამთბარებს ეზოში თოკზე გაკიდებდა სოფლის ჰაერით გაიჟღინთოს და მზემ დახედოს, აღარ დასუსხავს მატყლის ძაფიო. საღამოობით დუტას დავალებული ჰქონდა წინდები სახლში შეეეტანა, თორემ ღამით ჭინკები მოიპარავენო. - ეუბნებოდა ბებია. უკვირდა ბიჭს, რას ამბობს ეს ქალი, ოცდამეერთე საუკუნეში რა ჭინკა, რის ჭინკაო. ერთ დღეს მართლაც შემთხვევით დარჩა წინდები გარეთ, მეორე დღეს აღარ დახვდა. გაოცდა ბიჭი, ბებიასგანაც სასტიკი საყვედურიც მიიღო. ეს რა მომივიდაო, ფიქრობდა. სოფლის ბავშვებს უთხრა თავისი გასაჭირი. ნუთუ ეგ ამბავი არ იცოდი, ჭინკები რომ იპარავენ წინდებსო, უთხრეს ბავშვებმა. ამ განმარტებამ დიდად ვერ დაამშვიდა ბიჭუნა. იმ დღეს, როცა ბებიამ წინდების მორიგი პარტია გაკიდა გარეთ, მერე მეათასეჯერ შეახსენა, წინდები ისევ გარეთ არ დაგრჩესო, დუტამ დაყარაულება გადაწყვიტა, ჭინკა ჩემი თვალით უნდა ვნახოო. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ეზოში გაფაჩუნებაც კი ესმოდა, ნაშუაღამევს გარეთ გამოვიდა, საშინლად ბნელოდა, სახლის კუთხესთან თუთის ხე იდგა, იმის უკან დაიმალა, თვალებს აცეცებდა, არაფერი გამომეპაროსო. კარგა ხნის შემდეგ, მამლებმა რომ იყივლეს, ბიჭი გამოჩნდა, ის იყო წინდა უნდა ჩამოეხსნა თოკიდან, დუტა ხელში ეცა, უნდა ეყვირა, ჭინკა დავიჭირეო, რომ უცნობმა ხელი გააშვებინა, "სუო", ტუჩზე თითის მიტანით უთხრა და სალაპარაკოდ ეზოს გარეთ მიიპატიჟა. დუტას თავიდან შეეშინდა, ჭინკას სად უნდა გავყვეო, მაგრამ მაინც სიმამაცე გამოიჩინა და გაჰყვა. დიდხანს იარეს სიბნელეში მთის ციცაბოებზე, ერთ პატარა სახლს მიადგნენ. უცნობმა დუტა სახლში შეიყვანა. გარეთ უკვე გათენებულიყო, სახლის კუთხე-კუნჭული კარგად გამოჩნდა, სიღარიბე ეცა ბიჭს თვალებში, ყველა ოთახში ბავშვებს ეძინათ, აქა-იქ, სკამებზე ძონძები იყო გადაფენილი. უცნობმა როგორც იქნა, ამოიღო ხმა, - ამათთვის მინდოდა ის წინდებიო, - ჩურჩულით უთხრა ბიჭს, ბავშვები რომ არ გაეღვიძებინა და იქვე სკამზე ჩამოჯდა, უფროსი ძმა ვარო ამათი. მშობლები დაგვეღუპა, ბებია კი უსინათლოა, ძალიან გვიჭირსო. გული დაეთუთქა დუტას. ბიჭს ერთი ხელი მხარზე დაადო თანგრძნობის ნიშნად, მეორეთი - ხელი ჩამოართვა და პირობა მისცა, დაგეხმარებიო. მას მერე დუტა თავის მეგობრებთან ერთად ხშირად ადის ხოლმე მთის პატარა სახლში სურსათ-სანოვაგით დატვირთული, ბებია სპეციალურად ამზადებს საჭმელს, ხოლო წინდებს, იმ სოფლის ბებიები ქსოვენ და ქსოვენ, მერე ჭინკების დღეს, ზაფხულის ერთი დღე დათქვეს, სოფლის ყველა ეზო ლამაზი წინდებით აჭრელდება, რომ ვისაც ფეხზე არ აცვია და სცივა, იმათ შეხვდეთ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment