Saturday, July 13, 2019
ფრანგული სუნამო (მოთხრობა)
სხივჩამდგარ თვალებში სიყვარული უციმციმებდა, ანათებდა, გარშემო შუქს აფენდა, სახლისკენ მიიჩქაროდა, ჩანთაში ძვირფასი საჩუქარი ედო, შეყვარებული ჭაბუკისგან მორთმეული ფრანგული სუნამო, მისი შოვნა ხომ ძალიან რთული იყო, ნაცნობობით თუ ჩაიგდებდი ხელში დახლის ქვევიდან ან მოსკოვიდან უნდა ჩამოგეტანინებინა ვინმესთვის, "კლიმა", ერქვა. რამდენი ხანია ოცნებობდა ამაზე, ოჰ, როგორ შეაშურებს თავის მეგობრებს? სიამოვნებით იფშვნეტდა თითებს, სუნამოს სურნელსაც კი გრძნობდა. არ უნდოდა აღება, მაგრამ სულიკომ იმდენი ეხვეწა და ემუდარა, ბოლოს მაინც მიიღო საჩუქარი. მისი დაბადების დღე იყო, სახლშიც ელოდებოდნენ მშობლები და ნათესავები. მტკვარს გადახედა, სანაპიროს მიუყვებოდა, შავად მოჰქუხდა მდინარე, გაზაფხულის პირი იყო, პალტოს საყელო აიწია, შეამცივნა თითქოს. გვერდზე ვიღაცა დალანდა, გაოცებულმა გახედა, ახალგაზრდა კაცი მოყვებოდა, სახეზე დააკვირდა, ვერ იცნო, რა გნებავთო, ჰკითხა, იმან ხმა არ გასცა, მაგრად ჩასჭიდა ხელზე ხელი, ჩანთა მომეცი, სხვა არაფერი მინდა შენგანო. თითქმის ჩურჩულით უთხრა. ხომ არ მომეყურაო, გაუკვირდა გოგონას და უფრო მაგრად ჩაეჭიდა ჩანთას, არც უფიქრია მიცემა, გაბედული იყო, ფულს არ ჩიოდა, შეყვარებულის ნაჩუქარი სუნამოს დაკარგვა არ უნდოდა, დაეჭიდა კაცი ჩანთას, გაუძალიანდა გოგონა, არც მან გაუშვა ხელი, უცებ ფერდში ტკივილი იგრძნო, მოიღვენთა, ძაღლის ყეფამ გამოაფხიზლა, თავზე დასდგომოდა და სახეს ულოკავდა, თვალებში ჩასცქეროდა, წკმუტუნებდა, თავისი დაკარგული ძაღლი იცნო, საიდან გაჩნდაო, ორ თვეზე მეტი იყო, არ ენახა, ძლივ-ძლიობით წამოდგა ფეხზე, ახლაღა მიხვდა რომ დაჭრილი იყო, სისხლი ჟონავდა პალტოდან. გზაზე გამოვიდა, ჯუნა, ასე ერქვა ძაღლს, გვერდზე მიყვებოდა, თითქოს ამხნევებდა. პირველივე შემხვედრ მანქანას დაუქნია ხელი, გაუჩერეს, ისევ გონება დაკარგა. საავადმყოფოში გაახილა თვალი. მანქანის მძღოლი თავზე ედგა, როგორ ხარო, ეკითხებოდა, პასუხის ნაცვლად ძაღლი მოიკითხა, სად წავიდაო, კაცმა თავი გადააქნია, არ დამინახავსო, ალბათ, მომეჩვენა, გაუელვა თავში, აღარაფერი უთქვამს. ძაღლი კი, ალბათ, კმაყოფილი დასეირნობს მოჩვენებათა სამყაროში, უხარია, პატრონი რომ გადაარჩინა. ფრანგულ სუნამოს კი სულიკო აუცილებლად კიდევ მიართმევს გოგონას, ამ ამბავს რომ გაიგებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment