Friday, June 10, 2022

საშკო (ნოველა, უკრაინის თემა)

                               საშკო

     საშკო პატარა ბიჭია, დედა ყავს, მამა და კატა მარუსია. ის და კატა მეგობრები არიან. ღამით ერთად სძინავთ ხოლმე, ფეხებთან მიუწვება, ზამთარში ფეხებს უთბობს, როცა დედა ღუმელს გამორთავს, ზაფხულში კი არ სიამოვნებს ამდენი სითბო, ცხელა ძალიან, მაგრამ მიეჩვია, აბა ხომ არ გააგდებს მეგობარს. გუშინ ღამით კი საოცარი ამბავი დატრიალდა, გარეთ ისეთი ელვა და ჭექა-ქუხილი დადგა... გაუკვირდა საშკოს. დედასთან მივიდა, რა ხდებაო, დედა შეშინებული ჩანდა, მერე მამასთან მიირბინა, ისიც გაკვირვებული უყურებდა ცას, იყვირა, საიდანღღაც ისვრიანო. სახლმაც უცნაურად დაიწყო ზანზარი, გვერდზე გადაიწია, თითქოს დამიზნებული ტყვიის აცდენა სურდა. საშკო კატის საძებნელად გაეშურა, არსად ჩანდა. დედა ეძახდა სარდაფში ჩავიდეთო, მაგრამ კატის გარეშე არსად წავა, მარუსია უნდა მოძებნოს. ეძებს მარუსიას, სახლი კი ირყევა, ჯაყჯაყებს, ზანზარებს შუშები, გარეთ გაიხედა, ხეებიც მოძრაობენ ბიჭის გასაკვირად, ცაზე წითელი ელვები კრთება, თითქოს ათასი შაშხანა ისროლესო, მამას ხანდახან სანადიროდ მიჰყავს ხოლმე და თოფი რომ გავარდება, ასეთი ხმა ისმის, ასე გაიელვებს ხოლმე სინათლე, თუ ღამეა და მერე სადღაც შორეთში ქრება. მაგრამ ახლა აქვე სადღაც ახლოს ისვრიან, თანაც თოფებს კია არა, რაღაცა დიდს, ხვდება ბიჭი. სახლიდან იპარება, მარუსიას გარეთ ეზოში ეძებს, კატა მაინც არსად ჩანს. ჭაობებისკენ გარბის ბიჭი, ჭაობების ყველაზე ძალიან ეშინია, დედა ამბობს, შიგნით თუ ფეხი დაგიცდა, ჩაგნთქავს, ვეღარ გამოხვალ იქიდანო. ნერვიულობს, ჩემი კატა ხომ არ ჩაითრია ჭაობმაო. გარბის, გარეთ კი ჭიაკოკონები ანთია, საშინელი დიდი ლოდები ცვივა გარშემო, საშკო კი გარბის, არაფრის ეშინია, კატა უნდა გადაარჩინოს. მიდის ტორფის ჭაობთან, ახლა იქ ეძებს კატას, ახლა იქ ათვალიერებს ყველაფერს, აქეთ ხომ არ გამოიქცაო მეგობარი. ბიჭს რაღაცა ხვდება, გონებას კარგავს და გრძნობს, როგორ იძირება ბურუსში. არ ახსოვს, რამდენი ხანი გავიდა, თვალი რომ გაახილა, დედა დაინახა და მთვარე, ახალგაზრდა მთვარე ჩასცქერის თვალებში, დედა ხელებს ურტყამს სახეზე,მის მოსულიერებას ცდილობს, სახლშია შენი მარუსია, ეძახის, შვილს დასისხლიანებულ სახეს უწმინდს და ტირის. მერე მამაც გამოჩნდა, ხელში აიყვანა ბიჭუნა და სამივენი გარბიან, სარდაფში მარუსია ელოდებათ, საშკო კატას იხუტებს გულში და ფიქრობს, როდის დამთავრდება ეს საშინელება, ნეტავ, ამას თუ ჰქვიაო ომი?!  რა ცუდი ყოფილა ... ოღონდ ახლა ყველაფერი დამთავრდეს და

,, ომობანას "არასდროს აღარ ითამაშებს!

10.05.2022წელი


No comments:

Post a Comment