Monday, July 22, 2019
უცნაური სტუმარი (მოთხრობა)
ნატა და გიორგი დიდი ხნის დაქორწინებულნი არ იყვნენ, რომ მათ ურთიერთობაში რაღაც უცნაურობა გამოჩნდა: ახალგაზრდა მამაკაცი ყოველ ღამე სკაიპში ესაუბრებოდა მეგობარ გოგონას, თავის კლასელს, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა და მასთან ლაპარაკს არაფერი ერჩივნა. ნინო იმ სოფელში ცხოვრობდა, სადაც გიორგი გაიზარდა, მოაყოლებდა ამ მთისას და იმ ბარისას, თავისი სახლ-კარის ამბავსაც გამოჰკითხავდა, უპატრონოდ რომ ჰქონდა მიტოვებული, რადგან მშობლები დიდი ხანია უცხოეთში წასულიყვნენ სამუშაოდ, თვითონ კი ვერ იცლიდა იქ ჩასასვლელად, ბანკში მუშაობდა და არაქათგამოცლილს იქითკენ გახედვაც აღარ უნდოდა. ერთ დღესაც ნინომ გამოუცხადა, შენს ეზოში უცნაური ხე ამოვიდა, ხელებივით გაუწვდიაო ტოტები, თითქოს რაღაცას ითხოვსო. გიორგიმ ხის სანახავად წასვლა გადაწყვიტა, ნატაც გაჰყვა, მარტო არ გაუშვა მეუღლე. ჩავიდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სოფელში, გიორგიმ გადახედა მამულს, ბალახს გადაევლო ეზოსთვის, მაგრამ შუაში მართლაც იდგა საოცარი ხე, ხელებგაწვდილი მათხოვარივით. გული ეტკინა ახალგაზრდა კაცს, ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ამბავიო, პირჯვარი გადაიწერა, ქვედა ტოტები შეხმობოდა ხეს, მოაჭრა ის ორი ტოტი, ხედავს სისხლივით წითელი სითხე დაედინა, თითქოს ადამიანი ყოფილიყო, მეორე დღეს საშინელი ამბავი მოუვიდა უცხოეთიდან, დედ-მამა ავტოკატასტროფაში დაღუპულიყო, ვიღას ეცალა ხისთვის, სულ გადაავიწყდათ. მშობლები დაკრძალა, ერთ დღეს ეზოში რომ შევიდა, ისევ იმ ხემ მიიქცია მისი ყურადღება, წითელი ყვავილი გამოსვლოდა, ძალიან ლამაზი, ნატას დაუძახა, შეხედე, რა ლამაზი წითელი ყვავილი გამოუღიაო, ცოლმა ყვავილის დანახვაზე მიახარა, ფეხმძიმედ ვარ, ბავშვს ველოდებიო, გოგონა ეყოლათ, ახლა უფრო ხშირად უწევდათ სოფელში ჩასვლა, ბავშვს ჰაერი სჭირდებოდა, გაიფურჩქნა უცნარი ხე, სტუმარი დაარქვა მეზობელმა ნინომ, რომელიც არცთუ იშვიათად შემოორბენდათ ხოლმე, ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდა ახალგაზრდა მშობლებს. ისევ შეახმა ტოტი უცნაურ ხეს, პაპა გარდაეცვალა გიორგის, მეორე შეახმა, ბებია. საშინლად იდარდა, ეს ხე უნდა მოვჭრა, კარგს არაფერს წინასწარმეტყველებსო, ატირდა გიორგის პატარა თეკლა-გოგო, ძალიან მიყვარს, ნუ მოჭრიო, წამოიზარდა და მისი მშობლებიც უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ, ქვეყანაში შიმშილობა იდგა, პურის ფულიც აღარ იშოვებოდა. ნინოს დაუტოვეს ბავშვი, მაინც მოჩვეულია შენთანო. ნელ-ნელა ისევ ახმებოდა ტოტები უცნაურ ხეს, კვირტი კი იშვიათად გამოსდიოდა, უკვირს ნინოს, ნეტავ, ბავშვის მშობლებს არაფერი დაემართოთო. ამშვიდებდა თეკლა, გავიზრდები და ნახავ, სულ გაიკვირტებაო ხე, წითელი ყვავილებით დაიხუნძლებაო, ნინოც იმედს არ კარგავს, შეჰხარის თეკლა-გოგოს, ელოდება მის გაზრდას, ის მაინც იმრავლებს და იხარებსო ამ მიწაზე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment