უბრალო ფანქარი
ნიკო წელს პირველად წავიდა სკოლაში და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უკვე დიდი ბიჭი ვარო, ამაყად გამოაცხადა სახლში. ანბანის სწავლა დაიწყო და თან ყველა ასოსთვის სურათებსაც სიხარულით ხატავდა, გაავსო სახატავი ფურცლები ნაირ-ნაირი ნახატებით, იაც დახატა, თივის ზვინიც, თხაც, მზეც, მართალია ისეთი ვერ იყო, მხატვრის დახატული რომ არის, მაგრამ არა უშავდათ. ფერადი ფანქრები ძალიან მოსწონდა და საოცრად უფრთხილდებოდა. ისინიც გათამამებულნი ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ, არა მე გჯობივარ და არა მეო, ცისფერი ფანქარი თავს იწონებდა, ჩემს გარეშე ნიკო ვერც ზღვას დახატავს და ვერც ცასო, ყვითელი ამბობდა, ქვეყნიერება იმიტომ არსებობს, რომ მზე არის და მის გარეშე სიცოცხლე არ იქნებოდა დედამიწაზეო, წითელი ხომ ტოლს არავის უდებდა, გაჰკიოდა, ცხოვრება რა იქნებოდა წითელი ბურთის და წითელი ვარდების გარეშეო, მხოლოდ უბრალო ფანქარი არ იღებდა ხმას, რომელიც ფერადი ფანქრების ყუთშიც კი არ იდო, იმიტომ რომ ცალკე იყიდეს, ნიკო ჩანთიდანაც კი არ იღებდა, რაში მჭირდებაო. მაგრამ ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა ბავშვებს უთხრა, უბრალო ფანქარი და საშლელი ამოიღეთო. გაუკვირდა ბიჭს, ნეტავ, რისთვისო. ამოიღო და მერხზე დააწყო ორივე. გამოცოცხლდა უბრალო ფანქარი, იქნებ, მეც მომეცეს საქმეო. მასწავლებელმა ბავშვებს რვეულში სწორი ხაზის გავლება დაავალა, ვერ გაავლეს, ნიკოს გავლებული ხაზი საოცრად დაკლაკნილი გამოვიდა, წაშალეთ და ახლიდან გაავლეთო, ისევ ვერ გაავლო სწორი ხაზი ბიჭმა, ახლა სახაზავი მოიშველიეთო, უთხრა მასწავლებელმა, სახაზავიც ამოიღო ჩანთიდან, უცებ გაავლო ნიკომ სახაზავის დახმარებით სწორი ხაზი, აი, სახაზავი რაში გვჭირდებაო, დაადგინა ნიკომ, სწორი ხაზების გასავლებადო, ახლა მაგიდა და სკამები დახატეთო, სულ წვალებ-წვალებით დახატა, ხან სახაზავი ეჭირა ხელში, ხან საშლელი და ხან ფანქარი, მაგრამ ისეთი ლამაზი მაგიდა და სკამები დახატა, თვითონაც გაუკვირდა, ახლა სახლი დახატეთო, უთხრა მასწავლებელმა, კმაყოფილი წამოვიდა ბიჭი სკოლიდან, ისე მოეწონა სახლების ხატვა, მამას უთხრა, არქიტექტორი უნდა გამოვიდეო. მას მერე სულ უბრალო ფანქარი უჭირავს ხელში, საშლელი და სახაზავი, ფერადმა ფანქრებმაც ხმა ჩაიკმინდეს და ზევიდან აღარ დასცქერიან უბრალო ფანქარს, ეს ჩვენზე საჭირო ყოფილაო. თუმცა ნიკოს არც ფერადი ფანქრები ავიწყდება და ხან ცისფერ ზღვას ხატავს, ხან ოქროსფერ მზეს და ხანაც მწვანე ბალახს. ფანქრებიც კმაყოფილები არიან ყველანი ერთად, საჭირონი ვყოფილვართო.
No comments:
Post a Comment